დღეს პირველი აპრილია, მაგრამ მოტყუებას არ ვაპირებთ – Gmail 20 წლის გახდა. 2004 წლის 1 აპრილს ტექნოლოგიების გიგანტმა, Google-მა გამოაქვეყნა ცნობილი პრესრელიზი, რომელშიც გამოაცხადა, რომ ბეტა მომხმარებლებისთვის ელფოსტის სერვისის გავრცელებას აპირებდა. ბევრმა ადამიანმა ეს საპირველაპრილო ხუმრობად ჩათვალა, რადგან ბრენდი ხალხს 1 გბ მეხსიერებას ჰპირდებოდა მეილზე, რაც იმ დროს მართლა შეიძლება მოგჩვენებოდათ ხუმრობად, მაშინ ხომ ასეთი სერვისები რამდენიმე მეგაბაიტით შემოიფარგლებოდა.
იმ პერიოდში ფოსტა და საძიებო სისტემა ყველაზე პოპულარული საქმიანობა იყო ინტერნეტში, ამიტომ გასაკვირიც არ იყო, რომ გუგლი დაინტერესდა ისეთი სერვისების მიწოდებით, რაც ყველაზე მოთხოვნადი იყო.
როგორ შეიქმნა Gmail
Gmail-ის ინსპირაცია გახდა Google-ის ერთ-ერთი მომხმარებელი, რომელიც ჩიოდა არსებული ელექტრონული ფოსტის სერვისების უხარისხობაზე. მომხმარებელი ამბობდა, რომ მისი დრო მეილების წაშლაზე იხარჯება, რადგან არსებული მეხსიერება არ არის საკმარისი ელფოსტაზე სამუშაოდ. „თქვენ არ შეგიძლიათ ამის გამოსწორება?” – ეკითხებოდა მომხმარებელი გუგლს.
გუგლი დაფიქრდა ამ პრობლემაზე და თავის ინჟინრებს გამოწვევად დაუსახა ისეთი ელფოსტის სერვისის შექმნა, რომელიც ამ სამ პრობლემას გადაწყვეტდა: შენახვა, სიჩქარე და ძებნა.
Google-ის შედეგებმა მართლაც მოლოდინს გადააჭარბა. მაშინ, როცა მომხმარებლებს 15მბ მეხსიერების მქონე მეილებისთვის საფასური უნდა გადაეხადათ, ბრენდმა შექმნა ელფოსტის სერვისი, რომელიც 1გბ მეხსიერებას უფასოდ სთავაზობდა მომხმარებელს. შესაბამისად, სამართლიანი იქნება, თუ ვიტყვით, რომ Google-მა მოაგვარა პრობლემები, რომლებიც იმ დროს ადამიანთა უმეტესობას აწუხებდა. Gmail იქცა პლანეტის ყველაზე პოპულარულ ელფოსტად, რომელსაც 1,5 მილიარდზე მეტი მომხმარებელი ჰყავდა.
გუგლის ეს შემთხვევა აშკარა მაგალითია იმისა, რომ ზოგჯერ საუკეთესოდ შეიძლება იქცეს ის პროდუქტი, რომელიც უშუალოდ მომხმარებლის პრობლემის მიხედვითაა შექმნილი. თქვენ შეიძლება მრავალი პროდუქტის იდეა გქონდეთ, მაგრამ ყველაზე ჭკვიანური მათგან ისაა, რომელიც თქვენს მომხმარებელს პრობლემას უგვარებს და რომლის შეთავაზებაც თქვენს კონკურენტს არ შეუძლია.
„ჩვენ ყველანი ვალში ვართ იმ მომხმარებლის მიმართ, ვინც პირველად ეს გამოწვევა დაგვანახა”, – წერდა Google პირველ რელიზში, რომელიც ამ თემასთან დაკავშირებით, ზუსტად 20 წლის წინ გამოაქვეყნა.