იცოდით, რომ პლასტმასის დანა-ჩანგალი ტოპ ათეულშია ოკეანეების დაბინძურების კუთხით? დღევანდელი მონაცემებით, ოკეანეებში მოხვედრილი პლასტმასის რაოდენობა 150 მილიონ ტონას შეადგენს, აქედან 49% კი ერთჯერადი გამოყენების ნივთებია. მსგავსი ტიპის პლასტმასის დაშლას კი საშუალოდ 1.000 წელი სჭირდება. თუმცა, ხშირად ამ ჭურჭლის ზომა, შემადგენლობა და ფორმა მათ შემდგომ გადამუშავებას თითქმის შეუძლებელს ხდის.
სწორედ ამ პრობლემის ლოკალურ დონეზე მოსაგვარებლად, CENN-მა USAID-ის მხარდაჭერით, ოქტომბრის ბოლოს, კამპანია #შეამცირეპლასტმასა წამოიწყო. კამპანია მოუწოდებს საზოგადოებას, ერთჯერადი მოხმარების საგნებიდან მრავალჯერად ალტერნატივებზე გადავიდნენ და ხელი შეუწყონ ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებას.
აღნიშნულ კამპანიას Glovo შეუერთდა და აპლიკაციაში ეკო-მეგობრული კატეგორია დაამატა. ამ კატეგორიის ფარგლებში მომხმარებელს ექნება საშუალება, უარი თქვას ერთჯერად დანა-ჩანგალზე, ან საჭიროების შემთხვევაში ხის დანა-ჩანგალი გამოიწეროს.
“კამპანია #შეამცირეპლასტმასა ოქტომბრის ბოლოს დაიწყო. იგი მოუწოდებს საზოგადოებას, შეამცირონ ერთჯერადი პლასტმასის ნივთების გამოყენება და ჩაანაცვლონ ისინი მრავალჯერადი ალტერნატივებით, რითიც ხელს შევუწყობთ გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირებას. კამპანია არა მხოლოდ ინდივიდებისთვის არის გათვლილი, არამედ კომპანიებისა და ორგანიზაციების ჩართულობასაც გულისხმობს. რაც უფრო მასშტაბურად და სისტემურად დავნერგავთ ამ პრაქტიკას, მით უფრო დიდ შედეგზე გავალთ. Glovo-ს მიერ მსგავს აქტივობას დიდი პოტენციალი აქვს რეალური ცვლილება მოახდინოს. მთავარია, მომხმარებლებმა კარგად გააცნობიერონ პრობლემა, ისარგებლონ ამ შანსით და არ გამოიწერონ ერთჯერადი დანა-ჩანგლები,” – ამბობენ CENN-ში.
ნათია ლიპარტელიანი, Glovo-ს მარკეტინგის ანალიტიკოსი:
რატომ გადაწყვიტეთ, რომ კამპანიას შეუერთდეთ?
კომპანია Glovo-ს ერთ-ერთი მთავარი ფასეულობა არის Care. ამ ფასეულობას, კომპანიის ყველა თანამშრომელი იზიარებს. Care არა მარტო აპლიკაციის მომხმარებლებზე ზრუნვას გულისხმობს, არამედ გლობალური მოქალაქეობის შეგრძნებას – სოციალურ პასუხისმგებლობას. იმ ქვეყნებში, რომლებშიც Glovo ოპერირებს, მუდამ ცდილობს, შეამციროს უარყოფითი გავლენა გარემოზე და ეხმარება არაერთ ადგილობრივ თუ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციას. დღესდღეობით მიტანის სერვისის ინდუსტრიაში საზოგადოების პლასტმასით დაბინძურების შესახებ ინფორმირება და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ამ პრობლემის შესამცირებლად აუცილებელია. სწორედ ამიტომ, Glovo-მ გადაწყვიტა, შეერთებოდა CENN და USAID–ის ნარჩენების მართვის პროგრამის მიერ ინიცირებულ კამპანიას. იმედი გვაქვს, ამ პროექტში კიდევ მრავალი პარტნიორი ობიექტი შემოგვიერთდება.
რა იგულისხმება თქვენ მიერ კამპანიაში ჩართვაში?
Glovo და მისი რამდენიმე პარტნიორი რესტორანი უერთდებიან გარემოს პლასტმასით დაბინძურების წინააღმდეგ მასშტაბურ კამპანიას #შეამცირეპლასტმასა. მოცემული რესტორნები აპლიკაციაში იქნებიან გამოყოფილი ფილტრით: “არა პლასტმასას”, ხოლო მომხმარებლებს ამ ობიექტებში შეეძლებათ, უარი თქვან პლასტმასის კონტეინერებსა და ჭურჭელზე, ისარგებლონ მხოლოდ ეკო-მეგობრული კონტეინერებით/ჭურჭლით და ამით შეამცირონ გარემოს დაბინძურება. მომხმარებლები, რომლებიც ამ კამპანიაში ჩართული რესტორნებიდან ყველაზე მეტ შეკვეთას დააგროვებენ, ყოველკვირეულად Glovo-ს ვაუჩერსა და სხვადასხვა საჩუქარს მიიღებენ. ამით ვცდილობთ, წავახალისოთ როგორც პარტნიორი ობიექტები, ისე – ჩვენი მომხმარებლები, რათა ერთად ვიზრუნოთ გარემოზე.
“არა პლასტმასას” კატეგორიაში მომხმარებლები ბერძნული სამზარეულოს რესტორან “Greek Point-საც” აღმოაჩენენ, რომელიც უარს ამბობს პლასტმასის ერთჯერადი მოხმარების საგნებზე.
“კამპანიაში ჩართვა, პირველ რიგში, გადავწყვიტეთ იმიტომ, რომ ნაკლები პლასტმასის მოხმარებით, ნაკლები ნარჩენის დაგროვებას შევუწყობთ ხელს, რაც დღესდღეობით აუცილებელია როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ისე – ზოგადად ეკოლოგიისთვის. მინდოდა, ჩემს პატარა კომპანიას წვლილი შეეტანა ამ კამპანიაში. განვითარებულ ქვეყნებს ჩვენი ქვეყანა ეკოლოგიურ საკითხებზე ზრუნვის კუთხით ნამდვილად ჩამორჩება, თუმცა, ალბათ იმიტომ, რომ შესაძლებლობაც ნაკლები გვაქვს. ამიტომაც, რაც და როგორც შეგვიძლია, ისე უნდა ვეცადოთ, რომ შევამციროთ პლასტმასისა და პოლიეთილენის მოხმარება.
ჩვენ პოლიეთილენის პარკები სრულიად ამოვიღეთ მოხმარებიდან და ქაღალდის პარკებზე ვართ უკვე გადასულები. ამჟამად კი ვცდილობთ, პლასტმასის დანარჩენი ნივთები ამოვიღოთ. თვის ბოლოს, როცა უკვე ახალ ობიექტს გავხსნით, პლასტმასის დანა-ჩანგლები, საწრუპები და სხვა ჭურჭელი სრულიად ამოღებული გვექნება მოხმარებიდან.
მას შემდეგ კი, რაც ამ ყველაფერს განვახორციელებთ, მინდა, რომ ჩვენი კომპანიის სახელით თვეში ერთხელ გასვლითი აქტივობები მოვაწყოთ, რომლის ფარგლებშიც დავასუფთავებთ დაბინძურებულ გარემოს და სხვებსაც მოვუწოდებთ ამისკენ,” – ალექსანდრე ჯორჯიკია, Greek Point-ის დამფუძნებელი.
[R]