31
Oct
2018

საქართველო ოსკარისა და ოქროს გლობუსის კამპანიას იწყებს

31 Oct 2018

ლოსანჟელესში ზაზა ხალვაშის ფილმ „ნამეს” ჩვენება გაიმართება. ჩვენება ოსკარისა და ოქროს გლობუსის კამპანიის ფარგლებში შედგება. შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ “ნამე”  ოსკარისა და ოქროს გლობუსისთვის იბრძოლებს, საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში. როგორც საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, დავით ვაშაძემ, მარკეტერთან საუბრისას განაცხადა, „ნამეს” პირველი ოფიციალური ჩვენება, ოსკარისა და ოქროს გლობუსის კამპანიის ფარგლებში, 7 ნოემბერს გაიმართება. მისი თქმით, ჩვენებას დაესწრებიან ამერიკის კინოაკადემიის წევრები, რომელთა შეფასებაც მნიშვნელოვანია ჯილდოს მოსაპოვებლად.

mBank QR
mBank QR

როგორც კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი იტყობინება, ჩვენებების დასრულების შემდეგ, მაყურებელს მათთან გასაუბრების შესაძლებლობა ექნება. მაშინ როდესაც ოსკარისა და ოქროს გლობუსის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციისთვის ფილმები მსოფლიოს 80-ზე მეტი ქვეყნიდანაა წარდგენილი, დიდი მნიშვნელობა ენიჭება დამატებით ჩვენებებს, შეხვედრებს თუ პრეზენტაციებს, რაც კამპანიის ფარგლებშია დაგეგმილი.

შეგახსენებთ, რომ „ნამე” ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია, რომლის მსოფლიო პრემიერა ტოკიოს ა-კლასის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. ფილმი სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მთებში, ერთ პატარა, ტრადიციულ სოფელში მცხოვრები მოხუცი მამის, მისი ქალიშვილი ნამეს და სამი ვაჟის შესახებ მოგვითხრობს. ძმებიდან ერთი მასწავლებელია, მეორე – მოლა, ხოლო მესამე – მღვდელი. სოფელში მაჰმადიანები და მართმადიდებლები ერთად ცხოვრობენ. სოფლის ერთ ბოლოში ეკლესია დგას, მეორე ბოლოში კი მეჩეთია.

ოქროს გლობუსის ნომინანტთა სია დეკემბერში, ხოლო ოსკარის – იანვრის თვეში გახდება ცნობილი.

განხილვა