ელ.ფოსტის მისამართით ხშირად პირველ ციფრულ შთაბეჭდილებას ვახდენთ, ეს იმ ადამიანებმაც კარგად იციან, რომლებიც ძველ სახელებსა თუ სკოლისდროინდელ ზედმეტსახელებს იყენებენ, მაგრამ უკვე ბევრგან აქვთ მითითებული, ამიტომ ვეღარც უხერხებენ რაიმეს… თუ თქვენც მათ შორის ხართ, კარგი ამბავი გვაქვს: გუგლი დაარსებიდან დამკვიდრებულ მკაცრ წესებს ამსუბუქებს და @gmail.com-ის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, შეცვალონ მისამართები, ყველაფრის თავიდან დაწყების გარეშე.
ამ ფუნქციის ჩაშვება კი მეტად მოკრძალებულად გადაწყვიტეს და, სავარაუდოდ, ეს შესაძლებელი ეტაპობრიბად გახდება, შესაბამისად, ამ ეტაპისთვის განსხვავებები იქნება რეგიონისა და ანგარიშის ტიპის მიხედვით. ამის შემოწმება ანგარიშის პარამეტრებში პერსონალური ინფორმაციების ქვეშ შეგიძლიათ, სწორედ აქედან მოახერხებთ ახალი მისამართით ძველის ჩანაცვლებასაც.
ახლა იმ კითხვას ვუპასუხოთ, რომელიც მთელი ამ დროის მანძილზე გაწუხებთ — არა, ძველი ელ.ფოსტის მისამართი არ გაქრება, ჩათვალეთ, რომ ახლის მოკავშირედ იქცევა. შესაბამისად, ძველ და ახალ მისამართებზე მოსული შეტყობინებები ერთ ინბოქსში გაერთიანდება, გუგლის პროდუქტებში შესვლას კი ორივე მისამართით შეძლებთ, იქნება ეს Gmail, YouTube, Maps, Drive თუ Google Play.
ხოლო შეტყობინებები, ფაილები, ფოტოები, გამოწერები თუ შესყიდვის ისტორიები ხელშეუხებელი დარჩება, რითაც მონაცემების გადაცვლის თავის ტკივილს ირიდებენ.
გარკვეული შეზღუდვებიც არსებობს: როგორც კი მომხმარებელი თავის Gmail-ის მისამართს შეცვლის, ვეღარ დაარედაქტირებენ ან წაშლიან შემდგომი 12 თვის მანძილზე. წინა მისამართი ამ დროს შეინახება და მთელი ამ პერიოდის მანძილზე სხვა ვერავინ გამოიყენებს. ცვლილების შესაძლებლობას კი გუგლი სულ 3-ჯერ მოგვცემს, რაც იმას ნიშავს, რომ ერთ ექაუნთს 4 აქტიური Gmail იდენტობა შეუძლია ჰქონდეს, რომლებიდანაც ყველა ერთ ინბოქსში გაერთიანდება.
გახსოვდეთ, ფუნქცია ეტაპობრივად ეშვება, ამიტომ თუ ახლა არ გაქვთ წვდომა, დაელოდეთ და გარკვეული დროის შემდეგ კიდევ შეამოწმეთ.










