in

მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკი – საქართველოს ბანკის ტრიუმფი Global Finance 2024-ზე

ყოველწლიურად, Global Finance-ის დაჯილდოება მსოფლიო საფინანსო ინდუსტრიაში მიღწეულ წარმატებებს ზეიმობს. წელს, დაჯილდოებაზე საუკეთესო ციფრულ ბანკად საქართველოს ბანკი დასახელდა. მთლიანობაში, ბანკმა გლობალურ და რეგიონულ დონეზე Global Finance-ის 9 ჯილდო მიიღო. კონკურსის ფარგლებში, ჯილდოვდებიან ორგანიზაციები, ბანკები და ფინანსურ ინსტიტუტები მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ მიერ გაწეული საქმიანობისა და ინოვაციების გამო. Global Finance-ის ჯილდოს მოპოვება პრესტიჟული აღიარებაა. ესაა წარმატების ნიშანი ინდუსტრიაში და ფინანსურ ინსტიტუტებს ეხმარება გაამყარონ საკუთარი რეპუტაცია, მოიპოვონ კონკურენტული უპირატესობა. საერთაშიროსო დონეზე კი ეს ჯილდო წარმოადგენს ერთგვარ გზამკვლევს საიმედო, პროგრესული საბანკო პარტნიორობისთვის.

საქართველოს ბანკმა Global Finance 2024-ის დაჯილდოებაზე შემდეგ ნომინაციებში გაიმარჯვა: მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკი, მსოფლიოში საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკი, მსოფლიოში საუკეთესო ონლაინ სახაზინო სერვისები კორპორატიული მიმართულებით, მსოფლიოში საუკეთესო საინვესტიციო შესაძლებლობები კორპორატიული მიმართულებით, მსოფლიოში საუკეთესო დაკრედიტება სამომხმარებლო მიმართულებით, მსოფლიოში საუკეთესო ციფრული გადახდების მიმართულებით, კორპორატიული მიმართულებით საუკეთესო სოციალური მედია მარკეტინგი მსოფლიოში, საუკეთესო ციფრული ბანკი ბიზნესებისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში,
საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.

ჯილდოების მნიშვნელობასა და სამომავლო განვითარებაზე მარკეტერთან საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გიორგი ვახტანგიშვილი საუბრობს.

M: წელს, Global Finance-ის დაჯილდოებაზე განსაკუთრებული აღიარება ერგო საქართველოს ბანკს. რა არის ის უპირატესობები, რაც მას ასე გამოარჩევს მთელ მსოფლიოში და აქცევს საუკეთესო ციფრულ ბანკად?

მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკის გამოსავლენად, Global Finance-ისა და საერთაშორისო ტექნოლოგიური ორგანიზაცია Infosys-ის ექსპერტებით დაკომპლექტებული ჟიური რამდენიმე კრიტერიუმს აკვირდებოდა. ეს იყო მომხმარებელთა მოზიდვისა და ციფრული გამოცდილების სტრატეგიის სიძლიერე, მიმზიდველი ციფრული შეთავაზებები, ციფრული მომხმარებლების ზრდა, პროდუქტის შეთავაზებების ფართო არჩევანი, ციფრული ინიციატივებიდან მიღებული ხელშესახები შედეგები მომხმარებლისთვის, ვებგვერდისა და მობილური აპლიკაციების მოხერხებული ფუნქციონალი, დიზაინი და სხვა.

თითოეული ამ მიმართულებით, საქართველოს ბანკი გამორჩეული იყო როგორც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში, ისე მთელი მსოფლიოს მასშტაბით ფიზიკური პირებისა და ბიზნესისთვის შექმნილი ციფრული პლატფორმების კუთხით. საგულისხმოა, რომ ამ კონკურსში მონაწილეობას იღებდნენ ისეთი გლობალური ფინანსური ინსტიტუტები, როგორებიცაა Bank of America, BBVA, Citi და სხვა.

ჩვენი წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ციფრული ეკოსისტემის შესაქმნელად შემუშავებული ინოვაციური მიდგომებია. ჩვენ ვქმნით კონსოლიდირებულ სისტემებს, რომლებიც ყოველდღიურობაში მეტ შესაძლებლობას აძლევს როგორც ფიზიკურ პირებს, ისე ბიზნესებს. ამის საუკეთესო მაგალითია Ads მენეჯერი, პლატფორმა, რომლითაც ბიზნესები საკუთარ შეთავაზებებს საქართველოს ბანკის 1,500,000-ზე მეტ მომხმარებელს წარუდგენენ, ამ გაშვებული შეთავაზებებით კი, მეორე მხრივ, საცალო მომხმარებლები სარგებლობენ.

ინოვაციურობისა და გამორჩეული ციფრული ინიციატივების მორიგი მაგალითია გასულ წელს მობილბანკში გაშვებული თამაში, რომელმაც ნახევარი მილიონი მომხმარებელი მოიცვა. ახლა კი ამ კამპანიას ლოგიკური გაგრძელება – ყოველდღიურობის დაჯილდოება მოჰყვა, რომლისადმი ინტერესი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ ვქმნით თანამედროვე საბანკო აპლიკაციას, რომელიც არასდროს კარგავს აქტუალობას თითოეული მომხმარებლის ცხოვრებაში. 

M: Global Finance-ზე ხაზი გაესვა იმ სერვისებს, რა მიმართულებებითაც მიიღო ჯილდო ბანკმა. მომხმარებლებისადმი რა მიდგომების გამოა საუკეთესო საქართველოს ბანკი?

საქართველოს ბანკში მიგვაჩნია, რომ  გამორჩეული ციფრული საბანკო გამოცდილება მომხმარებლისგან წამოსულ მიგნებებს ეფუძნება.  საბანკო პროდუქტებისა და სერვისების ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებით კი ჩვენ პერსონალიზებული, გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილება შევქმენით, რაც ამ ჯილდომაც დაადასტურა. შედეგად კი, ამით არა მხოლოდ გავზარდეთ მომხმარებელთა ნდობის დონე ჩვენდამი, არამედ შევძელით მათთვის ახალი შესაძლებლობების გაზიარება და ინოვაციების დანერგვა. 

გასული წლის განმავლობაში ჩვენს ციფრულ არხებში არაერთი განახლება გავუშვით, ეს ყველაფერი კი ნახევარ მილიონზე მეტ მომხმარებლისგან მიღებული უკუკავშირით, მუდმივი კვლევითა და ტესტირებით შევძელით. 

ვამაყობთ, რომ მონაცემებზე დაფუძნებული მიდგომებით, ჩვენ ახლოს ვიცნობთ მომხმარებლებს, მათ სურვილებს, ქცევასა და პრიორიტეტებს. 

M: რა მიმართულებებს გამოყოფდით, რაც Global Finance-ის ჯილდოებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვან მიღწევად მიგაჩნიათ?

Global Finance-ის ჯილდოს პირველ რაუნდში, ქვეყნის მასშტაბით, 45 მიმართულებით მოვიპოვეთ ჯილდო, ფინალურ რაუნდში კი რეგიონული და გლობალური ქვეკატეგორიების ჭრილში 9 ჯილდო მივიღეთ. მათ შორის აღსანიშნავია მსოფლიოში საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკისა და რეგიონში ბიზნესებისთვის საუკეთესო ციფრული ბანკის ჯილდოები. უახლეს აღიარებას შორის იყო ჯილდოები საუკეთესო დაკრედიტების, სახაზინო სერვისების, ინვესტიციების ონლაინ მართვის, ციფრული გადახდების მიმართულებებით და სხვა.

თითოეული ეს ჯილდო მიუთითებს საქართველოს ბანკის გუნდის მიერ გაწეულ დიდ ძალისხმევაზე, ჩვენს საერთო მიზანზე, რომ შევქმნათ თითოეული ადამიანის ყოველდღიურობისთვის რელევანტური პროდუქტები და სერვისები, დავუზოგოთ მათ დრო და რესურსები.

განსაკუთრებით ხაზგასასმელი კი, ცხადია, მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკის ჯილდოა, ერთი მხრივ, გლობალური აღიარების გამო, ხოლო მეორე მხრივ, იქიდან გამომდინარე, რომ მას აქამდე დიდი საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციები, მათ შორის 8 წელი უცვლელად ერთ-ერთი ლიდერი ბანკი – Citi იღებდა.

M: ფაქტობრივად, ჯილდოები სერვისის, ციფრული მომსახურების, პროგრამული უზრუნველყოფის, კომუნიკაციისა და პროდუქტების სრულ სპექტრს მოიცავს – შეაფასეთ ის ძალისხმევა, რაც ამ მიმართულებების სათანადოდ გამართვისკენ გაქვთ მიმართული და რაც ასე გამორჩეულად დაფასდა Global Finance-ზე.

ჩვენი ძალისხმევა მომხმარებლების ყოველდღიურობის გაუმჯობესებისკენაა მიმართული. თითოეული პროექტი, პროდუქტი თუ სერვისი სწორედ ამ იდეიდან გამომდინარეობს და გუნდებიც სწორედ ამ მოტივაციით მუშაობენ დაუღალავად. 

ამ პროცესში ასევე გვინდა აღვნიშნოთ თანამედროვე ტექნოლოგიების როლიც. საქართველოს ბანკში კარგად გვესმის, რომ უახლესი ტექნოლოგიები ფინანსურ ინდუსტრიას საფუძვლიანად  ცვლის, რადგან ინსტიტუტებს დიდი მოცულობის მონაცემების ეფექტიანად ანალიზში და პერსონალიზებული ფინანსური მომსახურების შექმნაში ეხმარება. ამასთან, ათავისუფლებს ადამიანურ რესურსს რუტინული საქმიანობისგან და უფრო მეტად კრეატიული საქმიანობისკენ უხსნის გზას.

ჩვენ მნიშვნელოვანი ძალისხმევა გავწიეთ ამ ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით. მანქანური დასწავლის მეთოდები და ხელოვნური ინტელექტი  გვეხმარება ეფექტიანი, სწრაფი სისტემების ჩამოყალიბებაში, რასაც საბოლოო ჯამში, როგორც საცალო მომხმარებლებისთვის, ისე ბიზნესებისთვის საინტერესო პროდუქტების შექმნისკენ მივყავართ.

M: ახლა, როდესაც მსოფლიო პირველობა მოიპოვეთ – რა მიმართულებებით და როგორ გეგმავთ განვითარებას?

პირველ რიგში, ეს ჯილდო წლების განმავლობაში ძალიან ბევრი ადამიანის –  არა მხოლოდ ჩვენი თანამშრომლების, არამედ ამ სექტორში მომუშავე ბევრი ადამიანის და რაც მთავარია, მომხმარებლის ძალისხმევის შედეგია და მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ მათგანს, რადგან, როგორც ვახსენეთ, მათი უკუკავშირი გვაძლიერებს. 

ჩვენ კი ვაპირებთ, მათ კიდევ უფრო საინტერესო, მათ ინტერესებზე მორგებული პროდუქტები შევთავაზოთ, ამასთან, დავნერგოთ როგორც ფინანსურ, ისე ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში არსებული უახლესი მიგნებები ჩვენს სერვისებში და რა თქმა უნდა, შევინარჩუნოთ მოწინავე პოზიციები ადგილობრივ და გლობალურ ბაზარზე. 

[R]

ჰუმანოიდმა რობოტებმა ერთმანეთში კამათი დაიწყეს

დიდი გამოცდილებისა და დამწყებად ყოფნის სიმსუბუქე – მარიამ ბებიაშვილის ამბავი