in

რას ნიშნავს გლობალური ჯანმრთელობა და რა უნდა ვიცოდეთ მასზე?

ალბათ ხშირად გიფიქრიათ, როგორია კაცობრიობის მომავალი, როგორი იქნება საზოგადოება წლების შემდეგ ან რა ქმნის ჯანსაღ მსოფლიო პოპულაციას. ამ კითხვას შეიძლება ბევრი პასუხი მოვუძებნოთ, თუმცა ერთ-ერთი გამორჩეულად მნიშვნელოვანი ასპექტი არის გლობალური ჯანმრთელობა და ის, თუ როგორ იქნება დაცული თითოეული ადამიანის ჯანმრთელობა მსოფლიოს ნებისმიერ ადგილზე. 

გლობალური ჯანმრთელობა, როგორც სამეცნიერო ტერმინი, პირველად გამოჩნდა ლიტერატურაში 1940-იან წლებში. შემდგომში იგი გამოიყენა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO), როგორც სახელმძღვანელო და თეორიული საფუძველი. 

გლობალური ჯანმრთელობა არის შესწავლის, კვლევისა და პრაქტიკის სფერო, რომელიც პრიორიტეტს ანიჭებს ჯანმრთელობის გაუმჯობესებას და ჯანმრთელობაში თანასწორობის მიღწევას მთელ მსოფლიოში. გლობალური ჯანმრთელობა ხაზს უსვამს ტრანსნაციონალურ ჯანდაცვის საკითხებსა და გადაწყვეტილებებს; მოიცავს ბევრ დისციპლინას ჯანდაცვის მეცნიერებებში და მის ფარგლებს გარეთ, ხელს უწყობს ინტერდისციპლინურ თანამშრომლობას და წარმოადგენს პოპულაციაზე დაფუძნებული პრევენციის სინთეზს. 

იმისთვის, რომ გავიგოთ, რას ნიშნავს გლობალური ჯანმრთელობა, აუცილებელია მისი მნიშვნელობის ძირითადი კომპონენტები კარგად გავიაროთ.

ჯანმრთელობის გაუმჯობესება

მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელობა ხშირად განიხილება ფიზიკურ ან ჯანდაცვის კონტექსტში, მისი მნიშვნელობა ბევრად უფრო ფართოა. ჯანმრთელობა გულისხმობს არა მხოლოდ ავადმყოფობის არარსებობას, არამედ, როგორც ეს განსაზღვრულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 1946 წლის კონსტიტუციაში, „სრული ფიზიკური, გონებრივი და სოციალური კეთილდღეობის მდგომარეობას“. ჯანმრთელობის გაუმჯობესება მოითხოვს ყურადღებას სამივე ამ ნაწილზე, ასევე თანაბარ აქცენტს პრევენციასა და ზრუნვაზე.

თანასწორობის მიღწევა

ყველას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, იცხოვროს ისეთი ცხოვრებით, რომელიც მხარს უჭერს კარგ ჯანმრთელობას. თუმცა ადამიანების გარემოში, რესურსებსა და სოციალურ სტატუსებში დიდი განსხვავებები გავლენას ახდენს მათთვის ხელმისაწვდომ არჩევანზე. ჯანდაცვის სფეროში თანასწორობის მიღწევა ნიშნავს სოციალური და გარემოსდაცვითი განმსაზღვრელი ფაქტორების გათვალისწინებასა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის უთანასწორობის აღმოფხვრას. ეს ძალისხმევა უნდა იყოს ორიენტირებული არა მხოლოდ ზოგიერთ ადგილას, არამედ ყველგან.

საზღვრებს მიღმა მიღწევა

გლობალური ჯანმრთელობა ეხება ჯანმრთელობის საკითხებს და განმსაზღვრელ ფაქტორებს, რომლებიც ტრანსნაციონალურია, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი გავლენას ახდენს მრავალ ქვეყანაზე. ჯანმრთელობის საკითხების მაგალითები, რომლებიც საზღვრებს სცდება, მოიცავს ინფექციურ დაავადებებს, რომლებიც მოგზაურობს ქვეყნებს შორის, ასევე არაგადამდები დაავადებები და პირობები, რომლებიც გავლენას ახდენს მრავალ პოპულაციაზე მთელ მსოფლიოში. კლიმატის ცვლილება და დაბინძურება არის ჯანმრთელობის განმსაზღვრელი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს ყველაზე, განსაკუთრებით ღარიბებ და დაუცველ მოსახლეობებზე.

დისციპლინების გაერთიანება

გლობალური ჯანმრთელობის საკითხები მოიცავს ფაქტორების კომპლექსურ ურთიერთქმედებას, რომელთაგან ბევრი არსებობს კლინიკის საზღვრებს მიღმა. მათ უნდა მივუდგეთ მრავალი კუთხით: კულტურული, ეკონომიკური, გარემოსდაცვითი, ინფრასტრუქტურული, პოლიტიკური, სოციალური და ტექნოლოგიური. მრავალი დისციპლინის ჩართვა, როგორც ჯანდაცვის მეცნიერებების შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, მოაქვს პერსპექტივები, რომლებიც საჭიროა ყოვლისმომცველი გადაწყვეტილებების მისაღწევად.

პარტნიორობის მშენებლობა

ცალკეული სექტორი ან ორგანიზაცია ვერ იზრუნებს გლობალურ ჯანმრთელობაზე. არსებული პრობლემების სირთულე მოითხოვს ალიანსებს, რომლებიც აერთიანებს სხვადასხვა პერსპექტივას, ორგანიზაციასა და უნარებს. პარტნიორობის შექმნით, რომელიც გაცვლის ცოდნასა და შესაძლებლობებს ქვეყნებსა და დაინტერესებულ მხარეებს შორის, ჩვენ უფრო მეტად მივაღწევთ პრაქტიკულ და გრძელვადიან გადაწყვეტილებებს.

გლობალიზებული ეკონომიკის შედეგებმა, ტრანსპორტის ინდუსტრიის მიღწევებმა და სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის ცვლილებებმა დიდი როლი ითამაშეს გლობალური ჯანმრთელობის ცვლილებებზე. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ქვეყნის ყველა სამედიცინო სტრუქტურა, შესაბამისი ორგანიზაცია იყოს ჩართული მსოფლიო ჯანდაცვის პროცესში და თავისი წვლილი შეჰქონდეს არსებული პრობლემების გადაჭრაში. გლობალური ჯანმრთელობა, თავისი დასახელებიდან გამომდინარე, მოიცავს ჯანმრთელობის დაცვის გაგებას საერთაშორისო და ინტერდისციპლინურ დონეზე. მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აქტიურად იბრძვის გლობალურ ჯანმრთელობაზე ფოკუსირებისკენ, მკვლევრები, სახელმწიფო ლიდერები, ექიმები და სხვა, მედიცინასთან ახლოს მყოფი ადამიანები მუდმივად უნდა იყვნენ ჩართული ამ პროცესებში. რიგით მოქალაქეებს კი, როგორც მინიმუმ, ცოდნა გვმართებს, თუ რა არის გლობალური ჯანდაცვა და რატომ არის ის მნიშვნელოვანი.

რუბრიკას გარემოს დაცვაზე წარმოგიდგნეთ ფარმადეპო.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

მეცნიერების ვარაუდით, ბევრ პლანეტაზე „ბრილიანტების წვიმაა“ მოსალოდნელი

როგორ გავიდეთ კონკურენტების აუდიტორიაზე Instagram-ში