თამაშების ინდუსტრია სულ უფრო მზარდ სახეს იღებს და შეიძლება ითქვას, თამაში მხოლოდ თამაში აღარ არის — ეს არის რაღაც უფრო მეტი, სადაც კომპანიების ნაწილი ციფრული სამყაროს მომავალს ხედავს. შესაბამისად, თამაშების სპეციალისტები მეტად ცდილობენ, რაიმე ახალი და განსხვავებული შექმნან, იქნება ეს ტექნიკური ინოვაციების დანერგვა თუ გამორჩეული სცენარი.
ინდუსტრიის აქტიურ განვითარებას მოწმობს სტატისტიკური მონაცემებიც, რომელთა თანახმადაც, 2025 წლისთვის გლობალური სათამაშო ბაზარი 256,97 მილიარდ დოლარს მიაღწევს. მთელი მსოფლიოს მასშტაბით კი 2.5 მილიარდზე მეტი ადამიანი თამაშობს — მათ ჯერ კიდევ 2020 წლამდე $4.5 მილიარდი დახარჯეს იმერსიულ თამაშებზე.
რაც შეეხება Global Game Jam-ს (GGJ), ის მსოფლიოში თამაშების შექმნის ყველაზე დიდი ღონისძიებაა, რომლის მიზანიც კრეატიული ადამიანების შთაგონება, მათთვის სწავლის საშუალების მიცემა და ექპერიმენტირებაა. და იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოშიც აქტიურად იქმნება ხარისხიანი ციფრული პროდუქტი, აშკარად გამოიკვეთა ადგილობრივი Global Game Jam-ის ჩატარების აუცილებლობა, რადგან მსგავსი ტიპის ღონისძიებები თამაშების ინდუსტრიის განვითარებას უწყობს ხელს. მეტი ინფორმაცია და განვითარება კი ახალ შესაძლებლობებს გულისხმობს…
ადგილობრივი 48-საათიანი GGJ 28-30 იანვარს თბილისში, სასტუმრო “თბილისი მოქსიში” ჩატარდა. პარალელურ რეჟიმში კი ასეთი ღონისძიება 100-ზე მეტ ქვეყანაში ჩატარდა და თამაშებით დაინტერესებული ათასობით კონკურენტი გააერთიანა. ჰაკათონზე 50-მდე მონაწილე იყო წარმოდგენილი, რომელთაც კომპეტენტური მენტორების დახმარებით თავიანთი თამაშები დახვეწეს. საბოლოოდ, გამარჯვებული გუნდი Parallax გახდა, რომელმაც მთავარი პრიზი 5000 ლარი და გლობალურ კონკურსში ჩართვის შესაძლებლობა მიიღო.
ჰაკათონის დაწყებისას ყველასთვის 2 თემატიკა გახდა ცნობილი — Duality, რომელიც გლობალურად ყველა ქვეყანაში საერთო იყო და მეორე თემატიკა, კოსმოსი, რომელიც კონკრეტულად საქართველოს რეგიონზე ვრცელდებოდა.
გამარჯვებული თამაშის კონცეფცია ასეთია: გალაქტიკაში უამრავი უსიცოცხლო და ბნელი პლანეტაა, გარდა მზისა, რომელშიც ბევრი ნათურა ცხოვრობს და ანათებს მას. შენ ერთი რიგითი ნათურა ხარ — ერთ-ერთ პლანეტაზე გაგზავნილი და შენი მიზანია, მის ფსკერზე ჩახვიდე… ცენტრში და გააცოცხლო/გაანათო ის. ამ ყველაფერთან ერთად, მეგობარი ნათურების დახსნა უნდა შეძლო, რომლებმაც ვერ მოახერხეს მისიის შესრულება და ამ პლანეტაზე დარჩნენ. ამისათვის, ისეთი მექანიზმები უნდა გამოიყენოთ, როგორიცაა სინათლის ანთება და ჩაქრობა/დამალვა; ასევე, პატარა განათებებით მოწინააღმდეგის მოტყუება. ეს ყველაფერი ისე უნდა გააკეთო, რომ არ დაგამარცხონ მოწინააღმდეგე მონსტრებმა.
“დაახლოებით 1 კვირით ადრე გავიგეთ გლობალური გეიმჯემის შესახებ. იმის ფონზე, რომ პანდემიის პერიოდში თითქმის ყველაფერი შეჩერებული იყო, გაგვიხარდა, როცა ასეთი ივენთის შესახებ გავიგეთ და უსიტყვოდ დავრეგისტრირდით. სიმართლე გითხრათ, ველოდი, რომ ძალიან კარგი შედეგი დაიდებოდა და საინტერესო გუნდები იქნებოდნენ წარმოდგენილი… თუმცა იმაზე გაცილებით კარგი პროექტები ვნახეთ, ვიდრე წარმოგვედგინა. ჩვენი მონაწილეობის მთავარი მიზანი კი გართობა და საინტერესო ადამიანებთან კომუნიკაცია იყო”, — ამბობს გიორგი ჭყრუნიშვილი, გამარჯვებული გუნდის წევრი.
მიღებულ თანხას Parallax კვლავ თამაშების ინდუსტრიისთვის გამოიყენებს: “ღონისძიების დაწყებამდე ზუსტად ერთი თუ ორი დღით ადრე გაგვაგებინეს, რომ შეგვიძლია, ჩვენი VR თამაში The Chewllers პოლონეთში, Digital Dragon-ის კონფერენციაზე გავიტანოთ. ეს ერთ-ერთი მასშტაბური ღონისძიებაა, რომელსაც ყოველწლიური სახე აქვს და შესაძლებლობას გვაძლევს, მონსტრი კორპორაციების (როგორიცაა Oculus, Ubisoft, AMD, CD Project Red…) წარმომადგენლები გავიცნოთ, ჩვენი პროდუქტები წარვუდგინოთ და მათგან რჩევები მივიღოთ. სწორედ ამ ყველაფრისთვის გამოვიყენებთ მიღებულ თანხას და ჩვენს შესაძლებლობებს”.
საგულისხმოა, რომ Global Game Jam Georgia ბილაინის მხარდაჭერით გაიმართა — კომპანია, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, აქტიურად აგრძელებს საქართველოში ციფრული ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობას, მათ შორის შემოქმედებითი აზროვნებისა და ინოვაციურობის, ასევე ახალი იდეების წარმოშობისა და დანერგვის კომპეტენციის განვითარებას ახალგაზრდებში.
Global Game Jam Georgia-ს ორგანიზატორის, Hayk Asriyants-ის აზრით კი, მსოფლიო უკეთესი ადგილი ხდება, როცა ბევრი შემოქმედებითი ადამიანია მასში. ამიტომ, ჰაკათონის მიზანი ისეთი სივრცის შექმნა იყო, სადაც მონაწილეებს საკუთარი კრეატიულობის გამოვლენის საშუალება მიეცემოდათ და ინდუსტრიის განვითარებაში შეიტანდნენ წვლილს.
ავტორი: ქეთია ბელქანია