უკვე მეოთხე წელია, რაც საერთაშორისო აქსელერატორი, 500 Global საქართველოში 500 Georgia-ს პროგრამას ახორციელებს და სტარტაპებს სწრაფი ზრდის საშუალებას აძლევს. პროექტი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, საქართველოს ბანკისა და 500 Global მხარდაჭერით ხორციელდება. მისი მიზანია, მძლავრი ადგილობრივი სტარტაპ-გარემოს ჩამოყალიბება, სტარტაპერებისთვის მასშტაბირების შესაძლებლობის შექმნა, გლობალური ინვესტორების დაინტერესება, ინვესტიციების მოზიდვა და საერთაშორისო სტარტაპ-ეკოსისტემაში ჩართვა. აღნიშვნას იმსახურებს 500 Georgia-ში მონაწილე სტარტაპერების შედეგებიც — ათობით მილიონი ლარის ინვესტიცია, მილიარდამდე მომხმარებელი და უსწრაფესი ზრდა, დროის მცირე პერიოდში.
500 Global-ის წლევანდელი პროგრამის ფარგლებში 40 ქვეყნიდან მიიღეს მონაწილეობა და ჯამში 12 სტარტაპი შეირჩა, რომელთაც დიდი და საინტერესო გზა აქვთ გასავლელი. სტარტაპების გადამზადება უკვე დაწყებულია და მათ შორის მოხვდა Glorri. ეს უკანასკნელი მასშტაბური და ინოვაციური დასაქმების პლატფორმის შექმნაზეა სპეციალიზებული — მისი მისიაა, დამსაქმებლებს დაქირავების სტრატეგიების მუდმივად ცვალებად ბიზნეს გარემოსთან ადაპტირებაში დაეხმაროს.
„ჩვენ ინტუიციური პროგრამული უზრუნველყოფა და უმაღლესი კლასის მომსახურება გვაქვს, რათა რეკრუტერებს, სააგენტოებს თუ გუნდებს სათანადო ტალანტის მოძიებაში დავეხმაროთ. თანაც, ამ ყველაფერს გონიერი და სწრაფი გზებით ვაკეთებთ. რეალურად, Glorri დამსაქმებლების სირთულეებს აგვარებს, პროცესებს კი ცენტრალიზებული და გამარტივებული პლატფორმის მეშვეობით ვმართავთ. მთლიანობაში, ყველა იმ ინსტრუმენტს უზრუნველვყოფთ, რომელიც HR გუნდებს სჭირდებათ“, — ამბობს სტარტაპის დამფუძნებელი, ანარ გასიმლი.
სწორედ ანარი გვიყვება სტარტაპის საქმიანობაზე უფრო დეტალურად და გვაცნობს იმ დეტალებს, რომლებითაც ყველა დანარჩენისგან განსხვავებულია.
M: ანარ, ალბათ, საუბარი იმით უნდა დავიწყოთ, თუ როგორ მიხვედით სტარტაპის შექმნის იდეამდე…
ვიცი, ბევრისთვის რთულად დასაჯერებელია, რომ ბაზარზე სხვა HR ტექნიკისთვისაც არის ადგილი — სისტემისთვის, რომელიც ცდილობს, საუკეთესო კანდიდატები უფრო სწრაფად და მინიმალური ხარჯებით იპოვონ დამსაქმებლებმა. დღეს მსოფლიოში ასობით HRTech კომპანიაა, რომლებიც კარგ საქმეს აკეთებენ კანდიდატების ნაკადის მართვაში, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი ხარვეზი ფიქსირდება. მიზეზი კი ის არის, რომ მასიური პრობლემების გადაწყვეტა უძნელდებათ დაქირავების პროცესში.
ჩვენ კი ერთ წელზე მეტი დავხარჯეთ მხოლოდ იმ მიზეზის დასადგენად, რის გამოც დღევანდელი HR ტექნოლოგია კრახს განიცდის. როგორც კი პასუხი ვიპოვეთ, გადავწყვიტეთ, დასაქმების სადაზვერვო პლატფორმა შეგვექმნა, რათა კომპანიებმა მილიონობით დოლარი დაზოგონ და ეფექტურად მართონ მთელი პროცესი.
M: ერთია თქვენი დაკვირვება, მაგრამ ფართო მასშტაბის კუთხით, რამდენად ღირებულია Glorri-ის საქმიანობა?
ნებისმიერი HR სისტემის საბოლოო მიზანი არის სწორი ადამიანების დაქირავება სწორი სამუშაოსთვის. ამჟამად HR Tech Software Solutions-ის მთელი მიზანია, კომპანიებს პოტენციური კანდიდატების დიდი რაოდენობის მართვაში, გასაუბრებების დაგეგმვასა და თვალყურის დევნებაში, კომუნიკაციის ავტომატიზაციაში დაეხმაროს. ეს ყველაფერი ნამდვილად „მძიმე ტვირთია“ თანამშრომლებისთვის, ჩვენ კი მონაცემთა ღრმა ანალიტიკა შევიმუშავეთ — ვინაიდან HR მიმართულება ყველა ბიზნესის ნაწილია, ფართო მასშტაბებს ვფარავთ და არა მხოლოდ ცალკეული სეგმენტისთვის ვართ საინტერესო, არამედ ყველასთვის.
M: აღნიშნული სერვისის დანერგვა-გავრცელების პროცესში რა გამოწვებს და პირიქით, რომელ ხელშემწყობ ფაქტორებს გამოყოფდით?
პირველ გამოწვევად შეზღუდული რესურსები გვესახება, რაც სტარტაპებისთვის საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. აქ იგულისხმება როგორც ფინანსური სიმწირე, ისე თანამშრომლების ნაკლებობა, რაც პროგრესის ეტაპებს მეტ-ნაკლებად ანელებს. ასევე, გვიძნელდება მარკეტინგული კამპანიების წარმოებაც.
ამას მოსდევს ცვლილებებისადმი წინააღმდეგობა — ახალი რეკრუტირების პროგრამული უზრუნველყოფისა და პროცესების დანერგვამ შეიძლება, ზოგიერთ ორგანიზაციაში ნეგატიური განწყობა გამოიწვიოს. ბევრი დამსაქმებელი კომფორტულად ერგება ტრადიციულ მეთოდებს და ეს ერთგვარ ბარიერად აღიმართება ხოლმე ჩვენს შორის.
რაც შეეხება ხელშემწყობ ფაქტორებს, კონკურენტებისგან განსხვავებით, Glorri წარმოადგენს ყოვლისმომცველ და მონაცემებზე დაფუძნებულ პლატფორმას, რათა ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციას ღირებული თანამშრომლების მოზიდვაში დაეხმაროს. მისი მეშვეობით, ყველაფერი ორჯერ სწრაფად და 60%-ით მაღალი ხარისხით ხდება.
მართალია, ზემოთ თანამშრომელთა ნაკლებობა ვახსენე, მაგრამ მიუხედავად სიმწირისა, „გლორის“ გუნდა ტექნიკური პროფესიონალებისგან შედგება, რომელთაც ნამდვილად უყვართ თავიანთი საქმე. ასეთ ენთუზიაზმსა და გამოცდილებას კი ინოვაციების წარმოქმნა, კრეატიულობის ზრდა თუ სტარტაპის საერთო წარმატების განსაზღვრა შეუძლია.
მთლიანობაში, ჩვენი გუნდის წინაშე ბევრი გამოწვევაა — დაკავშირებული საბაზრო კონკურენციასთან, შეზღუდულ რესურსებთან, ცვლილებებისადმი წინააღმდეგობასთან და ა. შ. თუმცა ინოვაციური გადაწყვეტილებები, აქცენტი მომხმარებელთა მომსახურებაზე, გამარტივებული პლატფორმა, ხარჯებისა და დროის დაზოგვა განვითარებაში გვეხმარება.
M: Glorri 500 Georgia-ს პროგრამაში მოხვდა… თქვენი აზრით, როგორ გამოიყენებთ ამ შანსს და რა წვლილი შეიტანს ეს გამოცდილება სტარტაპის განვითარებაში?
ეს ჩვენთვის საინტერესო შესაძლებლობაა, რადგან მრავალი მიმართულებით შეუწყობს სტარტაპის განვითარებას ხელს. პირველ რიგში, ეს არის გამოცდილ მენტორებთან, მრჩევლებთან და ინდუსტრიის ექსპერტებთან წვდომა — Glorri-ის გუნდს შეუძლია, მათი ცოდნა და მითითებები ღირებული შეხედულებების მისაღებად გამოიყენოს. თანაც, ისინი არა ერთ, არამედ მრავალ მიმართულებას ფარავენ: პროდუქტის განვითარება, მარკეტინგული სტრატეგიები, ფონდების მოზიდვა და მასშტაბური ოპერაციები.
ამ ყველაფერს მოსდევს ინვესტორებსა და ვენჩურულ კაპიტალისტების ფართო ქსელთან წვდომა. პროგრამის მეშვეობით, გავიცნობთ პოტენციურ ინვესტორებს, რომლებიც აქტიურად ეძებენ პერსპექტიულ სტარტაპებს. გარდა ამისა, 500 Global მთელი მსოფლიოს სტარტაპებს აერთიანებს, რაც ჩვენს რეპუტაციასა და სანდოობასაც გაზრდის. რომ აღარაფერი ვთქვათ გამოცდილ, უნიქორნებად ქცეულ სტარტაპებთან ურთიერთობაზე.
M: როგორია თქვენი სამომავლო გეგმები? რისი მიღწევა გსურთ უახლოეს პერიოდში?
მოცემულ ეტაპზე ჩვენი ორიენტირი ბაზრის გაფართოებაზეა, რათა ბაქოს ფარგლებს გავცდეთ და ახალი რეგიონები თუ ინდუსტრიები ავითვისოთ. ამასთანავე, ვზრუნავთ პროდუქტის განვითარებაზე — გვსურს, პლატფორმას ახალი ფუნქციები დავამატოთ, მომხმარებელთა გამოცდილება გავაუმჯობესოთ და ტექნოლოგიების განვითარებასაც მეტად ავუწყოთ ფეხი.
რა თქმა უნდა, ამ ყველაფრისთვის სტრატეგიული პარტნიორები გვჭირდება, როგორც დამატებით ბიზნესთან, ისე ინდუსტრიის ლიდერებთან. როგორც Glorri Group-ის აღმასრულებელი დირექტორისთვის, ჩემი სამომავლო მიზნები ტრიალებს უწყვეტი ზრდის, ინოვაციებისა და მნიშვნელოვანი გავლენის გარშემო.