72 წლის კაცის ტვინის სკანირებამ, რომელიც კიბოს ყველაზე აგრესიული ფორმით გლიობლასტომათ იყო დაავადებული, სიმსივნური ქსოვილის ზომის წარმოუდგენელი რეგრესი აჩვენა მას შემდეგ, რაც ახალი ინოვაციური მკურნალობის კურსი ჩაუტარდა. მართალია, ამ ექსპერიმენტის ორი წევრის შედეგები ნაკლებად პოზიტიური იყო, მაგრამ აღნიშნულ წარმატებას მნიშვნელოვნად თვლიან აქამდე დაუმარცხებელი სენის განკურნების გზაზე…
გლიობლასტომები მომაკვდინებელია — ცენტრალური ნერვული სისტემის დამხმარე უჯრედებიდან წარმოიქმნება და სწრაფად შეუძლია ავთვისებიან მასად გადაქცევა, რომელიც პაციენტების სიცოცხლის ხანგრძლივობას 5 წელში 95%-ით ამცირებს. ახლა კი Mass General Cancer Center-ის მკვლევრები ამტკიცებენ, რომ მკურნალობის მეთოდი, რომელიც პაციენტის იმუნურ სისტემას ეფუძნება და ცნობილია, როგორც CAR T-cell თერაპია, შესაძლოა, წარმატებული იყოს ზუსტად იქ, სადაც სხვა თერაპიები წარუმატებელი აღმოჩნდა. თანაც სისხლის სიმსივნეებისთვის დამტკიცებული საშუალებაა…
პაციენტების T-უჯრედები გროვდება და ხელახლა იქმნება, რათა კიბოს უჯრედების ზედაპირული მარკერების დადგენა შეძლოს მანამ, სანამ ინფუზიის გზით უკან დაბრუნდება. მარტივად რომ ვთქვათ, CAR T-უჯრედების თერაპია რაღაც მხრივ გამომძიებლის დაქირავებას ჰგავს, რომელსაც ბოროტმოქმედის ძიება ფარულ ადგილებში უწევს. ერთ-ერთი მარკერი, რომელიც გლიობლასტომების მთელ წყობაზეა გავრცელებული, პროტეინის მუტაციურ ვარიანტს წარმოადგენს, ამიტომ EGFR CAR T-უჯრედების მკურნალობისთვის იდეალური სამიზნე უნდა იყოს. თუმცა, სამწუხაროდ, გლიობლასტომები შენიღბვის მრავალი ხერხით გამოირჩევა, რაც ხელახლა ინჟინრების პროცესს გამოწვევად აქცევს მეცნიერებისთვის.
ახლა კი მკვლევრებმა იპოვეს გზა, რომლითაც CAR T-უჯრედებს ანტისხეულებს გამოამუშავებინებენ… პრეკლინიკურმა ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენა, რომ T-უჯრედში ჩართული ანტისხეულების მოლეკულის (TEAM) თერაპია ზუსტად ისე მუშაობდა სიმსივნურ კერებში, როგორც მოსალოდნელი იყო. მეტიც, სხვა მარეგულირებელ T-უჯრედებსაც კი რთავდა პროცესში, რათა ბრძოლას შეერთებოდა.
როგორც უკვე გითხარით, ექსპერიმენტში 3 ადამიანი იყო ჩართული. პირველი პაციენტი 74 წლის კაცი გახლდათ, რომელიც სტანდარტულ ქიმიოთერაპიას გადიოდა, თუმცა დაავადება მაინც დაბრუნდა 1 წლის შემდეგ. ხოლო, როცა CARv3-TEAM-E T-Cells-ის მკურნალობა მიიღო, ზუსტად ერთი დღის შემდეგ, MRI სკანირებამ საკმაოდ კარგი პროგნოზები გამოავლინა — მასის ზომის მნიშვნელოვანი შემცირება აჩვენა. თუმცა თვეების შემდეგ აღმოჩნდა, რომ კიბომ კვლავ დაიწყო პროგრესირება…
ასე მოხდა 57 წლის მეორე პაციენტშიც, ქალის ტვინის მარცხენა ჰემისფეროში საკმაოდ დიდი ზომის გლიობლასტომა იზრდებოდა. მართალია, სიმსივნემ თერაპიიდან 5 დღის შემდეგ თითქმის სრული რეგრესი განიცადა, მაგრამ კიბოს პროგრესირებას 1 თვეც არ დასჭირვებია. თუმცა ასე არ მოხდა 72 წლის პაციენტში, მართალია, გვერდითი ეფექტები ცხელებითა და ფილტვებში მცირე კვანძებით გამოუვლინდა, მაგრამ ამას მეცნიერები მაინც საუკეთესო შედეგად თვლიან, რაც მათ იმუნოთერაპიის ახალი მიდგომის კვლევის გაგრძელების საფუძველს აძლევს.
„CARv3-TEAM-E T-უჯრედების კვლევა გვთავაზობს პრინციპს, რომ CAR T- უჯრედების გამოყენებით შეგვიძლია დავუმიზნოთ მრავალ ზედაპირულ ანტიგენს და ეს ადასტურებს, რომ EGFR შესაფერისი იმუნოთერაპიული სამიზნეა გლიობლასტომასთვის“, — აცხადებენ მეცნიერები.