ხელოვნურმა ინტელექტმა მარკეტინგის სფეროში თამამი განაცხადებით რომ შეაბიჯა, ამაში არაერთხელ დავრწმუნდით. კონკრეტულ მაგალითებს შორის მოხვდა მოდის ჟურნალი Glamour Bulgaria-ც, რომელმაც გარეკანის დიზაინისთვის სწორედ AI სისტემას მიმართა.
New York Post-ის ცნობით, მთელი სამუშაო პროცესი დაახლოებით 20 წუთში შესრულდა — სტანდარტულად, ალგორითმებს მიაწოდეს მოდელის (ლიზა ოპის) 50-მდე ფოტო, რომელიც დომინანტური ფიგურა უნდა ყოფილიყო ვიზუალში; ასევე, მისცეს კონკრეტული მითითებები, რათა საერთო კომპოზიცია ბარბის განწყობით ყოფილიყო გაჟღენთილი და ყველაფერი ვარდისფერს მოეცვა.
მართალია, ხელოვნურად გენერირებული ფოტოების დათვალიერებისას ზოგიერთ გამოსახულებას გარკვეული ხარვეზები ჰქონდა, მაგრამ საბოლოო შედეგი მაინც სრულყოფილი სახით მიიღეს. თან მოდელიც აღნიშნავდა, რომ მთელი პროცესი, სახალისოსთან ერთად, საოცრად მარტივი იყო: „არ მიწევდა კამერებთან დიდხანს მუშაობა, კონკრეტული ხასიათის დაჭერა და ამაზე საათების დახარჯვა… არც სამოსის მორგება/გამოცვლა და არც ფონების შეცვლა გამხდარა საჭირო. თან ხელოვნურმა ინტელექტმა იმაზე კარგად დაიჭირა ჩემი ვიზუალი, ვიდრე ზოგიერთი ფოტოსესიისას ხდება“.