Gizmo არის ახალი მობილური აპლიკაცია, რომელიც ინტერაქციული მედიის შექმნის განსხვავებულ გზას სთავაზობს მომხმარებლებს. სტარტაპ Atma Sciences-ის მიერ შექმნილი აპი საშუალებას აძლევს ნებისმიერ ადამიანს, ტექსტის, ფოტოსა და ხმის გამოყენებით შექმნას პატარა, ინტერაქციული გამოცდილებები, რომლებიც ვერტიკალურ ფიდში ჩნდება TikTok-ის ან Reels-ის მსგავსად. მთავარი განსხვავება ისაა, რომ Gizmo-ში კონტენტს უბრალოდ არ უყურებ, არამედ თამაშობ.
Gizmo მინიაპლიკაციებია, რომელთა შექმნაც შესაძლებელია ეკრანზე დაჭერით, ხელის გასმითა და სხვა ჟესტებით. ეს არ არის მხოლოდ თამაშები, ისინი უფრო ციფრულ „სათამაშოებს“ ჰგავს და შეიძლება მოიცავდეს პაზლებს, მიმებს, ინტერაქციულ ხელოვნებას, ანიმაციას და სხვა კრეატიულ ფორმატებს.
აპის ფიდი ქმნის თამაშის მსგავს გამოცდილებას, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ მოიწონონ, დააკომენტარონ და სურვილის შემთხვევაში უკვე არსებული Gizmo-ების „რემიქსიც“ გააკეთონ, ანუ შეცვალონ და საკუთარი ვერსია შექმნან.
ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ისაა, რომ Gizmo-ს გამოყენებისთვის პროგრამირების ცოდნა საერთოდ არ არის საჭირო. მომხმარებელი უბრალოდ წერს იდეას ტექსტურად, ბუნებრივი ენით, ხოლო აპში ინტეგრირებული AI ტექნოლოგია ავტომატურად ქმნის საჭირო კოდს და გარდაქმნის ამ იდეას ინტერაქციულ გამოცდილებად. ამავე პროცესში სისტემა ვიზუალურად „ხატავს“ აპს, რათა სწორად იმუშაოს და შეუფერხებლად გაეშვას. უსაფრთხოების მიზნით, კონტენტი გადის როგორც AI, ისე ადამიანური მოდერაციის ეტაპებს.
Gizmo ნიუ-იორკში დაფუძნებული სტარტაპის, Atma Sciences-ის პროდუქტია. კომპანია დააარსეს Rudd Fawcett-მა და Brandon Francis-მა, 2025 წელს სტარტაპმა $5.49 მილიონი დოლარის seed ინვესტიცია მოიზიდა.
მიუხედავად იმისა, რომ აპლიკაცია შედარებით ახალია, Gizmo-ს ფიდი ერთფეროვანი არ არის. ის სავსეა კრეატიული მინიაპებით და ქმნის გამოცდილებას, რომელიც ჰგავს TikTok-ისა და ინტერაქციული სივრცეების დიზაინის პლატფორმას. უბრალოდ, Gizmo ყველაფერს მარტივ, ტექსტურ პრომპტებზე აგებს, ამიტომ მისი გამოყენება მაქსიმალურად მარტივია: მომხმარებელი წერს იდეას, აკვირდება შედეგს და საჭიროების შემთხვევაში არედაქტირებს. შექმნილი Gizmo შეიძლება გამოქვეყნდეს აპის ფიდში, გაუგზავნო მეგობარს ან გააზიარო სოციალურ მედიაში უნიკალური ბმულის მეშვეობით.
Gizmo-ს ხედვაა, შექმნას სამყარო, სადაც ადამიანები აპებს ქმნიან არა მხოლოდ პრაქტიკული მიზნებისთვის, არამედ კრეატიულობისა და გართობისთვის.












