ბიზნეს ეკოსისტემა სულ უფრო იზრდება და ახალი მიმართულებები ყალიბდება. ალბათ შეამჩნევდით, რომ წინა წლებისგან განსხვავებით, დღეს ბევრად მეტი სტარტაპია, მათ კი თავისებური მხარდაჭერა სჭირდებათ საქმიანობის სრულფასოვნად წარმოებაში. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ადგილობრივი ბაზრიდან საერთაშორისოზე გასვლა, რაც ჯერ კიდევ დიდ პრობლემად ითვლება საქართველოში. სწორედ ამ მიზნით, შეიქმნა ჯგუფი GLOBALIZE, რომლის მიზანიც, ქართველი სტარტაპებისა და ექსპორტიორების, მათი საინტერესო ბიზნესიდეების გლობალურ არენაზე გატანაა.
ამჟამად Globalize ქართველი პროფესიონალებისგან დაკომპლექტებულ, ადგილობრივ საკონსულტაციო ჯგუფებს 12 ქვეყანაში აერთიანებს. კომპანია არაერთ აქტივობას გეგმავს ე.წ. community-ს შესაქმნელად, რომელიც დაეხმარება მეწარმეებს როგორც ერთმანეთთან დაკავშირებაში, ისე უცხოელი პარტნიორების გაცნობაში. აპრილის თვეში კომპანიას დაგეგმილი აქვს პირველი კონფერენცია „სილიკონ ველიზე”, მაისში ჩაატარებს კონფერენციას პარიზში, წლის ბოლოს კი თბილისში, შემაჯამებელ ღონისძიებას უმასპინძლებს.

თუ რას საქმიანობს კომპანია და რა გეგმები აქვს, ამაზე თავად მისი დამფუძნებელი, სალომე კუკავა მოგვიყვება:
M: რა არის Globalize და როგორ გაჩნდა იდეა, რომ ის დაარსებულიყო?
გლობალაიზი (Globalize) არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც ქართულ სტარტაპ და ბიზნეს იდეებს, საექსპორტო პროდუქტებს და სერვისებს საერთაშორისო ბაზრებზე გაიტანს. რაც შეეხება მისი შექმნის ისტორიას, წინაპირობა პირველ რიგში იყო მოცემულობა რომელიც ტექნოლოგიურმა და ბიზნესგარემოს განვითარებამ შექმნა გლობალურად. საქმე ისაა, რომ საქართველოს ბიზნეს-ლანდშაფტი, ბოლო წლებში, მაღალი ტემპით იცვლება. გაიზარდა პროფესიული მომსახურებების სპექტრი, იმატა სტარტაპებმა. ვიცით, რომ პროგრესის ხელშეწყობისთვის, საუკეთესო ფორმულა მასშტაბურობის შენარჩუნებაა. ამ კუთხით კი, გარკვეული პრობლემები არსებობს. ქართველ მწარმოებლებსა და ექსპორტიორებს ბიზნესის გაფართოებისა და საერთაშორისო ბაზრებზე გატანისთვის, მაღალპროფესიონალური გუნდი, ექსპორტის პროცესის სიღრმისეული ცოდნა, შესაბამისი კავშირები და ადგილობრივ ბაზრებზე მორგების ხედვა ესაჭიროებათ, რაც დღეს სირთულეს წარმოადგენს. ამის მიზეზი ბევრი რამ არის, მათ შორის ბიუროკრატია, რესურსების ნაკლებობა, ენობრივი ბარიერები, ეთნოცენტრიზმი და სანდო პარტნიორების არარსებობა და ა.შ. სწორედ ამ წინაღობების დაძლევისთვის და ქართული ბიზნესის გლობალურ ბაზრებზე გასვლის ხელშეწყობისთვის, შეიქმნა Globalize.
კიდევ ერთი მოტივატორია თავად სტარტაპების მზაობა. მათ უკვე დაასაბუთეს, რომ შეუძლიათ შექმნან პროდუქტი, რომელიც ინტერესს იწვევს გლობალურ საინვესტიციო ბაზარზე. გარდა ამისა, უამრავი ქართული საექსპორტო პროდუქტი უკვე გასულია საერთაშორისო ბაზრებზე, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ შესაძლებლობები უსაზღვროა. მთავარია მოიძებნოს ზუსტი ადგილი, დრო და მოცემულობა იმისთვის, რომ ინვესტირებით დაინტერესებული პერსონები და ჯგუფები სტარტაპებსა და ექსპორტიორებს დავაკავშიროთ. Globalize სწორედ ამ მისიით შეიქმნა.
M: ვინ არიან კომპანიის გუნდის წევრები, როგორია თქვენი გამოცდილება?
Globalize დამფუძნებელი და აღამსრულებელი დირექტორი გახლავართ მე, სალომე კუკავა. თანადამფუძნებელი და მმართველი პარტნიორია მარკუს (ირაკლი) დავარაშვილი. მარკეტინგის მიმართულებას ოთარ ქირია ხელმძღვანელობს. პოლონეთიდან ჩვენს გუნდს შემოუერთდა ლიკა გუბაშვილი, რომელიც ბიზნეს პროცესებსა და პროექტების ხარსხზე მუშაობს. ჩვენთან ერთად არიან ციფრული მარკეტინგის, კომუნიკაციების, გრაფიკული დიზაინისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიონალები. ამასთან Globalize-ს 12 ქვეყანაში უკვე შევქმენით ადგილობრივი სამუშაო გუნდები, შტატებში, ევროპასა და ცენტრალური აზიის რამდენიმე სახლემწიფოში. გუნდები 100% ქართველი პროფესიონალებისგან ჩამოყალიბდა, რომელთაც უკვე წლების გამოცდილება აქვთ დაგროვილი ლოკალურ ბაზრებზე და შეუძლიათ დაგროვილი ცოდნის, გამოცდილების თუ საჭირო კავშირების გაზიარებით, ქართული ბიზნესების საერთაშორისო ბაზრებზე გაფართოებას შეუწყონ ხელი, რითაც არა მხოლოდ ქვეყნის ეკონომიკას ეხმარებიან, არამედ, შეუძლით თავადაც მიიღონ სარგებელი.
M: რას გულისხმობს და როგორ შეიკრა ის უნიკალური ქსელი, რომელიც აერთიანებს ამ პროფესიონალებს?
Globalize-ს გააჩნია უნიკალური ქსელი, რომელიც აეთიანებს ქართული დიასპორის ხუთი ათასამდე წარმატებულ პეროსონას მსოფლიოს გარშემო. ეს არიან ბიზნესმენები, მაღალი რგოლის აღმასრულებლები, ინვესტორები, ტექნოლოგიებში მოღვაწე პროფესიონალები, რომლებსაც აქვთ ინტერესი, ჰქონდეთ ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე საინვესტიციო შესაძლებლობებზე, სტარტაპებსა თუ საექსპორტო პროდუქტებზე და ჩაერთონ ქვეყნის განვითარების პროცესში, მიუხედავად იმისა, დაბრუნდებიან თუ არა საქართველოში, დამეთანხმებით, მათში დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება მნიშვნელოვან აქტივს წარმოადგენს ქვეყნისთვის და ვეცდებით, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ქვეყნის განვითარებისთვის, ეს იდეა ყველას გვაერთიანებს. მიუხედავად იმისა, რომ Globalize არ არის სოციალური პროექტი და ემსახურება ყველა ჩართული მხარის კომერციული ინტერესის დაკმაყოფილებას,, მასში გათვალისწინებულია იდეა და სენტიმენტები, რომ ჩვენ ქართველები ვართ საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ და შეგვიძლია ერთმანეთს ხელი მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შევუწყოთ. და რატომაც არა, თუ ეს ხელშეწყობა ყველა მხარისთვის მომგებიანი იქნება?
აქვე ვიტყვი, რომ ნებისმიერ ქართველს, რომელიც დაინტერესებულია ინვესტიციებით, ახალი ტექნოლოგიებით, ქართული სტარტაპებისა და კომპანიებისთვის გამოცდილების გაზიარებით, შეუძლია გახდეს Globalize Community-ის წევრი.
M: კარგად რომ განვმარტოთ, კონკრეტულად რაში უწყობთ ხელს სტარტაპებს? ანუ რა გზას გაივლიან ისინი თქვენთან დაკავშირებიდან გლობალურ ბაზრამდე?
პირველ რიგში, ვაანალიზებთ იდეის თავსებადობას ბაზრის მოთხოვნასთან. ამისთვის Globalize გუნდი სისტემატურ რეჟიმში ატარებს კვლევასა და მონიტორნგს საერთაშორისო ბაზრებზე. სიტუაციური ანალიზის შემდეგ, ვიწყებთ სტარტაპის ბიზნეს იდეის შეფუთვას, შაბლონი ჩვენი გუნდის მიერაა შექმნილი და, დიდი გამოცდილების გათვალისწინებით, მორგებულია იმ სტანდარტებსა და მოთხოვნებზე, რაც გლობალურ საინვესტიციო ჯგუფებში, აქსელერატორებსა თუ ფორუმებზეა მიღებული. პარალელურად, Globalize უკვე არსებული დიასპორის ქომიუნითის და საერთაშორისო გუნდის წევრების ჩართულობით, ეკონტაქტება ინვესტორებს, დონორებს, ეძებს ფონდებსა და დაფინანსების წყაროებს. ამის შემდეგ, სტარტაპისთვის ვაორგანიზებთ ფიჩინგ და დემო შეხვედრებს, ვაკავშირებთ ინვესტორებს. მათი ინოვაციური იდეები ასევე შეუძლიათ წარადგინონ Globalize-ის საერთაშორისო კონფერენციებზე, ინვესტორების წინაშე. ვაორგანიზებთ მოლაპარაკებებს და შეთანხმების პროცესი მიგვყავს საბოლოო შედეგამდე. საჭიროების შემთხვევაში, კონსულტაციებს ვუწევთ საოპერაციო ლოჯისტიკურ თუ ადმინისტრაციულ ნაწილშიც. ამასთან, ჩვენ ქსელში ვაერთიანებთ გლობალურ მედია სააგენტოებს და პარტნიორულ ხელშეკრულებებს ვაფორმებთ წამყვან ტექ-მედია პლატფორმებთან. ჩვენი ერთ-ერთი მომსახურება, Media Outreach Program მოიცავს ჩვენი მომხმარებლებისა და პარტნიორების გლობალურ მედია საშუალებებში პოზიციონირებას.
M: Globalize Dealbook-ზეც გვითხარით. რას მოიცავს დეტალურად ეს პროექტი და ვის გააერთიანებს?
Globalize ქმნის უნიკალურ პროექტს, Globalize Dealbook, რომელიც იქნება პლატფორმა ქართველი თუ საერთაშორისო ინვესტორებისთვის, ასევე, დიასპორის წარმომადგენლებისთვის. პლატფორმა თავს მოუყრის საქართველოში მიმდინარე საინვესტიციო პროექტებს ინდუსტრიების მიხედვით, საექსპორტო პროდუქტებსა და სერვისებს და ინფორმაციას ქართული სტარტაპების შესახებ. Dealbook მოიცავს ასევე ესეებს, სტატიებს, ინტერვიუებსა და ილუსტრაციებს სექტორების მიხედვით, რათა ინვესტორმა ინდუსტრიის განვითარების სპექტრით დაინახოს საინვესტიციო პროექტის ფასეულობა. Dealbook-ის მონაცემები არ არის საჯარო და ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ Globalize-ის პარტნიორი ინვესტორებისთვის. ჩვენ ასევე ვგეგმავთ საერთაშორისო (არასაჯარო) ღონისძიებებსაც ინვესტორებისთვის, სადაც შეიკრიბება მხოლოდ Dealbook-თან დაკავშირებული სამიზნე აუდიტორია. პლატფორმა ამა წლის მაისში ჩაეშვება.
M: როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
წლის განმავლობაში, უამრავი აქტივობა გვაქვს დაგეგმილი, ჩვენი მიზანია, შევქმნათ მომსახურების სრული სპექტრი, რაც სტარტაპებსა და ექსპორტიორებს საერთაშორისო ბაზრებზე გასვლას გაუმარტივებს. გვჯერა, რომ ამის პოტენციალი და რესურსი არსებობს, გვჯერა ჩვენი გუნდის, რომელთან ერთადაც, მთების გადადგმა შეიძლება. ამიტომ, მზად ვართ, კარი გავუღოთ ახალ შესაძლებლობებს.

დაინტერესებულ პირებსა და სტარტაპებს შეგიძლიათ ესტუმროთ ვებგვერდს: globalize.ge, რომელიც რამდენიმე დღის წინ ჩაეშვა. საიტზე ზოგადი ინფორმაციის გარდა, სპეციალური კითხვარებია განთავსებული, რომელთა შევსების შემდეგაც, კომპანია თავად დაგიკავშირდებათ.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი













