in

გლობალური მიზნები COVID-19-ის საპასუხოდ

M2

მდგრადი განვითარების 17 მიზანზე, რომელთაც გლობალურ მიზნებადაც მოიხსენიებენ, ჯერ კიდევ 2015 წელს შეჯერდა გაეროს 193 ქვეყანა და 2030 წლამდე გაიწერა მიზნების შესრულების გეგმა.

მაშინ, ყველანი, ჯერ კიდევ ცხოვრების ჩვეულ რიტმს მივყვებოდით და ვერ წარმოგვედინა, რომ ჩვენი დღის წესრიგში გადამწყვეტი როლი ერთმანეთისგან დისტანცირებას ექნებოდა. არ გვეგონა, რომ რამდენიმე კვირაში მოგვიწევდა ჩვენი ყოველდღიურობის სრულად შეცვლა და ახალ რეალობაზე მორგება. 

თითოეული ჩვენგანი შეძლებისდაგვარად ვცდილობთ ფეხი ავუწყოთ შეცვლილ ცხოვრებას და არ შეგვაშინოს ახალმა გამოწვევებმა, ვდილობთ, არ გავჩერდეთ, შევეგუოთ მუშაობის ახალ სტილს, ვიყოთ აქტიურები და თან, დავრჩეთ სახლში.

გამოჩდა ბევრი პასუხისმგებლიანი თუ უპასუხისმგებლო კომპანიაც,  რომლებიც კრიზისის დროს სხვადასხვანაირად მოქმედებენ. ზოგი ზრუნავს თანამშრომლებზე და ფიქრობს, რომ მათში ჩადებული რესურსი უდიდესია. შესაბამისად თვლიან რომ, პანდემიის გადავლის შედმეგ გაუჭირდებათ მსგავსი კადრების მოძიება. კომპანიების ნაწილი კი ვერ უძლებს ეკონომიკურ კრიზის და ემშვიდობება თანამშრომლებს.

და მაშინ, როდესაც ყველაფერი იცვლება ძალიან სწრაფად, მდგრადი განვითარების მიზნებს და მათ შესრულებას, კიდევ უფრო მნიშნველოვანი როლი ეკისრება. 

COVID-19 ის  გავრცელებისთანავე, გაერომ დაიწყო მის წინააღმდეგ ბრძოლა. მათი განცხადებების მიხედვით, კორონავირუსის პანდემია წარმოადგენს უდიდეს შანსს კაცობრიობისთვის, იმოქმედონ გაერთიანებულად და გამოწვეული კრიზისი გადააქციონ შესაძლებლობად. გაერთიანებული ერების გენერალურმა მდივანმა მიიღო მკაფიო გადაწყვეტილება, რომ წინ აღუდგეს კრიზისს და მთავრობებს  მხარდაჭერა გამოუცხადა.

გადავხედოთ, თუ როგორ ეხმიანება გლობალური მიზნები ვირუსს და როგორ იბრძვიან გაერთიანებული ერები COVID 19-ის წინააღმდეგ.

მიზანი: ჯანმრთელი ცხოვრება და კეთილდღეობა

COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლას სათავეში უდგას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია. 14 აპრილის მონაცემებით, მსოფლიოში 1 939 463 ადამიანი დაინფიცირდა ვირუსით. დაავადებულთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ წამოიწყო კამპანია FIFA-სთან ერთად სახელწოდებით „გადაეცი გზავნილი, რათა დაამარცხო კორონავირუსი“.  

„თქვენ არ შეგიძლიათ მოიგოთ ფეხბურთის მატჩი მხოლოდ დაცვით. იმისათვის რომ მოვიპოვოთ გამარჯვება, საჭიროა ვირუსს შევუტიოთ აგრესიული და მიზანმიმართული ტაქტიკით“ – განაცხადეს კამპანიის ორგანიზატორებმა.  

აუცილებელია, ტესტირება ჩაუტარდეს ყველა საეჭვო შემთხვევას, იზოლაციაში იყოს ყველა ინფიცირებულმა კი, მაქსიმალურად ეცადოს გამოავლინოს თითოეული კონტაქტი – აი, სწორედ ეს არის სწორი და მიზანმიმართული მიდგომა COVID- 19 ის საპასუხოდ, რომელიც ყველა ქვეყანამ უნდა გაითვალისწინოს.

მიზანი: სუფთა წყალი და სანიტარია

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მოგვიწოდებს, რომ COVID-19 ის გავრცელების შესაჩერებლად, საუკეთესო საშუალება ხელების ხშირად დაბანა ან სანიტარული საშუალებებით დამუშავებაა. თუმცა, მსოფლიოში დაახლოებით 3 მილიარდ ადამიანს არ აქვს წვდომა სუფთა წყალზე, რაც ნეგატიურ გავლენას ახდენს მათ ჯანმრთელობაზე. 

ისინი არსებული პანდემიის დროს ბევრად დაუცველები აღმოჩნდნენ. სწორედ ამ მიზეზის გამო, ამ მოწყვლადი ჯგუფებისთვის, გაეროს წყალმომარაგების წევრები და პარტნიორები ვალდებულებას იღებენ და იქმნება სპეციალური გეგმა, როგორ უნდა მივაღწიოთ ამ მიზანს დაჩქარებულად და ძალიან სწრაფად მივიღოთ შედეგი.

მიზანი: ხარისხიანი განათლება

მდგრადი განვითარების მეოთხე მიზანი ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნაა ყველასთვის.

თუმცა, UNESCO-ს განცხადების მიხედვით, კორონავირუსის პანდემიის შედეგად, დაახლოებოთ 1,25 მილიარდი მოსწავლე დაზარალდა. „მიუხედავად იმისა, რომ ეს კრიზისი ყველაზე მეტად არის ჯანმრთელობის კრიზისი, ასევე მიგვანიშნებს ბევრ საკითხზე, რომელიც ძალიან ღირებულია ჩვენთვის და ახალი აღმოჩენების შესაძლებლობას გვაძლებს“ – განაცხადა UNESCO-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ.

UNESCO მხარს უჭერს მთავრობებს და მზად არის ხელი შეუწყოს დისტანციურ სწავლებას, სამეცნიერო თანამშრომლობას და ინფორმაციულ მხარდაჭერას.

მიზანი: გენდერული თანასწორობა

გაეროს გენდერული თანასწორობის და ქალთა გაძლიერების წარმომადგენლებმა გამოაქვეყნეს COVID-19-ის საპასუხო გზავნილები მთავრობებისთვის, რომელიც მოიცავს 10 მიმართულებას.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია მზადაა, მხარი დაუჭიროს მთავრობებს  ქალთა და გოგონათა უფლებების დაცვის მიმართულებით.

მათი განცხადებით, ქალებს ქვეყნების კეთილდღეობა საკუთარ მხრებზე გადააქვთ. ისინი მუშაობენ დღე და ღამე, როგორც ჯანმრთელობის თუ ოჯახის დაცვისთვის , მოხუცების, ბავშვების მოვლისთვის, ასევე შრომობენ აფთიაქებში, მაღაზიებში და ა.შ

მიზანი: ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO)  განცხადების მიხედვით, შესაძლოა, თითქმის 2.5 მილიონმა ადამიანმა დაკარგოს  სამუშაო კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის გამო. ILO-ს უფროსი ეკონომისტი, ჯინინ ბერგი თავის ბლოგში აფრთხილებს საზოგადოებას, რომ არაფორმალურ დასაქმებაში მყოფი ადამიანები ვერ მიიღებენ სოციალურ დახმარებას, რაც მათ ამ კრიზისის დროს სჭირდებათ.

ისინი მოუწოდებენ ქვეყნებს, დაადგინონ სოციალური უსაფრთხოების და დაცვის მინიმალური დონე და დაიწყონ რაც შეიძლება მეტი დამიანის  დახმარება, რაც შეიძლება სწრაფად.

მიზნების შესრულებისთვის და სწრაფი შედეგების მიღებისთვის, საჭიროა გაერთიანება და მიზანმიმართული ნაბიჯების გადადგმა, როგორც მთავრობების, კერძო სექტორის თუ სამოქალაქო ორგანიზაციების, ისე ჩვენი, თითოეული ადამიანის მთელ მსოფლიოში. 

COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლა ყველასთვის გამოწვევაა და ახლებურ ცხოვრებას გვასწავლის.

დედამიწა ისვენებს, ჰაერი გაიწმინდა, ქუჩები დაცარიელდა, თითქოს დროც გაჩერდა, ხალხიც მოდუნდა, სტრესიც ხანდახან იმარჯვებს ჩვენზე, მაგრამ არა, სწორად ახლაა დრო საკუთარ თავში ახალი აღმოჩენები გავაკეთოთ, განვვითარდეთ, გავძლიერდეთ და ახალი ძალებით შევხვდეთ ძალიან მალე!  შევხვდეთ პირისპირ, დისტანცირების გარეშე და თამამად ჩამოვართვათ ერთმანეთს ხელი.

 

ავტორი: თაკო ვარამაშვილი

სოციალური დისტანციის ნიშნებით შექმნილი საზოგადოებრივი არქიტექტურა

“Tate Modern” ენდი უორჰოლის ვირტუალურ გამოფენას გვთავაზობს