30
Sep
2019

„კომპანიის წარმატების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა საკუთარი გუნდის მიმართ ნდობაა“ – GLCC

30 Sep 2019

თანამშრომლების განწყობასა და შესაბამისად, პროდუქტიულობაზე ზრუნვა კომპანიების დღის წესრიგში, სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება. მენეჯმენტი კი, ამ კუთხით, გამოსავალს თიმბილდინგში პოულობს. რაც ნიშნავს, არაფორმალურ გარემოში, თანამშროლების გაცნობასა და შედეგად, მათზე მორგებული სამუშაო კულტურის ჩამოყალიბებას.

„ორგანიზაციული კულტურა ფასეულობებისა და რიტუალების ერთობლიობაა და ის ორგანიზაციის წევრების „წებოა“ – ამბობს რიჩარდ პერინი და ვინაიდან, ორგანიზაციული კულტურის ჩამოყალიბებაში, თიმბილდინგს ძალიან დიდი როლი აკისრია, შეიძლება ვთქვათ, რომ ორგანიზაციული განვითარების ექსპერტი და Harvard Business Reviews-ს ერთ-ერთი ავტორი, კარლოს ვალდეს დაპენა ამ მოსაზრებას უპირისპირდება ფრაზით: „თიმბილდინგში კაპიტალის ჩადება მხოლოდ და მხოლოდ ფულის ფლანგვაა“.

რა თქმა უნდა, თავად კომპანიამ უნდა გადაწყვიტოს, როგორ კორპორატიულ კულტურას ჩამოაყალიბებს და თუ პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით გადაწყვეტს, რომ თიმბილდინგ აქტივობები პოზიტიურად აისახება კომპანიის გრძელვადიან მიზნებზე, რატომაც არ ღირს ფინანსური რესურსის ამ მიმართულებით გაღება.

მაგალითად, ქართულმა იურიდიულმა საკონსულტაციო კომპანიამ GLCC (Georgian Legal Consulting Company) დიდი ხანია, გადაწყვიტა, რომ თიმბილდინგის ნებისმიერი აქტივობა, თანამშრომლებზე ზრუნვის კუთხით გადადგმული, ცალსახად, პოზიტიური ნაბიჯია.

უფრო ზუსტად, როგორია კომპანიის გამოცდილება ამ კუთხით? როგორ გამოიხატება, კომპანიის მხრიდან, თანამშრომლებზე ზრუნვა? და რატომ არის ბიზნესისთვის საჭირო, ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის ფინანსური რესურსის გამოყოფა, ამ და სხვა საკითხებზე, მარკეტერს GLCC-ს
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, დიანა ინანაშვილი
ესაუბრა:

M: დიანა, პირველ რიგში, კომპანიაზე მოგვიყევით… როდის დაფუძნდა, რას საქმიანობთ და მომსახურებას ვის უწევთ?
იურიდიული კომპანია GLCC 2007 წელს დაარსდა. ჩვენი მთავარი სამიზნე სეგმენტი საშუალო და მსხვილი ბიზნესია. იურიდიულ მომსახურებას ვუწევთ როგორც იურიდიულ, ასევე, ფიზიკურ პირებს: სამშენებლო კომპანიებს, ასევე, სოფლის მეურნეობის პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს, საფინანსო ინსტიტუტებს, სხვადასხვა სავაჭრო ობიექტს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, მათ შორის, როგორც საგადასახადო ოპტიმიზაციის მიმართულებით, ისე შერწყმა-გაერთიანების კუთხით. ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მიმართულება სამშენებლო სამართალია. რაც შეეხება ჩვენს კლიენტებს, უმეტესად, უცხოელი კლიენტები გვყავს: უკრაინიდან, პოლონეთიდან, იტალიიდან, ემირატებიდან, არაბული თუ ევროპის ქვეყნებიდან.

M: საინტერესოა, ვინ დგას კომპანიის უკან? ვინ არიან ადამიანები, ვინც ჩვენს ქვეყანაში, ამ იურიდიული მომსახურების არსებობაზე იზრუნეს?
ჩვენი ფირმის პარტნიორები და იურისტები, როგორც წესი, ქვეყნის კანონშემოქმედებით პროცესში მუდმივად ჩართულები არიან. როდესაც კანონპროექტის ინიცირება ხდება, პარლამენტში განსახილველად მიწოდებამდე, თითქმის ყველა ეტაპზე, ჩვენი მხრიდან, იურისტები დისკუსიებში მონაწილეობენ. ფირმის დამფუძნებელი პარტნიორი, შალვა ცხაკაია GLCC-ში მუშაობის პარალელურად, დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეა, რაც შეეხება მეორე მმართველ პარტნიორს, ირაკლი გაფრინდაშვილს, ის საერთაშორისო სავაჭრო პალატის საგადასახადო კომიტეტის თავმჯდომარეა.

M: როგორც ვიცით, თქვენი გუნდი ახალგაზრდა პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული… როგორ ხდება კადრებით უზრუნველყოფა?
კომპანიას იურისტები და უმცროსი იურისტები ჰყავს და რაც მთავარია, ჩვენს გუნდში მუდმივად ვიღებთ სტაჟიორებსა და პარალეგალებს. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან აქტიურად ვთანამშრომლობთ და მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტების რეზიუმეების მიღებისა და გასაუბრების შემდეგ, მათ საშუალებას ვაძლევთ, პროფესიულ ასპარეზზე გასვლის პროცესში, თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ.სტაჟირება, ძირითადად, სამიდან ექვს თვემდე გრძელდება და ნებისმიერ შემთხვევაში, ანაზღაურებადია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენი თანამშრომლების უმეტესმა ნაწილმა ჩვენთან საქმიანობა სტაჟირებით დაიწყო.

ის ფაქტი, რომ გუნდი, ძირითადად, ახალგაზრდებითაა დაკომპლექტებული, ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია იმიტომაც, რომ ერთმანეთის უკეთ გვესმის და ასე ვთქვათ, ერთ ენაზე ვსაუბრობთ.

M: გასაუბრების პროცესში, აუცილებელი კრიტერიუმი თუ გაქვთ, რომელსაც სტუდენტი უნდა აკმაყოფილებდეს?
მაღალი აკადემიური მოსწრების გარდა, სტაჟიორები სხვადასხვა ენას უნდა ფლობდნენ, რადგან ჩვენი იურისტები კონტრაქტებს სამ ენაზე: ქართულად, რუსულად და ინგლისურად წერენ.

M: როგორია თქვენი ორგანიზაციული კულტურა? რა არის თქვენთვის, როგორც კომპანიისთვის პრიორიტეტი?
პირველი და მთავარი რაც არის, მიგვაჩნია, რომ თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებაში აუცილებლად უნდა მივიღოთ მონაწილეობა. ფირმამ კონტრიბუცია განახორციელა თანამშრომელთათვის პროფესიული ინგლისური ენის კურსის დაფინანსებაში; ასევე, მუდვივად ვაორგანიზებთ სხვადასხვა
ტრენინგ კურსს ჩვენი გუნდისთვის, მაგალითად, ემოციური ინტელექტის, მოტივაციისა და გუნდურობის გასაუმჯობესებლად.

ჯანსაღი ცხოვრების წესს მივდევთ და სპორტულ აქტივობებში ყოველთვის ვმონაწილეობთ.

M: რაც შეეხება, თანამშრომლებთან ურთიერთობის ფორმას?
კომპანიის წარმატებული საქმიანობის ერთ-ერთი საფუძველი, შეიძლება ითქვას, რომ კომუნკაციაა. ამიტომ, ტრადიციულად, პარასკევს, დილით 10 საათზე შეხვედრა გვაქვს, სადაც გარდა სამართლებრივი, პროფესიული საკითხებისა, სხვა თემებსაც განვიხილავთ. M: გარდა მატერიალური ხელშეწყობისა, როგორ ზრუნავთ თანამშრომლების ემოციურ კეთილდღეობაზე?თვეში ერთხელ თიმბილდინგის კულტურა დავნერგეთ. იქნება ეს ტრენინგი, სამუშაო შეხვედრა, ბოულინგის თამაში თუ სხვა აქტივობა, აუცილებლად, ოფისიდან გავდივართ.

გარდა ამისა, მიმდინარე წლის ივნისიდან, ჩვენს ფირმაში დავნერგეთ სიახლე: თანამშრომლებს საშუალება მივეცით, რომ კვირაში ერთი დღე, მათთვის სასურველი ადგილიდან იმუშაონ. მიგვაჩნია, რომ
აქაც ვლინდება  ჩვენი ერთ-ერთი კორპორატიული ღირებულება – ნდობა.

ჩვენ გვჯერა, რომ კომპანიის წარმატების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა ნდობა და ამ ნდობაზე
დამყარებული საქმისადმი ერთგულებაა

M: კარლოს ვალდეს დაპენა ამბობს, რომ კომპანიებმა თიმბილდინგში ფული არ უნდა დახარჯონ… რა არგუმენტით შეეწინააღმდეგებით მის ამ მოსაზრებას? რაში გვჭირდება თიმბილდინგი?
ჩვენს მთავარ პროდუქტს ჩვენი თანამშრომლები ქმნიან. ყველა ვერ იაზრებს იმას, რომ კმაყოფილი თანამშრომელი ორჯერ მეტ მოგებას მოუტანს კომპანიას, რადგან როცა მასზე ზრუნავ, ის ლოიალური ხდება და მზადაა უფრო მეტი ძალისხმევა ჩადოს იმ საქმეში, რომელსაც ემსახურება.

თიმბილდინგი ადამიანებს იმის გააზრებაში ეხმარება, რომ ისინი მხოლოდ დაქირავებული თანამშრომლები არ არიან, რომლებიც 10-დან 7 საათამდე კომპიუტერთან უნდა ისხდნენ და კონტრაქტები წერონ. ჩვენს თანამშრომლებს განცდა აქვთ, რომ კომპანიის პროდუქტს ქმნიან და მისი იმიჯის ფორმირებაში მონაწილეობას იღებენ. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ თითოეული მათგანი საზოგადოებაში კომპანიის ელჩია.

M: თქვენს CSR პროექტებზეც ვისაუბროთ… GLCC, როგორც პასუხისმგებლიანი კომპანია – რა სოციალურ პროექტებშია ორგანიზაცია ჩართული?
ვინაიდან, იურიდიული ფირმა GLCC აქტიურად იზიარებს ბიზნესის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიზნებს, ჩვენი საქმიანობით ხელს ვუწყობთ და მივყვებით ბიზნესის მდგრადი
განვითარების საერთაშორისო გაიდლაინებს, მათ შორის, გენდერული თანასწორობის
კუთხით. ჩვენი ფირმა არის გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელის წევრი და მე პირადად ვარ ერთ-ერთი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი, UN Global Compact-ის ადგილობრივი პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესში ქალთა გაძლიერების საკითხებზე. ჩვენი ფირმის საქმიანობის პროცესში გენდერული თანასწორობის პრინციპებს ვიცავთ და ასევე, ხელს ვუწყობთ ბიზნესში ქალთა გაძლიერების საკითხებს, სხვადასხვა აქტივობაში მონაწილეობისა და ჩართულობის მეშვეობით.

გარდა ამისა, იურიდიული ფირმა GLCC აქტიურად ეწევა Pro Bono საქმიანობას, განსაკუთრებით აღსანიშნავია სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებზე როგორც ფიზიკური, ასევე
იურიდიული პირებისთვის.

იურიდიული ფირმა GLCC უკვე მეორე წელია, „სტარტაპ მეგობრული“ სტატუსის მფლობელია, რაც გულისხმობს იურიდიული მომსახურების უსასყიდლოდ გაწევას დამწყები ბიზნესის წამომადგენლებისთვის, შემდეგი მიმართულებებით:

  • კონსულტაციები სამეწარმეო ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხებში;
  • კონსულტაციები ინტელექტუალური საკუთრების დაცვასთან დაკავშირებულ
    საკითხებში;
  • კონსულტაციები ლიცენზიებსა და ნებართვებთან დაკავშირებულ საკითხებში;
  • სხვა პირველადი, საბაზისო კონსულტაცია, რაც საჭირო და აუცილებელია
    დამწყები ბიზნესისთვის.

ჩვენ აქტიურად ვართ ჩართულები გარემოსდაცვით საქმიანობაში, გამწვანებისა თუ პოლიეთილენის ჭიქების მუყაოთი ჩანაცვლების პროექტში და ვცდილობთ, გარემოს, გაუმჯობესებაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ.

და ბოლოს, ჩვენი საუბრი რომ შევაჯამოთ: როგორც ჯეფ ბეზოსი ამბობს, ბიზნესში ძალიან უყვართ კითხვა „რატომ?“ და ამ კითხვაზე ყველას საკუთარი პასუხი აქვს. ჩვენი პასუხია: იმიტომ, რომ ჩვენი საქმე მოგვწონს და გვიყვარს.

[R]

განხილვა