რამდენიმე წლის წინ, ქართულ ბაზარზე „გლობალ ავტო იმპორტი“ გამოჩნდა. ვანო ბიჩინაშვილმა იდეის გარშემო გუნდის წევრები დიდი ენთუზიაზმით გააერთიანა. სურდა საქართველოში ავტოიმპორტისა და მომსახურების სტანდარტი სხვა სიმაღლეზე აეყვანა. „გლობალ ავტო იმპორტის“ შექმნის მოტივაცია ავტომობილებისადმი განსაკუთრებულმა სიყვარულმა გაუძლიერა და სურვილმა – ამ დარგის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეეტანა. როგორც ამბობს, ბაზარზე არსებულმა სიტუაციამ უბიძგა განევითარებინა პასუხისმგებლიანი, კეთილსინდისიერი და მომხმარებლის ინტერესებზე ორიენტირებული კომპანია. ვანო ბიჩინაშვილმა მარკეტერთან ინტერვიუში „გლობალ ავტო იმპორტის“ დაფუძნებასა და განვითარებაზე ისაუბრა.
M: როგორ დააფუძნეთ კომპანია?
კომპანია 2017 წლის 13 ნომბერს დაფუძნდა. რაშიც ძალიან დიდი დახმარება გამიწიეს ჩემმა მეგობრებმა გიორგი კვანტალიანმა და ნიკა მაღლაკელიძემ, რომელთაც ძალიან ვუმადლი ამ ყველაფრის შექმნას. იდეის გარშემო ჩემი ნათლული მიხეილ ზღუდაძე, ჩემი მეგობრები გიორგი მაისურაძე, გიორგი ქავთარაძე და გიორგი ლომიძე გავაერთიანე. თითოეული ჩვენგანი სრული ენთუზიაზმით ჩავერთეთ კომპანიის შენების პროცესში. საწყის ეტაპზე კომპანიას ხელფასის გადახდაც კი არ შეეძლო. გვქონდა ხვალინდელი დღის რწმენა და იმედი, რომ ჩვენი ძალისხმევისა და მონდომების შედეგად, ყველაფერი კარგად იქნებოდა.
M: რისი შეცვლა გსურდათ ბაზარზე და რა იყო იმ დროისათვის ყველაზე დიდი სირთულე?
ავტოიმპორტიორთა ბაზარზე ვხედავდით ბევრ მოტყუებულ მომხმარებელს, ფუჭ დაპირებებს, პასუხისმგებლობის არიდებას. ჩვენ გვინდოდა, რომ ადამიანებისთვის მხოლოდ ის გვეთქვა და იმას დავპირებოდით, რისი გაკეთებაც შეგვეძლო და ასეც ვიქცეოდით. ხშირად იმასაც ვაკეთებდით, რაც ჩვენ შესაძლებლობებს სცდებოდა, წავედით ბევრ გაუმართლებელ რისკზე. საბოლოოდ, ეს გაუმართლებელი რისკები ჩვენ გამოცდილებად გარდავქმენით.
M: როგორ დაიხვეწა სერვისები, დროთა განმავლობაში?
ჩვენი მთავარი მისია, მიზანი და დანიშნულება იყო და არის მუდმივად ვისწრაფვოდეთ სრულყოფილებისკენ. ჩვენი ფიქრები მუდმივად მიმართულია უკეთესობისკენ შესაცვლელად და ვფიქრობ, ეს კარგად გამოგვდის. მომავალშიც ამ პათოსით გავაგრძელებთ სერვისების დახვეწასა და გაუმჯობესებას.
M: დღეს, რა შედეგები აქვს კომპანიას?
ვფიქრობ, შთამბეჭდავი შედეგები გვაქვს. განსაკუთრებით აღსანიშნავია კომპანიის 110%-იანი ზრდა ბოლო 6 თვეში. ასევე, დაგვემატა რამდენიმე შვილობილი კომპანია. მადლობელი ვარ უფლისა და ყველა იმ ადამიანის, რომელიც ამ ყველაფერს ჩემთან ერთად ქმნის. თითოეული მათგანი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კომპანია განვითარდეს, გაიზარდოს და გაუმჯობესდეს.
ასევე, თავად ბაზარი უფრო კონკურენტული და ჯანსაღი, უფრო მრავალფეროვანი და ალტერნატიული გახდა.
M: დღეს, რა პოზიცია უჭირავს „გლობალ ავტო იმპორტს“ ბაზარზე?
ჩემი მონაცემებით საქართველოს ბაზარზე ტოპ 3 კომპანიაში შედის ჩამოყვანილი ავტომობილების რაოდენობითა და მოცულობით. სამწუხაროდ, ბოლო 3 თვის მონაცემი ჯერ არ მაქვს და ზუსტ ციფრებს ვერ გეტყვით, ჯერ არ დადებულა ეს სტატისტიკა. თუმცა, შეგრძნების დონეზე თუ გაზრდილი არ არის, შემცირებილი ვერ იქნება.
M: თქვენთვის რას ნიშნავს ეს საქმე?
პირველ რიგში, ეს საქმე შვილივით არის ჩემთვის. გლობალი აღარ არის მხოლოდ „იმპორტი“. ის უკვე ჰოლდინგია, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა მზარდ ბიზნესს. თუმცა, გლობალ ავტო იმპორტი პირველი შვილივით, თუ პირველი სიყვარულივით განსაკუთრებით მიყვარს. ალბათ იმიტომ, რომ უზარმაზარი ენერგია, დრო, ნერვები და ჯანმრთელობა აქამდე არაფრისთვის შემიწირია.
ამ ყველაფერს მისიის სახით ვუყურებ. ვფიქრობ, ჩემს ქვეყანას გამოვადგები. ამ საქმით ჩემი გუნდის წევრებისა და მომავალი წევრებისთვის, ჩემი ახლობლების და მეგობრების და არა მარტო მათ ცხოვრებას ვცვლი უკეთესობისკენ. მაქვს ოცნება, დავამტკიცო, რომ ქართველები არავისზე ნაკლებად რჩეული ხალხი არ ვართ და მსოფლიო მასშტაბით, ჯერ თუ დიდი საქმეების კეთებას ვერ ვახერხებთ, პატარა საქმეებს მაინც ვაკეთებთ დიდებულად.
კომპანია ცოცხალი ორგანიზმია, რომლის სიცოცხლის, განვითარების, ზრდის, დახვეწისთვის ყოველდღიურად ძალიან ბევრს ვშრომობთ და ვფიქრობ, წელს ბევრი სასიამოვნო სიახლე გვექნება.
[R]