ალცჰაიმერის დაავადების გამოწვევასთან ასოცირებულმა ცილამ – ტაუ, შეიძლება აუტისტური სპექტრის აშლილობის მთავარი სიმპტომების პრევენციაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს. აღნიშნულის შესახებ მეცნიერები, 2 მარტს, ჟურნალ Neuron-ში გამოქყნებულ კვლევაში საუბრობენ. ექსპერიმენტი თაგვებზე ჩაატარეს. კვლევის შედეგად ცხადი გახდა, რომ ცილის გენეტიკურმა შემცირებამ აუტისტური სპექტრის აშლილობის სიმპტომების მქონე თაგვებში, ტვინის ფუნქციის პათოლოგია შეამსუბუქა. კვლევამ აჩვენა, რომ ტაუ ცილების შემცირებამ შეაჩერა ASD-ს (აუტისტური სპექტრის აშლილობის) რამდენიმე სიმპტომი, მათ შორის კრუნჩხვა, რომელიც ASD-ს მქონე ადამიანების 30%-ში გვხვდება. „ტაუ ცილების 50%-ით შემცირებას საკმაოდ ეფექტურად შეუძლია აუტიზმის მთავარი სიმპტომების პრევენცია“, – ამბობს ლენარტ მუკე, ნეირომეცნიერი და კვლევის თანაავტორი.
კვლევის ავტორები გლადსტონის ინსტიტუტიდან ამბობენ, ამ ტიპის თერაპიას აქვს პოტენციალი იქცეს პირველ დაავადებით მოდიფიცირებულ მკურნალობის სახედ, აუტისტური სპექტრის აშლილობასთან დაკავშირებული კოგნიტური პრობლემებისა თუ ასოცირებული ეპილეფსიის რისკების შემცირების კუთხით. უფრო მოკლედ კი, „ჩვენი აღმოჩენის მიხედვით, ტაუს შემცირებაში მოიაზრება პოტენციალი, ეს მეთოდი იქცეს ASD-ს რამდენიმე ფორმის მკურნალობის გზად“.
აქამდე ცნობილი იყო, რომ ტაუ ცილების სტრუქტურაში მიმდინარე გარკვეული დარღვევები ალცჰაიმერის განვითარებასთან კავშირდებოდა. თუმცა, როგორც მეცნიერები ამბობენ, აქამდე არასდროს დაუკავშირებიათ ტვინში არსებული ტაუ ცილების დონე აუტისტური სპექტრის აშლილობასთან.
რაც შეეხება მოლეკულურ მექანიზმს, ტაუს ცილას მნიშვნელოვანი როლი აქვს ტვინის უჯრედების კავშირის სტაბილიზაციაში. როგორც უკვე ამბობენ, ეს არის „მოლეკულური მუხრუჭი“, რომელიც თამაშობს მნიშვნელოვან როლს აუტიზმთან დაკავშირებული მოლეკულური ცვლილებების ბალანსირებაშიც. ტაუს შემცირება, ASD-ს პირობებში, საშუალებას აძლევს ფერმენტ PTEN-ს ტვინს შედარებით სტაბილურ ფუნქციონირებაში დაეხმაროს.

კვლევის შედეგებს თუ გავითვალისწინებთ, რა კავშირი შეიძლება იყოს ალცჰაიმერსა და აუტისტური სპექტრის აშლილობას შორის? ლენარტ მუკე, Technology Networks-თან ამბობს, რომ ამ კავშირზე საუბრისას მესამე მოთამაშეზე – შუალედურ ნეირონებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. ეს უჯრედები ჩვენს სენსორულ ნეირონებსა და ტვინს შორის არიან, მათი გაუმართაობა კი შეიმჩნევა ორივე შემთხვევაში (ალცჰაიმერი, ASD). შესაბამისად, მუკეს აზრით, ორივე მდგომარეობა ერთი ფესვიდან მოდის, თუმცა სხვადასხვაგვარად ვლინდება.
კვლევამ ბევრი კითხვა გააჩინა, მათ შორის, საინტერესოა, ტაუს შემცირება, დროთა განმავლობაში, ხომ არ გამოიწვევს ASD-ს სიმპტომების შებრუნებას? სხვა მხრივ, კვლევის შედეგები თაგვის ტვინზე ჩატარებულ ცდებს ეყრდნობა და უფრო დამაჯერებელი საუბრისთვის, საჭიროა ამავე „მკურნალობის მეთოდის“ ადამიანზე გამოცდა. რასაც არ ვიცით, როდის უნდა ველოდოთ. რადგან ტაუს შემცირების ნეიროთერაპიული პოტენციალი და რისკები ჯერ კიდევ შესასწავლი და დასადასტურებელია.
აღსანიშნავია, რომ აუტისტური სპექტრის აშლილობის სხვადასხვა ფორმას შეუძლია მინიმალური გავლენა ჰქონდეს ადამიანის ფუნქციონირებაზე, თუმცა, ზოგ შემთხვევაში, აშლილობის ზოგი ტიპი იწვევს მნიშვნელოვან ინტელექტუალურ პრობლემებს. ხანდახან, მას შეიძლება თან სდევდეს რიგი სიმპტომები, როგორიცაა შფოთვა, ეპილეფსია, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი (ADHD). აღნიშნული კვლევის ფარგლებში, მეცნიერები აშლილობის მქონე იმ პაციენტების მდგომარეობის გაუმჯობესებაზე არიან ორიენტირებულები, რომლებისთვისაც ASD-ს ქონა მნიშვნელოვან დისკომფორტს უკავშირდება.