in

პოსტერი და პრემიერა – ქართული დოკუმენტური ფილმი ოთხ მოჭადრაკე ქალზე – „დიდება დედოფალს”

4 სექტემბერს, სტამბის ამფითეატრში, დოკუმენტური კინოფესტივალის CinéDOC-Tbilisi-ს ფარგლებში, გაიმართება თათია სხირტლაძის დოკუმენტური ფილმის „დიდება დედოფალს” პრემიერა. ეს არის ფილმი ოთხი მოჭადრაკე ქალის, საბჭოთა ეპოქის ინტელექტუალური ძალაუფლებისა და ემანსიპაციის სახეების არაორდინალურ წარსულსა და

აწმყოზე: ესენი არიან ქართული და მსოფლიო ჭადრაკის გმირები – ნონა გაფრინდაშვილი, ნანა ალექსანდრია, მაია ჩიბურდანიძე და ნანა იოსელიანი.

60-იანი წლების დასაწყისიდან საბჭოთა კავშირის დაშლამდე, 30 წელიწადს, მსოფლიო ჭადრაკის სამეფოს ეს ქალები განაგებდნენ. ცივი ომის ეპოქაში ამ ლეგენდარულმა მოჭადრაკეებმა რევოლუცია მოახდინეს და ქალთა ჭადრაკი, საერთაშორისო კონტექსტში, ვაჟთა ჭადრაკს გაუთანაბრეს. როგორც ფილმის პროდიუსერები აცხადებენ, „დიდება დედოფალს“ ნათელს ჰფენს ჭადრაკის ტიტულებს მიღმა არსებულ ბიოგრაფიულ ქსოვილს: ახლა ისინი ჭადრაკის ყოფილი ვარსკვლავები არიან – ჩვეულებრივები და ექსცენტრულები, პედანტურები და თავისუფლები… დღეს კი მათი, როგორც ოლიმპიური გუნდის საერთო წარსული, მათ შორის არსებული მეტოქეობა და ჭადრაკისადმი თავდადებული სიყვარული აწმყოში განცდილი უწყვეტი თამაშია.

ფილმისთვის პოსტერი დიზაინერმა მარიამ აქულაშვილმა (Maryam Sasha) შექმნა. ,,ეს ჩემთვის პირველი რეალური ფილმი იყო, რომლის პოსტერზეც ვიმუშავე. ჩემი მთავარი ამოცანა იყო შემექმნა ვიზუალი, რომელიც კონცეპტუალურად სწორი და მიმზიდველი იქნებოდა და ამავდროულად დოკუმენტური ფილმის იერსახეს შეინარჩუნებდა. პროცესიც და შედეგიც ძალიან სასიამოვნო გამოდგა“, – ამბობს მარიამ აქულაშვილი.

ფილმის რეჟისორი თათია სხირტლაძე: „სათაურისთვის გამოყენებული მარიამის ფონტი 70-იანი წლების განწყობას მიქმნის. მაშინ ჭადრაკის მატჩების მსვლელობისას პარტიის ჩასაწერი ბლანკების წიგნაკი იყიდებოდა, სადაც სვლებს იწერდა მაყურებელი. მის ყდას ხშირად პერფორირებული მაღლივი შრიფტი ამშვენებდა და სწორად ამ შრიფტთან ვაკავშირებ მე MS-Rings და ჩვენი ფილმის პოსტერის სათაურის სტილს.’’

პროდიუსერები ანა ხაზარაძე, ნინო ჩიჩუა: ,,ჩვენი ამოცანა იყო, რომ შექმნილიყო პოპულარული ფორმის პოსტერი, რომელიც ერთი დანახვით მიიზიდავდა მაყურებლის ყურადღებას. ამიტომ ავირჩიეთ გრაფიკული მიდგომა, ფილმიდან რეალური კადრების გამოყენების ნაცვლად”.

ფილმის რეჟისორი, თათია სხირტლაძე, ავსტრიაში მცხოვრები ქართველი მხატვარი და ვიზუალური არტისტია. ფილმის თანარეჟისორი ანა ხაზარაძეა. ,,დიდება დედოფალს” საერთაშორისო კოპროდუქციაა და მასში ქართული საპროდიუსერო კომპანიის 1991 Productions გარდა ავსტიული კომპანიები berg hammer film და Amour Fou Vienna, და სერბული კომპანია Playground Produkcija მონაწილეობს. ფილმმა დაფინანსება მოიპოვა საქართველოს ეროვნული
კინოცენტრიდან, ავსტრიის კულტურის სამინისტროდან, ავსტრიული მაუწყებლისგან – ORF და სერბეთის კინო ცენტრიდან. ,,დიდება დედოფალმა” ასევე გაიმარჯვა Eurimage-ის წარმოების დაფინანსების კონკურსში. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ფილმის ქართულ მხარეს შეუერთდა HBO Europe ის დამფუძნებელი და ყოფილი დირექტორი – ლინდა ჯენსენი.

აჭარა ჯგუფს ახალი დირექტორთა საბჭო ჰყავს

„საქართველოს ბანკი“, „ექსტრასთან“ და „მასთერქარდთან“ ერთად, ახალ კამპანიას იწყებს