კლიმატური ცვლილებები რომ პირდაპირ ექსტრემალურ ამინდის პირობებად, ბუნებრივ კატასტროფებად და გადაშენებულ სახეობებად ითარგმნება, ამაზე ბევრჯერ გვსმენია, მაგრამ ახლა ვიგებთ, რომ იგი გარკვეულ ჯანმრთელობის მდგომარეობებზეც ზემოქმედებს — ნეირომეცნიერების კვლევის თანახმად, კლიმატური ცვლილებები ნევროლოგიურ დარღვევებს გააუარესებს.
უფრო ზუსტად რომ გითხრათ, 332 ნაშრომი შეისწავლეს, რომლებიც, თავის მხრივ, კლიმატური ცვლილებების გავლენას აკვირდებოდა ტვინის ჯანმრთელობაზე. ამასთან, მკვლევრებმა 19 განსხვავებული მდგომარეობა შეისწავლეს, მათ შორის ინსულტი, შაკიკი, ალცჰაიმერი, მენინგიტი, ეპილეფსია, გაფანტული სკლეროზი, შფოთვა, დეპრესია, შიზოფრენია და სხვა ფსიქიატრიული დარღვევები. ეს მონაცემები კი საკმარისი აღმოჩნდა აღნიშნული დასკვნის გამოსატანად, რომ კონკრეტული ნევროლოგიური მდგომარეობები პლანეტის დათბობასთან ერთად გაუარესდება.
„ტვინის ზოგიერთ მდგომარეობაზე კლიმატის გავლენის მკაფიო სამხილი არსებობს, განსაკუთრებით ინსულტსა და ნერვული სისტემის ინფექციებზე. ხოლო კლიმატური ვარიაციები, რომლებიც თავის ტვინის დაავადებებზე ზემოქმედებდა, როგორც მაღალ, ისე დაბალ ექსტრემალურ ტემპერატურებს ეხებოდა, ასევე, დღის მანძილზე ტემპერატურის ცვალებადობებს, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ისინი სეზონურად უჩვეულო ნიშნულებს გვთავაზობდა“, — აცხადებს სანჯაი სისოდია, კვლევის წამყვანი ავტორი.
ამასთან, ამბობენ, რომ ღამით მაღალმა ტემპერატურამ, შესაძლოა, ძილის რეჟიმი დაგვირღვიოს, რითაც იგი ტვინის გარკვეული მდგომარეობების გამოწვევი მიზეზიც გახდება. კონკრეტულად კრუნჩხვების კონტროლი გაუარესდება ეპილეფსიის მქონე ადამიანებში, ხოლო გაფანტული სკლეროზის სიმპტომები კიდევ უფრო გამწვავდება სიცხის ტალღების დროს. ანალოგიურად შეგვიძლია ვთქვათ ინსულტსა და დეპრესიაზეც.
„როცა ამინდი უფრო თბილია და უფრო მეტია გარემოსთან დაკავშირებული თუ სოციალური აქტივობების რიცხვი, მენტალური პრობლემების მქონე ინდივიდები მოზღვავებულ ენერგიას განიცდიან და მათი სიმპტომებიც უფრო მწვავე ხდება. ე. წ. მანიაკალურ ეპიზოდში, შესაძლოა, უფრო მეტად გახდნენ სუიციდისკენ მიდრეკილნი, ვიდრე დეპრესიულ პერიოდში, ეს კი იმიტომ, რომ კოგნიტიური დეფექტები და ფსიქოლოგიური დისტრესი მანიფესტაციისთვის ენერგიას მოითხოვს, შესაბამისად, თბილი ამინდები კოგნიტიურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან ბრძოლას ამწვავებს“.
სწორედ ამიტომ, მკვლევრები ადაპტაციური სტრატეგიისკენ მოგვიწოდებენ, იქნება ეს უფრო მეტი წყლის დალევა თუ აქტივობების შეზღუდვა, რაც ნევროლოგიური დარღვევების მქონე პაციენტებს სიმპტომებს შეუმსუბუქებს. ხოლო დემენციისა და ალცჰაიმერის მქონე ადამიანებს ცხელი ტემპერატურის დროს უფრო მსუბუქი, ღია ფერისა და გრილი ტანსაცმლის ჩაცმას ურჩევენ.