მიუხედავად ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პროგრამების პოპულარობის ზრდისა, ყველა არ მიესალმება იმ რეალობას, რომელსაც ამგვარი ინოვაცია გვთავაზობს. ამ უკანასკნელთა რიცხვს განეკუთვნებიან ხელოვანები, რადგან AI მათ ნამუშევრებს ყოველგვარი თანხმობის გარეშე ითვისებს გასავითარებლად და ახალი კონტენტის შესაქმნელად. მსგავსი ფაქტებისგან თავის ასარიდებლად, ჩიკაგოს უნივერსიტეტის მკვლევრებმა ხალი ხელსაწყო შექმნეს, სახელწოდებით Glaze — ამ უკანასკნელს ნახატებში მცირე ცვლილებები შეაქვს, მათი „შემოსვის“ მიზნით.
მეცნიერების თქმით, იდეა 2020 წელს შექმნილ ალგორითმს უკავშირდება, რომელიც ფოტოებზე ერთგვარი დამცავი ფენის მოთავსებას გულისხმობდა. ჩიკაგოს უნივერსიტეტის მკვლევრებმა კი გადაწყვიტეს, ხელსაწყო მხატვრების საავტორო უფლებების დასაცავად გამოეყენებინათ, თანაც კვლევისას დაადგინეს, რომ პრობლემა ათასობით ხელოვანს აწუხებს. უფრო კონკრეტულად რომ ავხსნათ, მოდელი ერთსა და იმავე სურათს რამდენიმე სტილში გარდაქმნის, რათა გენერატორები დააბნიოს, კონტენტი კი შესამჩნევად არ იცვლება.
„მხატვრების დასაცავად, ნახატის სრულად შეცვლა არ გვჭირდება, არამედ მხოლოდ სტილის მახასიათებლების. ამის გათვალისწინებით, უნდა გვეპოვა გზა, რომლის მეშვეობითაც, სტილისტურ მახასიათებლებსა და კომპოზიციაში გამოსახულ ობიექტებს ერთმანეთისგან განვაცალკევებდით“, — განმარტავს შონ შანი, კვლევის თანაავტორი.
ტესტირებისას, AI-იმ ნაკლები წარმატებით შეძლო იმ ფოტოების გამოყენება, რომლებზეც ახალი ხელსაწყო გამოიყენეს. შესაბამისად, მონაწილე არტისტთა 90% გამოთქვამს სურვილს, საკუთარი ნამუშევრები ამ გზით დაიცვან. მკვლევრები კი ამჟამად პროგრამის გადმოსაწერი, ფართოდ ხელმისაწვდომი ვერსიის შექმნაზე მუშაობენ.