ქართული სტარტაპი VRex, მსოფლიოს 50 საუკეთესოს შორის, „სილიკონ ველის“ ინვესტორების წინაშე წარდგება! 14 თებერვალს, „ვირექსი“ Global Conference-ს საგამოფენო სივრცესა და მთავარ სცენას დაიკავებს. ღონისძიება Google-ს თანაორგანიზებით ტარდება და მასში მონაწილეობის მისაღებად ქართული ტექნოლოგიური სტარტაპი, გუგლის ანალიტიკოსებმა, 1000 კონკურსანტიდან შეარჩიეს. კონფერენციის ორგანიზატორი Startup Grind არის გლობალური ორგანიზაცია, რომელიც Google for Entrepreneurs-თან ერთად, ერთიანებს 300 ქალაქს, 115 ქვეყანასა და მილიონ მეწარმეს. „ვირექსი“ იყენებს ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიას ტურიზმის განვითარებისთვის და როგორც მისი წარმომადგენლები ამბობენ, მსგავს ბიზნეს გადაწყვეტას ანალოგი არ აქვს, გარდა ამისა, „სილიკონ ველის“ ერთ-ერთ ყველაზე დიდ კონფერენციაში მონაწილეობის პრეცედენტი პირველია ქართულ სტარტაპ ინდუსტრიაში. რა კრიტერიუმების გათვალისწინებით, რა პროცედურის გავლის შემდეგ შეირჩა სტარტაპი კონფერენციის მონაწილედ და რა პერსპექტივას აჩენს აღნიშნული ფაქტი, როგორც „ვირექსის“, ასევე, ქართული სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების კუთხით – ამ საკითხებზე მარკეტერი VRex-ის დირექტორს – ნიკოლოზ გოგოჭურს ესაუბრა:

M: რა კრიტერიუმების გათვალისწინებით მოხვდით 50 საუკეთესო ტექნოლოგიურ სტარტაპს შორის და როგორი იყო შერჩევის პროცესი?
შერჩევის პროცესი იყო ძალიან სწორხაზოვანი, შეგქონდა აპლიკაცია. პირველ ტალღაში, ისინი განიხილავდნენ, იდეის დონეზე, საინტერესო იყო თუ არა შენი სტარტაპი. თუ გადახვიდოდი შემდეგ ეტაპზე, გირეკავდნენ და გადიოდი პირად ინტერვიუს წარმომადგენელთან, ესაუბრებოდი ნახევარი საათიდან ერთ საათამდე. ინტერვიუს განმავლობაში დაგვისვეს დეტალური კითხვები ყველაფერზე, რაც სტარტაპის განვითარების ინდიკატორად შეიძლება ჩაითვალოს. შემდეგ ეტაპზე გადასვლა შეგვატყობინეს სამ კვირაში, მოგვცეს კონფერენციის ფარგლებში ჩვენი პროდუქტის გამოფენის უფლება. შერჩევის დასკვნით ეტაპზე კი, საბოლოო ტოპ 50-ში გავედით და უშუალოდ, მთავარ სცენაზე შეგვიძლია გამოვიდეთ და „სილიკონ ველის“ ინვესტორების წინაშე, ჩვენი პროდუქტი წარვადგინოთ.
M: როგორია „სილიკონ ველის“ ინვესტორების წინაშე წარდგენის ფორმატი და თუ გაქვთ ინფორმაცია, მსგავს კონფერენციაში, აქამდე, ქართული სტარტაპის მონაწილეობასთან დაკავშირებით?
ფორმატი არის ასეთი – დარბაზში არიან ინვესტორები „სილიკონ ველიდან“ და ის სტარტაპები, რომლებიც იქ გამოდიან. გვაქვს ერთი წუთი პროდუქტის პრეზენტაციისთვის, რის შედეგადაც, ინვესტორები შესაძლოა დაინტერესდნენ და ერთი ერთზე შეხვედრები მოითხოვონ. სწორედ, ეს არის ამ პრეზენტაციების მიზანი – ინვესტორების დაინტერესება. ჩემი ინფორმაციით, ამ კონკრეტულ კონფერენციაზე ქართული სტარტაპი აქამდე არ ყოფილა, თუმცა, კონფერენციის გარეთ, „სილიკონ ველიში“ რამდენიმე სტარტაპი შარშანაც იყო წასული და ვფიქრობ, კონტაქტებსაც დაამყარებდნენ.
M: რა მნიშვნელობა აქვს მსგავს მოვლენას, როგორც „ვირექსის“, ასევე, ქართული სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების კუთხით?
ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ჩვენ როგორც ერთი რიგითი სტარტაპი საქართველოში, ძალიან განვიცდით იმ ამბავს, რომ ადგილობრივი ვენჩორული კაპიტალი ძალიან მწირია და რთულად მოსაძიებელი. სტარტაპ ინდუსტრიაში, მთელ მსოფლიოში, ყველაზე მთავარი ფაქტორი განვითარებისთვის არის კონტაქტები და ნეთვორქინგი. ამ მომენტისთვის, ჩვენ ძალიან გვჭირდება კარგი კონტაქტები ძლიერ ეკოსისტემებში. აუცილებლად გადავალთ განვითარების იმ ეტაპზე, როცა დაგვჭირდება ისინი ინვესტიციის მოსაზიდად, ჩვენი პროდუქციის პოპულარიზებისთვის და ა.შ. აღნიშნული ღონისძიება პირდაპირ და ირიბად, ძალიან ბევრ რამეში დაგვეხმარება. გარდა ამისა, ამერიკაში ყოფნის პერიოდში, 16 თებერვალს, ვგეგმავთ ნეთვორქინგ ღონისძიების ჩატარებასაც, იმისათვის, რომ გავაცნოთ დაინტერესებულ პირებს ქართული სტარტაპ ეკოსისტემა, გავაცნოთ ქვეყანა და ვთქვათ, რომ საქართველო ბიზნესის მართვის მხრივ საინტერესო, ხელსაყრელი და იაფია.

M: როგორია თქვენ მიერ, დამატებით დაგეგმილ ნეთვორქინგ ღონისძიებასთან დაკავშირებული დეტალები და მიზნები?
ეს არის ჩვენი ამერიკაში ვიზიტის მეორე კომპონენტი. როდესაც გაირკვა, რომ შერჩეულები ვართ ამ კონფერენციისთვის, დაგვებადა იდეა, რომ რატომაც არა, გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა და გავაკეთოთ ნეთვორქინგ ივენთი ამერიკაში, იმ ადამიანებისთვის, ვისაც აინტერესებს აქაური ეკოსისტემა, ან შეიძლება დაინტერესდნენ, ან ენჯელ ინვესტორებად იქცნენ. ვიქირავეთ სახლი ამ ქალაქში, „სილიკონ ველის“ შუაგულში, 16 თებერვალს ჩავატარებთ ივენთს, სადაც რამდენიმე ქართველია დაპატიჟებული, მათ შორის ზაზა ფაჩულია, რომელმაც შეიძლება წაიყვანოს ღონისძიება. ასევე, ივენთს დაესწრებიან ადამიანები, რომლებთანაც აქამდე გვქონია შეხება ამ სფეროში და ახალი კონტაქტები, რომელსაც კონფერენციაზე შევიძენთ.
M: უშუალოდ, „ვირექსის“ ვირტუალური გადაწყვეტის შესახებ..
ჩვენ ვქმნით პლატფორმას, რომელიც ავითარებს ტურიზმს, ვირტუალური რეალობის გამოყენებით. ადამიანს შეუძლია VR-ის მეშვეობით განიცადოს ტურისტული ადგილი, ემოციების დონეზე და გადაწყვიტოს, უნდა თუ არა წასვლა ამ ადგილას. ამ მომენტისთვის, გადაღებულია საქართველოს 100-ზე მეტი მიმართულება, ასევე, თურქეთის რამდენიმე კურორტი, სტამბული, პარიზი და ა.შ. ჯერჯერობით, ვფოკუსირდებით ქართულ კონტენტზე და ეს არის პირველი ეტაპი იმისა, რომ გავხდეთ გლობალური პროდუქტი. შექმნილი გვაქვს საკუთარი სოფთვეარი, რომელიც გვეხმარება, ადამიანებს, 360 გრადუსიანი ვიდეოებით, ინტერაქტიული გამოცდილება შევუქმნათ. გვაქვს მოწყობილობა, რომელსაც სამგზავრო ჩანთის ფორმა აქვს და შიგნით მოქცეულია ყველაფერი (სათვალე, მონიტორი და ა,შ), რაც სჭირდება ვირტუალური რეალობის საგამოფენო სტენდს. ანუ 5 წუთში, შეგვიძლია ჩანთა ვაქციოთ სტენდად.











