24
Jan
2020

ახალი თვითმართვადი ტაქსი – მხოლოდ სივრცე, საჭისა თუ პედლების გარეშე

24 Jan 2020

veon
veon


თუ აქამდე ვხედავდით თვითმართვად მანქანებს კლასიკური დიზაინით და მეტიც, კონტროლის მიზნით, მის საჭესთან მჯდარ ადამიანებსაც, სტრარტაპმა Cruise, რომლის ძირითად წილს General Motors ფლობს, ახალი ხედვა შემოგვთავაზა. ეს არის ელექტრომობილი სახელად Cruise Origin, რომელსაც არ აქვს საჭე, სიჩქარეების გადამრთველი, გვერდითი ხედვის სარკეები თუ პედლები. ის ადგილი კი, რაც ტრანსპორტში მძღოლს უნდა ეჭიროს, მის დიზაინში საერთოდ არაა გათვალისწინებული.

ლოგიკურია, თუ ვამბობთ, რომ მანქანა თვითმართვადია, მისი მართვის გზებს არ უნდა ვიტოვებდეთ. თუმცა, სხვა საკითხია, რამდენად მზადაა პროგრამულად მსგავსი მანქანა სრულად თვითმართვადი იყოს. აღსანიშნავია, რომ მძღოლის ადგილის გაუთვალისწინებლობით, Cruise-მა მგზავრებისთვის განკუთვნილი სივრცე, სტანდარტულ მანქანასთან შედარებით, სამჯერ გაზარდა.

კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, მანქანის თავზე დამაგრებული ორი ჰიბრიდული სენსორი კამერასა და რადარს აერთიანებს და ადამიანის თვალზე გაცილებით მგრძნობიარეა. ის ხედავს ქვეითებს სიბნელეში გადაადგილებისასაც და რეაგირებს ადამიანზე სწრაფად. მოდელის ტესტირებისას, სან-ფრანცისკოში Cruise Origin-მა მილიონ ექვსასიათასზე მეტი კილომეტრი, შეფერხების გარეშე გაიარა. შესაბამისად, მისი შემქმნელები მგზავრობის ახალ გამოცდილებას გვთავაზობენ და გადაადგილების ახალ ფორმასაც. თუმცა, მოსალოდნელი არაა, რომ ამ ელექტრომობილს ქუჩებში მალე ვიხილავთ. ტრანსპორტს ჯერ არ გაუვლია აშშ-ს ფედერალური რეგულატორის (FMVSS) შემოწმება. ამ ეტაპზე კი, როგორც კომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა, ტრანსპორტს გამოიყენებენ მიჩიგანში, General Motors-ის ტერიტორიაზე, ან Honda-ს გარე კამპუსებში სამოძრაოდ.

განხილვა