in

ღვინო, როგორც მეხსიერების ფორმა: როგორ შეიქმნა „გმირების ღვინო“

ერთი წლის წინ ვატო ბააკაშვილს გაუჩნდა იდეა, შეექმნა პროექტი, რომელიც საქართველოს ეროვნულ გმირებზე საუბრის კიდევ ერთი გზა იქნებოდა. მისი დაკვირვებით, ბევრი გმირის სახელი საზოგადოებისთვის ცნობილია, თუმცა მათი ბიოგრაფიები, ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდები და ზოგჯერ თავად ის გარემოებებიც კი, რომლებმაც მათი ისტორია განსაზღვრა, ფართო აუდიტორიამდე ნაკლებად აღწევს.

ამ იდეის განხორციელება მოგვიანებით დაიწყო, ნონიკო ტაბატაძესთან ერთად და საბოლოოდ „გმირების ღვინის“ სახე მიიღო. პირველ ეტაპზე პროექტი ექვს ეროვნულ გმირს აერთიანებს: გურამ გაბესკირიას, გიორგი ანწუხელიძეს, ზაზა დამენიას, მიხა ხელაშვილს, ზურაბ ჭავჭავაძესა და გენო ადამიას.

„არსებობდა კონკრეტული დეფიციტი საზოგადოებაში, რაც საქართველოს ეროვნულ გმირებს უკავშირდებოდა. გვინდოდა შეგვექმნა ისეთი იდეა, რომლითაც, პირველ რიგში, მათი ცნობადობის გაზრდას შევძლებდით და, მეორე მხრივ, საზოგადოების ცნობიერებასაც ავამაღლებდით საკუთარი ეროვნული გმირების მიმართ“, – ამბობს „გმირების ღვინის“ დამფუძნებელი ვატო ბააკაშვილი.

თავიდან ღვინო ერთადერთი შესაძლო ფორმატი არ ყოფილა. გუნდი სხვადასხვა მიმართულებას განიხილავდა და ეძებდა გზას, რომელიც ცალკეული გმირების ისტორიებს ერთ კონცეფციაში მოაქცევდა. საბოლოოდ არჩევანი ღვინოზე გაკეთდა. ვატო ამას ღვინის ადგილით ხსნის ქართულ კულტურასა და ისტორიაში და ამბობს, რომ მათ სურდათ ისეთი პროდუქტის შექმნა, რომლის საშუალებითაც ეროვნულ გმირებზე ერთიანი ფორმით ისაუბრებდნენ.

იდეის განვითარებაში თავიდანვე ჩაერთნენ იმ ეროვნული გმირების ოჯახის წევრებიც, რომლებსაც პირველი კოლექცია ეთმობა. ეს პროექტისთვის მნიშვნელოვანი პრინციპი იყო, რადგან გუნდისთვის მიუღებელი აღმოჩნდა მოდელი, სადაც გმირების სახელები მხოლოდ პროდუქტის კომერციული ნაწილისთვის იქნებოდა გამოყენებული. სწორედ აქედან ჩამოყალიბდა „გმირების ღვინის“ ეკონომიკური მოდელიც. პროექტის კომერციული საქმიანობიდან მიღებული სრული მოგება ეროვნული გმირების ოჯახებს გადაეცემა.

„თავიდან ბოლომდე ჩვენი ეკონომიკური მოდელი აგებულია იმ პრინციპზე, რომ სრული მოგება, რომელსაც კომპანია ამ პროექტის ფარგლებში დააგენერირებს, ეროვნული გმირების ოჯახებს გადაეცემა. არ გვინდოდა, ეროვნული გმირების სახელების მიღმა უბრალოდ ბიზნესი გვეწარმოებინა. ჩვენი გადმოსახედიდან, ეს არასწორი იქნებოდა“, – აღნიშნავს ვატო.

გუნდმა განიხილა ოჯახებისთვის სალიცენზიო ან გარკვეული პროცენტული ანაზღაურების გადახდის ვარიანტიც, თუმცა საბოლოოდ ამ მოდელზე უარი თქვა. „ეს არ არის რაღაც განსაკუთრებული. ვფიქრობ, უბრალოდ სამართლიანი მიდგომაა ეროვნული გმირების ოჯახების მიმართ“.

მას შემდეგ, რაც პროექტის ძირითადი პრინციპები გამოიკვეთა, შემდეგი საკითხი უკვე ბაზარზე შესვლის ფორმა იყო. ღვინის სექტორში კონკურენციის გათვალისწინებით, გუნდს არ სურდა „გმირების ღვინო“ კიდევ ერთი ბოთლის ღვინის სახით გამოჩენილიყო. ამავე დროს, ეროვნული გმირების სახელთან დაკავშირებულ პროდუქტს, მათი ხედვით, შესაბამისი ხარისხი და წარმოდგენის ფორმაც სჭირდებოდა. ამიტომ არჩევანი სასაჩუქრე კატეგორიაზე გაკეთდა.

„თავიდანვე ვაცნობიერებდით, როგორი კონკურენტულია საქართველოს ღვინის ინდუსტრია. ბევრი ფიქრის შემდეგ მივედით დასკვნამდე, რომ საცალო ღვინის კატეგორიაში არ უნდა ვყოფილიყავით წარმოდგენილი და ჩვენი ნიშა სასაჩუქრე კატეგორიაში უნდა დაგვემკვიდრებინა“, – ამბობს ნონიკო.

მისი თქმით, გადაწყვეტილებას პროექტის თემატიკაც განსაზღვრავდა. გუნდს არ სურდა ეროვნული გმირების სახელები ისეთ პროდუქტთან დაკავშირებულიყო, რომლის შექმნისას მთავარი კრიტერიუმი დაბალი ფასი ან მასობრივი ხელმისაწვდომობა იქნებოდა. „არ გვინდოდა, ჩვენი იდეა მარტივად ხელმისაწვდომ და იაფ პროდუქტთან ყოფილიყო ასოცირებული. ამიტომ გადავწყვიტეთ სასაჩუქრე კატეგორიის შექმნა, რომელიც საქართველოში არც ისე გაჯერებულია, როგორც ჩვეულებრივი ღვინის ბაზარი“.

ამ მიდგომიდან განვითარდა ვიზუალური იდენტობაც. ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო, როგორ უნდა გამოჩენილიყვნენ თავად გმირები შეფუთვაზე. პირდაპირი ფოტოების გამოყენება გუნდს თავიდანვე ზედმეტად მარტივ გადაწყვეტილებად მიაჩნდა, ამიტომ საბოლოოდ უფრო შეკავებული, კონტურზე დაფუძნებული ვიზუალი შეიქმნა. „არ გვინდოდა ყველაზე ბანალური გზა აგვერჩია და უბრალოდ ფოტო გამოგვეყენებინა. საბოლოოდ უფრო სკეჩურ, კონტურზე დაფუძნებულ ვიზუალამდე მივედით. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ისიც, როგორ მიიღებდნენ ამას თავად ოჯახები, რადგან მათთვის ეს საკმაოდ სენსიტიური საკითხია“, – აღნიშნავს ნონიკო.

პროდუქტის ხარისხზე საუბრისას მნიშვნელოვანი დეტალია ისიც, რომ „გმირების ღვინო“ თავად ღვინის მწარმოებელი კომპანია არ არის. პროექტს აქვს საკუთარი კონცეფცია და შეფუთვა, ღვინოს კი პარტნიორი მეღვინეობისგან იღებს. პირველ ეტაპზე გუნდი „ტყუპების საღვინე სახლთან“ თანამშრომლობს. სასაჩუქრე შეფუთვაში წარმოდგენილია 2024 წლის ქისი და საფერავი.

ამასთან, არსებული თანამშრომლობა პროექტისთვის საბოლოო მოდელი არ არის. გუნდი მომავალში სხვა მეღვინეებთან მუშაობასაც განიხილავს, თუ შესაბამისი ხარისხისა და პირობების მქონე პარტნიორები გამოჩნდებიან. მიზანია, ღვინის მიმართულებაც დროთა განმავლობაში უფრო მრავალფეროვანი გახდეს. 1-ელი ოქტომბრიდან კი „გმირების ღვინის“ სტენდი ბაზარი ორბელიანზე იქნება წარმოდგენილი.

გუნდის შემდეგი მიმართულება კორპორატიული ბაზარია. მათი ხედვით, სასაჩუქრე ყუთი შეიძლება გამოყენებული იყოს როგორც კომპანიების მიერ, ისე დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ვიზიტების ფარგლებში. პროექტი პარალელურად სპონსორებსა და პარტნიორებსაც ეძებს, თუმცა პარტნიორობისთვის მხოლოდ კომერციული ინტერესი საკმარისი არ იქნება.

გუნდისთვის მნიშვნელოვანია, რომ შესაძლო პარტნიორის საქმიანობა და რეპუტაცია იმ ღირებულებებთან წინააღმდეგობაში არ მოდიოდეს, რომლებსაც პროექტი ეფუძნება. მათი განმარტებით, ეროვნული გმირის სახელთან ნებისმიერი კომერციული კავშირი დამატებით პასუხისმგებლობას გულისხმობს, ამიტომ თითოეული თანამშრომლობა ამ კონტექსტის გათვალისწინებით უნდა შეირჩეს.

„გმირების ღვინო“ ექვსი გმირით დასრულებული პროექტი არ არის. ვატო და ნონიკო სხვა ოჯახებთან თანამშრომლობასაც გეგმავენ და სურთ, კოლექცია ეტაპობრივად გაფართოვდეს. იდეის საწყისი მიზანიც სწორედ აქ რჩება: ეროვნული გმირების შესახებ არსებული ინფორმაცია უფრო ფართო აუდიტორიამდე მივიდეს, მათი ისტორიები ერთ საერთო პროექტში გაერთიანდეს და ამ პროცესში თავად გმირების ოჯახებსაც მნიშვნელოვანი ადგილი ჰქონდეთ.

[R]

რატომ მოაქვს Instagram-ზე კრეატორების მიერ გამოქვეყნებულ კოლაბორაციულ კონტენტს საუკეთესო შედეგი

„რა კარგია სახლში“ – ბლოქსის ახალი კამპანია იმ პატარა რიტუალებზე, რომლებსაც მხოლოდ სახლში ვასრულებთ