ტელე-კინო სარეჟისორო ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტმა და ჯეიმს კამერონის ცნობილი ფრაზით: “Pick up a camera. Shoot something. No matter how small, no matter how cheesy, no matter whether your friends and your sister star in it” ინსპირირებულმა, პატარა, თუმცა რეალური ნაბიჯების გადადგმა დავიწყე იმ სივრცისკენ, სადაც ცხადად ვხედავდი ჩემს ადგილს. კონკურსისთვის „ჰოლივუდი საქართველოში“, მეგობრებთან ერთად მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადავიღე. ჩვენების დღეს ჩემმა ნაცნობმა ასე სასხვათაშორისოდ მკითხა – რუსთავი 2-ში სტაჟიორს ეძებენ რეჟისორის ასისტენტად და ხომ არ ცდიდიო?! კითხვაზე არც პასუხამდე, არც მას შემდეგ ბევრი არ მიფიქრია და უდიდესი ენთუზიაზმითა და საკუთარი თავის რწმენით შეიარაღებულმა, თამამად შევაბიჯე ტელევიზიის უზარმაზარ სამყაროში. ასე, საკმაოდ შემთხვევით, 18 წლის ასაკში აღმოვჩნდი ჩემს პირველ ოფიციალურ სამსახურში და თურმე მაგიური თავგადასავლის კარიც შევაღე.
პირველ სამუშაო დღეს მღელვარებისგან თითქმის ღამენათევი გამოვცხადდი და აღმოვაჩინე, რომ სინამდვილეში, რეჟისორის გარდა ოპერატორსაც სჭირდებოდა ასისტენტი, რადგან სერიალს სამი კამერით მარტო იღებდა. მე წილად მხვდა პატივი, მისთვის ერთკამერიანი სამუშაო შემემსუბუქებინა და ჯგუფს სეტის გაწყობაში დავხმარებოდი. მალევე დამეწია პირველი გამოწვევა: რეჟისორს გადაღებიდან კადრი დააკლდა და მთხოვა გადამეღო. მეც სწრაფი ნაბიჯებით გავემართე დავალების შესასრულებლად და Სულაც არ შევიმჩნიე, რომ მსგავს ამოცანასთან მარტო არასოდეს დავრჩენილვარ. ზუსტად აქ აღმოვჩნდი პირველად „მინდასა“ და „შემიძლიას“ შორის. მივხვდი, რომ ხანდახან საჭიროა გადახტე, სანამ მზად იქნები, იმისთვის, რომ სწრაფად გაიზარდო და შეძლო ის, რაც გინდა. იმ დღეს „გადახტომა“ ვისწავლე და მარტივი კადრების აღებაც შევძელი. მომავალ დღეებში/თვეებში კი ახალი ინეტრესებისა და შესაძლებლობების ძიებაში დავიკარგე – დავიწყე დაკვირვება: ვინ, რას და როგორ აკეთებს. Გადავწყვიტე თავი არ დამეზოგა და ცალცალკე გამესინჯა ყველა ინგრედიენტი, რომელიც საბოლოო პროდუქტის – ვიდეო კონტენტის შექმნისთვის იყო საჭირო. თავი გამოვცადე ისეთ ფუნქციებზე, როგორიცაა რეჟისორის ასისტენტი, ოპერატორი, დამდგმელი ოპერატორი და რეჟისორი. ამ ხნის განმავლობაში, გავეცანი მონტაჟის, გრაფიკის, პროდუსინგის საფუძვლებსაც. დასაწყისშივე მივხვდი, ეს იყო იმ კიბის მხოლოდ პირველი საფეხური, რომელსაც დღემდე მივყვები. მასზე აღმოჩენისთანავე დავიწყე ფიქრი შემდეგ საფეხურზე.
რუსთავი 2-ში გატარებული 4 წლის განმავლობაში, ის კოქტეილი გავსინჯე, რომელსაც ფროდაქშენ სისტემის აღქმის გემო აქვს. ტელევიზიამ მომცა შესაძლებლობა მესწავლა იმდენი მიმართულება, რამდენიც მომინდებოდა, გამეთენებინა იმდენი ღამე, რამდენსაც ჩავთვლიდი საჭიროდ, გამომეყენებინა მისი რესურსები და რაც მთავარია, გავმხდარიყავი მულტიფუნქციური. მიღებულმა გამოცდილებამ უდიდესი გავლენა იქონია ჩემს დღევანდელ საქმიანობაზე და გაამყარა რწმენა, რომ დღეს ნამდვილად იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო.
გოგიტა ჩიკვაიძე – ვიდეო კონტენტ სააგენტო CONTACT-ის დამფუძნებელი.