16
May
2019

ვისკი საუკუნოვანი ისტორიით! – შოტლანდიური ბრენდი Glenmorangie საქართველოში

16 May 2019

ერთხელ, მარკ ტვენს უთქვამს: “ზედმეტი არაფერი ვარგა, მაგრამ ვისკი არასოდეს არის ზედმეტი”… ჯორჯ ბერნარდ შოუ კი ვისკის “თხევად მზის სხივს” უწოდებდა. ამ მაგიურ სასმელს, რომელსაც დღეს მთელ მსოფლიოში სიამოვნებით შეექცევიან, საუკუნეების წინ, ბერები სამკურნალო მიზნებისთვის იყენებდნენ. სასარგებლო თვისებების გამო, შოტლანდიელებმა მას uisge-beatha, ანუ “სიცოცხლის წყალი” შეარქვეს. დღეს კი, წყლის, საფუარისა და მარცვლეულისგან დამზადებულ სასმელს, “ვისკიდ” მოვიხსენიებთ.

დღესდღეობით, ვისკი მსოფლიოს ათობით ქვეყანაში (მათ შორის, საქართველოში) იწარმოება. თუმცა, მის წარმოშობას შოტლანდიასა და ირლანდიას მიაწერენ. ამ დროისთვის, ირლანდიაში 12, შოტლანდიაში კი 90-ზე მეტი ვისკის ბრენდია. ყოველ მათგანს, მიუხედავად ვისკის დავარგების მკაცრი რეგულაციებისა, თავისი არომატი და ხასიათი გამოარჩევს. შოტლანდიური ბრენდებიდან ერთ-ერთი უძველესია Glenmorangie (“გლენმორანჟი”), რაც შოტლანდიურ გაელიკურ ენაზე “სიმშვიდის ადგილს” ნიშნავს. გლენმორანჟი ჩრდილო-აღმოსავლეთ შოტლანდიაში მდებარეობს. ვისკის დავარგება იქ უილიამ მეთისონმა 1843 წელს დაიწყო. დღეს, ბრენდი სხვადასხვა დაძველების 10-მდე სახეობის ვისკის აწარმოებს და თავისი სადისტილაციო აღჭურვილობითა და დავარგების მეთოდებით მსოფლიოშია ცნობილი.

საუკუნოვანი ტრადიციების მქონე სასმელი ქართული ბაზრისთვისაც საინტერესო აღმოჩნდა. უკვე რამდენიმე წელია, რაც “გლენმორანჟის” სასმელები Glenmorangie Original და Glenmorangie Signet საქართველოს ბაზარზე შემოვიდა. პერიოდულად იმართება ვისკის საღამოები, სადაც დეგუსტაციის გარდა, ქართველ მომხმარებელს ვისკის კულტურის უკეთ გაცნობა შეუძლია. ცოტა ხნის წინ, საქართველოს “გლენმორანჟის” მსოფლიო ელჩი, კარენ ფულერტონი, ესტუმრა, რომელიც ბრენდს მთელი მსოფლიოს მასშტაბით წარადგენს. კარენ ფულერტონი წარმოშობით შოტლანდიელია. კარიერა ღვინის ინდუსტრიაში, გაყიდვებით დაიწყო. პროფესიას ლონდონში მდებარე სასწავლებელში Wine & Spirit Education Trust (WSET) ეუფლებოდა. ვისკით უნივერსიტეტში სწავლისას დაინტერესდა, მოიხიბლა რა მისი არომატით, გემოთი და სურნელით. Glenmorangie-სთან თანამშრომლობა 2002 წელს დაიწყო… მისი კარიერის დასაწყისში, როცა ვისკი ჯერ კიდევ მამაკაცების სასმელად მიაჩნდათ, თუმცა, ვისკის სიყვარული და გამბედავი ხასიათი კარენ ფულერტონს ამ ინდუსტრიაში თავის დამკვიდრებაში დაეხმარა და “გლენმორანჟი” უამრავი ქალის საყვარელ ბრენდად აქცია.

 

კარენ ფულერტონი

“იმ დროს, თვლიდნენ, რომ ვისკი უფრო მეტად მამაკაცებისთვისაა განკუთვნილი. მე კი, ვერასდროს ვხვდებოდი, როგორ უნდა იყოს ვისკი მხოლოდ მამაკაცების სასმელი?! ეს ხომ სითხეა… დიახ, საკმაოდ რთული შინაარსის, მაგრამ მაინც სითხე… როგორ შეიძლება მისი კონკრეტული გენდერისთვის მიკუთვნება?“

M: იმ ფონზე, რომ ვისკი უფრო მამაკაცების სამყაროდ მიიჩნეოდა, თქვენ გახდით პირველი შოტლანდიელი ქალი ბრენდ ამბასადორი აშშ-ში. რა გამოწვევებს წააწყდით ვისკის სამყაროში თავის დამკვიდრებისას?

როდესაც ამერიკაში ბრენდ ამბასადორის პოზიციის დასაკავებლად გასაუბრებაზე მივედი, ვიცოდი, რომ შანსი დაბალი იყო სამი მიზეზის გამო: 1. იმიტომ, რომ ქალი ვარ 2. იმიტომ, რომ ქალი ვარ 3. დიახ, იმიტომ, რომ ქალი ვარ. შესაბამისად, ძალიან გამიკვირდა, როდესაც სამსახურში ამიყვანეს. ძალიან ვაფასებ Glenmorangie-ს, რადგან ჩემი ამერიკაში გაგზავნა მართლაც იყო გაბედული ნაბიჯი ბრენდის მხრიდან. თუმცა, ესაა ბრენდი, რომელიც ბარიერებს არ უშინდება.

თავიდან ნამდვილად მქონდა მოლოდინი, რომ მთიანი შოტლანდიიდან ცათამბჯენების სამყაროში გადასვლა ძალიან გამიჭირდებოდა. ველოდი, რომ ჩემს მასტერკლასებზე მოსული ადამიანები იტყოდნენ: “რა შეიძლება ამ გოგომ ვისკიზე იცოდეს?”.. თუმცა, როდესაც ბარში შესულმა ვნახე, როგორ სვამდა მამაკაცი ვარდისფერ კოსმოპოლიტენს, ქალი კი სკოჩს მიირთმევდა, მივხვდი – სწორ ადგილას მოვხვდი და საბედნიეროდ, იქ გატარებული დროის მანძილზე, მხოლოდ დადებით უკუკავშირს ვღებულობდი. 24 თვის შემდეგ, კონკურენტმა ბრენდებმაც დაიწყეს ქალი ელჩების გამოგზავნა აშშ-ში…

M: თქვენ ახსენეთ, რომ ვისკი ძალიან გულწრფელი სასმელია. რა იგულისხმეთ?

დიახ, ვისკი 100%-ით ნატურალური პროდუქტია. მისი დამზადების მეთოდი შოტლანდიის ვისკის ასოციაციის მიერაა რეგულირებული. აკრძალულია ყოველგვარი არომატიზატორების გამოყენება. ის მხოლოდ სამი ინგრედიენტისგან შედგება: წყალი, ქერი და საფუარი. ამდენად, ახალი პროდუქტის გამოყვანა ძალიან რთულია. წესების თანახმად, შოტლანდიური ვისკი მხოლოდ შოტლანდიაში უნდა დისტილირდეს და დაძველდეს, სულ მცირე, 3 წლის განმავლობაში.

M: მკაცრი რეგულაციების ფონზე, როგორ შეძლო Glenmorangie-მ განსხვავებული არომატის შექმნა?

ამ სასმელის შექმნის შთაგონება ყავიდან წამოვიდა. თუკი ალაოს მოხალავ, მიიღებ განსხვავებულ, შოკოლადისებურ არომატს. თუმცა, ვისკის მხოლოდ მოხალული ალაოთი ვერ გააკეთებ, რადგან ფერმენტები სრულიად განადგურდება. ჩვენი ვისკი მოიცავს 20% მოხალულ და 80% მოუხალავ ალაოს. მოხალული ალაოს გამოყენებით ჩვენ უფრო ნაკლები მოცულობის სასმელს ვღებულობთ: თუკი 1000 კილოგრამი ალაოსგან 410 ლიტრი ალკოჰოლი მიიღება, მოხალულის შერევით, ეს რიცხვი 350-370 ლიტრამდე მცირდება. მიუხედავად, რასაც ალკოჰოლში “ვკარგავთ”, არომატში “ვიგებთ”.

M: რა გამოარჩევს ბრენდს ვისკის დავარგების ტექნოლოგიის თვალსაზრისით?

პირველი, რითაც ცნობილი ვართ ვისკის ინდუსტრიაში ისაა, რომ გლენმორანჟის სადისტილაციო ქვაბები ყველაზე მაღალია შოტლანდიაში და ზრდასრული ჟირაფის სიმაღლეს უტოლდება. ეს გვაძლევს ყველაზე მსუბუქ და სუფთა არომატს.

ასევე, ჩვენ ვართ ერთალაოიანი ვისკის პირველი მწარმოებელი, რომელმაც კასრების მენეჯმენტი დაიწყო. მუხის კვლევა 80-90-იან წლებში დავიწყეთ. ვაკვირდებოდით, სად და როგორ პირობებში იზრდება მუხა. ჩვენ გამოვიკვლიეთ 10 000 კასრი, სანამ საუკეთესოს ავარჩევდით. შევამჩნიეთ, რომ რაც უფრო ნელა იზრდება მუხა, მით უფრო ფორებიანია და შესაბამისად, უფრო მეტ არომატს იღებს სასმელი.

აშშ-ში, კენტუკის რეგიონში, მდინარე მისურის მიმდებარედ არის ოზარკის მთები. მუხა მის ჩრდილოეთ ფერდობებზე საკმაოდ ნელა იზრდება, რის გამოც ეს ხე ვისკის დასაყენებლად იდეალურია. ეს ხეები 150 წლისაა. თითო ხისგან 2 კასრი მზადდება.

ამერიკაში დამზადებული კასრები შოტლანდიაში იგზავნება, სადაც ახლად დაყენებულ სასმელს ვასხამთ და ათი წლის განმავლობაში ვაყენებთ. შემდეგ, ვცლით და ახლიდან ვავსებთ ახალი სითხით და 10 წლის განმავლობაში ვინახავთ. პირველი დავარგებული სასმელი უფრო მოტკბოა, სურნელოვანი და მძაფრი, მეორე კი შედარებით რბილი და მსუბუქია. ამ ორ სითხეს ჯერ ერთმანეთს, შემდეგ კი, წყალს ამატებენ. წყალი უჩვეულო რეაქციას იწვევს და საბოლოოდ, ვიღებთ მანდარინის, ვანილის არომატს.

M: რას გამოხატავს “გლენმორანჟის” ვისკის სიმბოლიკა – ჩუქურთმებში ჩასმული დისკო?

სიმბოლოს შუაში მოთავსებული დისკო გარშემო ჩუქურთმის 32 დეტალითაა შემოსაზღვრული. ეს ძალიან სიმბოლურია, რადგან თუ რომელიმე დეტალს ამოიღებ, მთალი სიმბოლიკა დაირღვევა. ეს ჩემთვის იმის სიმბოლოა, რომ სამყაროში ყველაფერი კავშირშია. ასევეა ვისკის შემთხვევაშიც, ყოველ დეტალს აქვს მნიშვნელობა არომატის მიღებისას: როგორ ალაოს იყენებ, როგორია დისტილაციის პროცესი, ხანგრძლივობა, მუხის წარმომავლობა და ა.შ.

M: Glenmorangie Signet-ზე გვესაუბრეთ… როგორი თავგადასავალია ეს სასმელი ვისკის მოყვარულებისთვის?

Glenmorangie Segnet საქართველოს ბაზარზე ორ წელზე მეტია, რაც არის. ესაა შესანიშნავი სასმელი სადილის შემდეგ. მისი არომატი ძალიან უხდება დესერტს, მაგალითად, ვანილის ნაყინს. ასევე, ესაა სასმელი, რომელიც ძალიან უხდება მოგზაურობას. თავდაპირველად, ესპრესოს, შერისა და ფორთოხლის ნოტებს მოდის. გასინჯვისას, ჯერ ერთდროულად შეიგრძნობ სიტკბოს, სიცხარესა და მოკას გემოს, შემდეგ კი, მენთოლისა და ლიმონის არომატს.

M: საქართველოში რამდენჯერმე ხართ ნამყოფი. თქვენი დაკვირვებით, როგორ დააინტერესეთ ვისკით ადამიანები ღვინის სამშობლოდან?

ყოველთვის ვამბობ, რომ ღვინოს არა ბრენდის, არამედ არომატის მიხედვით ირჩევენ. ასევეა ვისკის შემთხვევაშიც. ვფიქრობ, “გლენმორანჟი” ძალიან საინტერესოა ღვინის მოყვარულთათვის. ერთ-ერთი ექსპერიმენტის ფარგლებში, ჩვენ ღვინის კასრებშიც დავაყენეთ ვისკი. იმ ფონზე, რომ ქართველებს უყვართ ისეთი სასმელი, როგორიცაა არაყი, მათ ვისკიც ადვილად მიიღეს.

საქართველო ძალიან მომწონს. თუ მკითხავენ, იმ უამრავი ქვეყნიდან, სადაც ყოფილხართ, რომელს გამოარჩევთო? ვუპასუხებ, რომ საქართველოს – აქაური ბუნების, ისტორიისა და ადამიანების გამო. აქაური ღვინო ძალიან მრავალფეროვანია, რაც მე, როგორც ღვინის ინდუსტრიაში გამოცდილ ადამიანს, ძალიან მიზიდავს. ვისურვებდი, ედინბურგში გავხსნა ქართული ღვინის ბარი და იქ გიმასპინძლოთ…

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

განხილვა