ჭადრაკი ერთ-ერთ იმ ინტელექტუალურ თამაშთაგანია, რომელსაც მთელ მსოფლიოში დიდ პატივს სცემენ. ის ანალიტიკურ აზროვნებასა და წინდახედულებას მოითხოვს, თუმცა ყველასთვის მარტივ ამოცანას არ წარმოადგენს მისი სრულფასოვნად დაუფლება. ზოგჯერ კი უბრალოდ არსებული უნარების გაუმჯობესების სურვილი იპყრობთ მოთამაშეებს, რაც სრულიად ბუნებრივია.
სწორედ ამ მოცემულობას უკავშირდება Particula-ს მიერ შექმნილი GoChess-ის ჭკვიანი საჭადრაკო დაფა — როგორც თავად ამბობენ, ეს არის მოწინავე, ყველაზე ინოვაციური დაფა, რომელიც ოდესმე შეუმუშავებიათ… „შექმნილი ჭადრაკის მოყვარულთა მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, რათა რიგითი მოთამაშეებიდან ოსტატებად იქცნენ“.

უფრო დეტალურად რომ ავხსნათ, GoChess-ის ჭკვიანი დაფა აპლიკაციასთანაა დაკავშირებული, რასაც „ბლუთუზი“ უზრუნველყოფს. ამავდროულად, ის აღჭურვილია მრავალჯერადად დასამუხტი ბატარეით და მაგნიტური სენსორების მასივით. ეს უკანასკნელი ზედმიწევნით აკონტროლებს და აღრიცხავს მოთამაშეების თითოეულ მოძრაობას. ამგვარი სინთეზით მომხმარებლებს საშუალება ეძლევათ, შეუფერხებელი კავშირი ჰქონდეთ ისეთ პოპულარულ პლატფორმებთან, როგორებიცაა Lichess და Chess.com.

გარდა ამისა, ვისაც მეტი დახმარება ესაჭიროება, ჭკვიანი დაფის უნიკალური AI ფუნქცია მათ სათანადოდ უხელმძღვანელებს. კერძოდ, განათება შესაძლო სვლებზე, საუკეთესო ვარიანტებსა და ყველაზე ცუდ არჩევანზეც კი მიუთითებს. ეს მოთამაშეებს თავიანთი უნარებისა და გადაწყვეტილებების გაუმჯობესებაში დაეხმარება.













