in

დოდი ხარხელი საერთაშორისო ფესტივალ Go Viral-ის სპიკერი იქნება!

Go Viral არის ფესტივალი, რომელიც ათასამდე ნოვატორ მოაზროვნეს, მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილიდან, ყაზახეთში, ქალაქ ალმატაში მოუყრის თავს. 3 დღიანი ღონისძიებების – სემინარების, გამოსვლებისა და წარმოდგენების შემდეგ, მონაწილეები გაიგებენ, თუ როგორ უნდა აქციონ საკუთარი ჩანაფიქრი „ვირუსულ იდეად”. Go Viral მოიცავს მუსიკას, კინოს, გამოსვლებსა და მასტერ-კლასებს აშშ-ს, ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის წამყვანი არტისტებისა და ტრენერებისგან, რომლებიც მოყვებიან, თუ როგორ უნდა გვქონდეს წარმატებული ურთიერთქმედება გლობალურ აუდიტორიასთან. აშშ-ს საკონსულო ყაზახეთში და ყაზახი პარტნიორები „ვირუსული ფესტივალის” ორგანიზებას პირველად წევენ და ის წელს 16 ივნისს ჩატარდება. მსოფლიოს ნოვატორ მოაზროვნეებს შორის, ფესტივალზე სპიკერის სტატუსით გამოვა Chai Khana-სა და OC Media-ს ციფრული კომუნიკაციების ხელმძღვანელი – დოდი ხარხელი, რომელიც მარკეტერს ფესტივალში მონაწილეობის დეტალებსა და მოლოდინებზე ესაუბრა:  

M: როგორ მიიღეთ Go Viral-ზე სპიკერად გამოსვლის შეთავაზება და აქამდე თუ გქონიათ საერთაშორისო ღონისძიებებში სპიკერის სტატუსით მონაწილეობის გამოცდილება?
Chai Khana-სა და OC Media-ს, რომლის ციფრული კომუნიკაციების ხელმძღვანელი ვარ, რეგიონშიც და საერთაშორისო ასპარეზზეც მაღალი ხილვადობა აქვს. მოწვევა ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლობისგან მოვიდა, რადგან დაინტერესებულები არიან იმ სტრატეგიით, რაც ამ ორი მედიაპლატფორმის წარმატების უკან დგას. საერთაშორისო ღონისძიებებში აქამდე რამდენჯერმე მიმიღია მონაწილეობა. ასევე, ამ წლის სექტემბერში, თბილისში იგეგმება დიდი საერთაშორისო მედია-ფორუმი, რომლის შესახებაც პირველი მარკეტერი შეიტყობს. 

M: როგორია თქვენი გამოცდილება ციფრული მარკეტინგისა და კონტენტ მენეჯმენტის მიმართულებით?
ციფრული მარკეტინგის მიმართულებით უკვე მრავალი წელია ვმუშაობ. მითანამშრომლია როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან. გარდა უშუალოდ კონტენტის განვითარებაზე მუშაობისა, ვატარებ ტრენინგებსა და ვორკშოპებს სხვადასხვა ორგანიზაციებისთვის. ჩემი ინტერესის სფეროში სამი ძირითადი მიმართულებაა: ციფრული მარკეტინგი და სოციალური მედია ბიზნესისათვის, მედიისათვის და სოციალური ცვლილებებისათვის. სამივე, მიუხედავად იმისა, რომ ერთსა და იმავე ხელსაწყოებს იყენებს, აბსოლუტურად განსხვავდება და სხვადასხვა მიდგომა სჭირდება. რაც მიყვარს და ხანდახან მღლის კიდეც, ისაა, რომ ამ სფეროში ვერასოდეს მოიწყენ, რადგან ყოველ დღე რაღაც სიახლე ხდება, რომელსაც ფეხი თუ არ აუწყვე და არ განვითარდი, ძალიან მალე აღმოჩნდები კიბის სულ ქვედა საფეხურზე.

M: რა თემას დაეთმობა თქვენი გამოსვლა ფესტივალზე? რა სიახლის და ცოდნის გაზიარებას გეგმავთ საერთაშორისო აუდიტორიისთვის?
ფესტივალზე ორ სეგმენტში ვმონაწილეობ: 1. Keynote, სადაც ნახევარი საათის მანძილზე, ონლაინ მედიის ხილვადობის გაზრდაზე ვისაუბრებ, და 2. საჯარო დისკუსიაში, სადაც ციფრული მედიის გავლენაზე ვიმსჯელებთ. ის რეგიონი, რომელზეც მე ვმუშაობ, სრულიად განსაკუთრებულია: ჩრდილო და სამხრეთ კავკასია არამხოლოდ დანარჩენი სამყაროსგან გამოირჩევა ინტერნეტის მოხმარების თავისებურებების თვალსაზრისით, არამედ აქაც კი უამრავი სხვაობაა: ენების, რელიგიების, კონფლიქტური რეგიონების გათვალისწინებით. ჩემი პრეზენტაცია, ძირითადად, სწორედ ამ რეგიონალურ თავისებურებებსა და კამპანიების დაგეგმვისას მათ გათვალისწინებას დაეთმობა. M: მსგავს ფესტივალებში მონაწილეობა ძალიან კარგი შესაძლებლობაა საკუთარი თავის, ქვეყნის წარმოსაჩენად და ასევე, შესაბამის ინდუსტრიაში მოღვაწე წარმატებული ადამიანების გასაცნობად. როგორია თქვენი მოლოდინი ფესტივალში მონაწილეობასთან დაკავშირებით?
დიდი იმედი მაქვს, რომ ფესტივალიდან ბევრ ახალ იდეას, კონტაქტს და სამომავლო თანამშრომლობას წამოვიღებ, რომლითაც არამხოლოდ Chai Khana და OC Media, არამედ ყველა ამ სფეროში მომუშავე ადამიანი იხეირებს. საქართველო საკმაოდ წინაა წასული ციფრული მარკეტინგის თვალსაზრისით, უცხოელ კოლეგებს ხშირად უკვირთ ხოლმე ის ინოვაციური ამბები, რომლებიც აქ ხდება. ჩვენთან ძირითადად დამკვეთისგან ცოტა ფულია ხოლმე და დიდი მოლოდინი, რაც გვაიძულებს, ბევრად უფრო კრეატიულები ვიყოთ გამოსავლის ძიებისას. მოკლედ, მსოფლიოს ჩვენგანაც ბევრი აქვს სასწავლი.

რა განსხვავებაა iPhone-სა და სხვა სმარტფონებს შორის? – Apple-ის 15 წამიანი მაგალითები

აღმოაჩინეთ სამყარო სმარტფონებს მიღმა! – Canon-ის კამპანია