თბილისი, 5-6 ოქტომბერი, 2018 – „საქართველოსა და აზია-აფრიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატისა“ და „საქმიან ქალთა გაერთიანების“ ორგანიზებით, საქართველოში უკვე მეორე “გლობალური ბიზნესისა და ინვესტირების ფორუმი” იმართება. ბიზნესმდგრადობა – 21-ე საუკუნის მთავარი ბიზნეს ღირებულება არის ფორუმის თემა, რომელზეც სასაუბროდ იკრიბებიან სპიკერები და დელეგატები 15-ზე მეტი ქვეყნიდან.
- 300 + დელეგატი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან
- საერთაშორისო კომპანიების ტოპ მენეჯმენტი
- B2B შეხვედრები
„გლობალური ბიზნესისა და ინვესტირების ფორუმის“ ფარგლებში საქართველოს პირველად სტუმრობს შეიხა ჰესსა საად ალ-აბდულა ალ-საბაჰი – ქუვეითის პრინცესა, ჯამალ საიფ ალ ჯარვანი – არაბთა გაერთიანებული საამიროების საერთაშორისო ინვესტორთა საბჭოს გენერალური მდივანი, დეჟან სტენსერი – KSBC-ს პრეზიდენტი და ყაზახური ინვესტიციის რეგიონული წარმომადგენლობის თავმჯდომარე. ფორუმის ფარგლებში საქართველოს ასევე პირველად ესტუმრება მისი აღმატებულება ზაინაბ ოტიტი ობანორი – ნიგერიის დედოფალი, არაბეთისა და აფრიკის ეკონომიკური განვითარების ინიციატივის დამფუძნებელი.
მოწვეული სპიკერები ატარებენ მასტერკლასებს ბიზნეს მდგრადობის სამი ძირითადი საკითხის შესახებ: ფინანსური, სოციალური და გარემოს დაცვა. ღონისძიების მთავარი მიზანია საუკეთესო კუთხით წარმოჩინდეს საქართველო – პატარა ქვეყანა დიდი შესაძლებლობებით და მისი საინვესტიციო პოტენციალი.
„გლობალური ბიზნესისა და ინვესტირების ფორუმი“ წარმოადგენს ერთგვარ პლატფორმას ბიზნეს ურთიერთობისთვის და ახალი კონტაქტების განვითარებისთვის, რომელიც უკვე ორი წელია აკავშირებს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს.
2017 წელს, პირველმა „გლობალურმა ბიზნეს ფორუმმა“ უმასპინძლა 200 დელეგატს 17 ქვეყნიდან. „გლობალური ბიზნესის და ინვესტირების ფორუმი“ კი უკვე ორ დღიანი პროგრამით და საინტერესო B2B შეხვედრებით უფრო დიდ შესაძლებლობებს გპირდებათ.
ფორუმს აქტიურად უჭერს მხარს სამთავრობო სექტორის წარმომადგენლები: პრემიერ-მინისტრი, საქართველოს ვიცე-პრემიერი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ქალაქ თბილისის მერი, ბიზნეს ომბუდსმენი, „საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია“ და სააგენტო „აწარმოე საქართველოში“.
[R]