in

Global Finance-მა კობა გვენეტაძე საუკეთესო ცენტრალური ბანკების მმართველთა შორის ზედიზედ მეხუთედ დაასახელა

მსოფლიოს წამყვანმა ფინანსურმა გამოცემამ, Global Finance-მა, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე 2022 წლის მსოფლიოს ცენტრალური ბანკების საუკეთესო მმართველთა შორის დაასახელა – მისთვის ეს ზედიზედ მეხუთე ჯილდოა.

Global Finance ცენტრალური ბანკების მმართველების რეიტინგს 1994 წლიდან აქვეყნებს და მათი შეფასება “A”-დან “F”-მდე შკალით დგება, სადაც “A” ბრწყინვალე შედეგების ხოლო “F” სრულ ჩავარდნას ნიშნავს. რეიტინგი რამდენიმე მნიშვნელოვანი კრიტერიუმის გათვალისწინებით ყალიბდება, როგორებიცაა ინფლაციის კონტროლი, ეკონომიკური ზრდის მიზნები, ვალუტის სტაბილურობა და საპროცენტო განაკვეთების მართვა. ეს ჯილდო საერთაშორისო ფინანსურ საზოგადოებაში ფართოდ არის აღიარებული, დაჯილდოებული პირებისა და ცენტრალური ბანკების მაღალ რეპუტაციასა და წარმატებულ საქმიანობაზე მეტყველებს და მრავალი წელია, ბრწყინვალე სამუშაო შედეგების აღიარებულ და სანდო სტანდარტად იქცა.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი Global Finance-მა თავის რეიტინგებში პირველად 2018 წელს ჩართო და ის, უკვე მეხუთე წელია, ცენტრალური ბანკების იმ საუკეთესო მმართველთა სიაში ხვდება, რომელთაც A და A- შეფასება მიიღეს. მმართველების ამ ჯგუფის დაჯილდოების ცერემონია, ტრადიციულად, ოქტომბერში, ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების დროს გაიმართება.

2022 წლის Central Banker Report Cards-ში 96 ცენტრალური ბანკირი, მათ შორის, ევროკავშირის ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელებიც  შეფასდნენ და მხოლოდ 21-მა მმართველმა მოიპოვა უმაღლესი შეფასება. კობა გვენეტაძესთან ერთად, Global Finance-ის მიერ გამოვლენილ ცენტრალური ბანკის საუკეთესო მმართველებში შვედეთის, ახალი ზელანდიის, ბრაზილიის, ჩინეთის, ისრაელის და სხვა, როგორც განვითარებული, ისე განვითარებადი ქვეყნის ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელებიც შედიან.

„ახლა, როდესაც მსოფლიო გლობალური რეცესიის შიშმა მოიცვა, ცენტრალური ბანკების ლიდერები ყურადღების ცენტრში ექცევიან, რადგან მათი ამოცანაა ამ სცენარისთვის თავის ასარიდებლად შესაბამისი პოლიტიკის გატარება”, – აღნიშნა ჟურნალ Global Finance-ის დამფუძნებელმა და მთავარმა რედაქტორმა ჯოზეფ ჯარაპუტომ. Global Finance-ის ყოველწლიურ ანგარიშში მოცემულია ფინანსური პოლიტიკის იმ ლიდერთა საქმიანობის ანალიზი და შეფასება, რომლებიც საუკეთესო გადაწყვეტილებას იღებენ და ასევე, იმ ლიდერებისა,  რომლებიც გაუმჯობესებას საჭიროებენ”.

1987 წელს დაარსებული Global Finance  მიმოქცევაში 160-ზე მეტ ქვეყანაშია. ჟურნალის მკითხველებს შორის არიან მულტინაციონალურ კომპანიებსა და ფინანსურ ინსტიტუტებში საინვესტიციო და სტრატეგიულ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებელი მაღალ თანამდებობებზე მყოფი კორპორაციული და ფინანსური მენეჯერები. ჟურნალის ვებგვერდზე ქვეყნდება 192 ქვეყნის შესახებ მონაცემები, ანალიტიკური და მიმოხილვითი სტატიები, რომლებიც საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე 35-წლიანი გამოცდილების შედეგია. Global Finance-ის სათავო ოფისი ნიუ-იორკში მდებარეობს, აქვს ოფისები ლონდონსა და მილანში.

ანგარიშის სრული ვერსია ჟურნალის ოქტომბრის ბეჭდურ და ციფრულ გამოცემებში გამოქვეყნდება. ის, ასევე, ხელმისაწვდომი იქნება ონლაინ მისამართზე: GFMag.com.

[პარტნიორის კონტენტი]

„სად კვდება თქვენი ტანსაცმელი?“ — Electrolux-ის ახალი კამპანია

მარკეტერების სახელმძღვანელო NFT კამპანიის დასაგეგმად