in

ლილი ფულარიანი – გოგოებს ყველაფერი შეგვიძლია

დღემდე ასეა – ხშირად, თუ გოგო რამეს კარგად აკეთებს ეს ან ჩვეულებრივ ამბად მიიჩნევა ან მას მამაკაცს ადარებენ. „კაცის ტვინი აქვს“ – ჯერაც ასე ამბობენ ხოლმე ჭკვიან გოგოებზე, რომლებიც უბრალოდ სურთ, რომ თავისუფლად შეეძლოთ იყვნენ ისეთები, როგორებიც არიან. გოგოების შესაძლებლობები ხშირად ხდება კრიტიკის საგანი, ისევე როგორც თავად მათი არსებობაც კი:

„ჩემი ფემინისტური ცნობიერება ძალიან ადრე დაიწყო – ხუთი წლის ვიყავი, როდესაც მამაჩემს ვახლდი მის ყოფილ კოლეგასთან შეხვედრისას. კაცმა ჰკითხა „ეს შენი გოგოა?“ როცა გაიგო, რომ მამაჩემს ოთხი გოგო ჰყავდა, თქვა „არა უშავს, ნუ იდარდებ“. მახსოვს, კაცმა მამაჩემს მხარზე დაადო ხელი, თითქოს ანუგეშებდა. პატარა ვიყავი, მაგრამ მაშინვე მივხვდი, რომ გოგო შვილების გამო მამაჩემი შეიცოდეს. სწორედ ეს იყო ჩემი პროტესტის დასაწყისი,“ – გვიამბობს ლილი ფულარიანი, რომელიც რამდენიმე წლის წინ, ბაღდათის სოფელ დიმში დაბრუნდა საცხოვრებლად, ოჯახთან ერთად აღადგინა საუკუნოვანი ოდა, სოფლის ქალები შემოიკრიბა და მათ ციფრულ განათლებასა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაზე დაიწყო აქტიურად ზრუნვა.

M: ეთანხმები, რომ გოგოებს ყველაფერი შეგვიძლია?

გოგოებს ნამდვილად ყველაფერი შეგვიძლია, როცა გვჯერა, რომ შეგვიძლია. სამწუხაროდ, ჩვენი კულტურა და საზოგადოება ხშირად გვაჯერებს საპირისპიროს, რაც ხელს გვიშლის ამ რწმენის განვითარებაში. ჩემთვის, „გოგოს ყველაფერი შეუძლია“ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი შესაძლებლობები არ უნდა განისაზღვროს სქესით და არც გარემოს მიერ დაწესებული აკრძალვებით. ეს ნიშნავს, რომ თავისუფლად გადავდგათ ნაბიჯები ნებისმიერი მიმართულებით, იქნება ეს პროფესიული ზრდა, პირადი ცხოვრება თუ საზოგადოებრივი საქმიანობა.

M: როგორ ჩამოგიყალიბდა ეს აზრი და საკითხთან დაკავშირებით შენი მოსაზრება როგორ მომწიფდა?

ჩემში ამ აზრის ჩამოყალიბება ეტაპობრივად მოხდა. ბავშვობაში ხშირად მესმოდა „ბიჭივით ყოჩაღია“ ან „ბიჭივით გონება აქვს“, როცა მათემატიკაში კარგი შედეგები მქონდა ან სპორტში ვახერხებდი რაიმეს. თავიდან, ეს კომპლიმენტად აღიქმებოდა, მაგრამ მოგვიანებით, უნივერსიტეტის მეორე კურსზე, მივხვდი, რომ არ მინდა ვიყო „ბიჭივით მაგარი“ – მინდა ვიყო უბრალოდ მაგარი, ისეთი, როგორიც ვარ.

ხშირად ვფიქრობ იმაზე, რომ გოგოები ბევრ რამეს თმობენ. ზოგჯერ რაღაცას არც კი ცდილობენ, რადგან საზოგადოება გვაჯერებს, რომ გოგოები ვერ იქნებიან ისევე მაგრები ინტელექტუალურად, ფიზიკურად თუ პიროვნულად, როგორც ბიჭები. თითქოს გოგოობა ავტომატურად ნიშნავს, რომ „დაბალ ლიგაში“ თამაშობ.

M: შენ შემთხვევაში როგორ რეალიზდება რწმენა, რომ გოგოს ყველაფერი შეუძლია?

როცა ვიჯერებ, რომ არავინაა ჩემზე მეტი მხოლოდ იმის გამო, რომ სხვა სქესისაა, ეს უზარმაზარ თავისუფლებას მაძლევს. შემიძლია ვიბრძოლო იმ უფლებებისთვის, რომლებიც ჩემი მგონია, და ხმა ავიმაღლო იქ, სადაც უსამართლობას ვხედავ.

ჩემს ოჯახში, სადაც ძირითადად ქალები ვიყავით, ადრიდანვე ყველა თანაბრად ვმონაწილეობდით ფიზიკურ საქმიანობაში. ეს ბუნებრივად მოვიდა, რადგან არასდროს გვქონია ფუფუნება, რომ ვიღაცას ჩვენ მაგივრად ეკეთებინა რამე. მაგრამ როდესაც საქმე ეხებოდა გადაწყვეტილებების მიღებას ან მემკვიდრეობის საკითხებს, თითქოს ქალებს ნაკლები უფლება ჰქონდათ.

ვიფიქრე, თუ შემიძლია რაღაცების დანგრევა, აშენება, გაკეთება, მოტანა და წაღება, მაშინ რატომ არ შემიძლია მონაწილეობა მივიღო გადაწყვეტილებების მიღებაში, იქნება ეს ოჯახის დონეზე თუ ქვეყნის მასშტაბით? მივხვდი, თუ ყველაფერს ვაკეთებ, ყველაფრის მიღების უფლებაც მეკუთვნის.

ძალიან ვისურვებდი, თინეიჯერობაში მცოდნოდა, რომ შემეძლო ხმის ამოღება, როცა, მაგალითად, ტრანსპორტში ვიღაც სექსუალურად შემავიწროებდა. ყვირილი, ჩხუბი, თუნდაც გინება – ეს უნარებიც რომ მქონოდა. არა მარტო მე, ზოგადად გოგოებმა ძალიან ცოტა რამ ვიცოდით ამის შესახებ.

თუმცა, ვფიქრობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია ეს ცოდნა და გამოცდილება შემდეგ თაობებს გადავცეთ. ბავშვობიდან, დასაწყისიდან უნდა იცოდნენ გოგოებმა, რომ შეუძლიათ! იმიტომ რომ თუ 18-25 წლის ასაკში ვიწყებთ ამ აზრის გაცნობიერებას, წარმოიდგინეთ, რამდენი წელი და შესაძლებლობა გვაქვს უკვე დაკარგული. ჩვენი პროფესიული და პირადი ცხოვრება სულ სხვა გზით წავიდოდა, გაცილებით უფრო თავისუფალი იქნებოდა, თავიდანვე რომ გვცოდნოდა.

M: როგორ აღიქმება ეს საკითხი სოფლად და რამდენად სჭირდება იქაურ გარემოს მისი გააზრება?

სოფელში ეს საკითხი კიდევ უფრო მწვავედ დგას. იქ უფრო რთულია ოჯახურ გადაწყვეტილებებში ჩარევა, განსაკუთრებით ისეთ საკითხებში, როგორიცაა მემკვიდრეობა. მაგალითად, სოფლის სახლი ხშირად ერთია, მისი დაყოფა შეუძლებელია და ფიზიკურად ვერ იცხოვრებს იქ რამდენიმე ადამიანი. ხშირად, გოგოებს სოფელში აღიქვამენ როგორც დროებით მაცხოვრებლებს – ისინი მივიდნენ და მერე უნდა წავიდნენ. შესაბამისად, მათ არაფერი ეკუთვნით, გარდა იმისა, რომ სხვებს მოუარონ. მათ არ აქვთ ხმა გადაწყვეტილებების მიღებისას.

შევამჩნიე ისიც, რომ მფლობელობის საკითხებიც კი ძალიან გენდერულია. მაგალითად, ძალიან იშვიათად ნახავთ გოგოს ველოსიპედით, მაგრამ უამრავი ბიჭი დადის. როდესაც ოჯახი ყიდულობს ისეთ ნივთებს, როგორიცაა კომპიუტერი, ხშირად ის ავტომატურად „ძმისაა“, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, გოგოსაც თანაბრად სჭირდებოდეს. ეს ყველაფერი ბავშვობიდანვე ზღუდავს გოგოების წარმოდგენას საკუთარ შესაძლებლობებზე.

ერთი განსაკუთრებით მტკივნეული მოგონება მაქვს: ბავშვობაში, სვანეთში ვიყავით სტუმრად და ჩემმა ნათესავმა არ წამიყვანა მდინარეზე მხოლოდ იმიტომ, რომ „იქ გოგოები არ დადიოდნენ“. ეს დღემდე ძალიან მწვავედ მახსოვს და მაშინ ძალიან მტკივნეული იყო. იმერეთში, სადაც გავიზარდე, ყოველთვის დავდიოდი მდინარეზე, ხშირად მარტოც. როცა იქ უარი მითხრეს და ბიჭები წავიდნენ, ჩემთვის დიდი შოკი იყო. თურმე, არ უნდა მეკეთებინა ის, რაც ძალიან მიყვარდა, მათ შორის ცურვა, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს „ბიჭების აქტივობად“ ითვლებოდა.

მოგვიანებით, როცა წავიკითხე, რომ ბანგლადეშში ერთ-ერთი წყალდიდობების დროს გარდაცვლილთა 90% ქალი იყო, ძირითადად იმიტომ, რომ მათ ცურვა არ იცოდნენ. ამან ბევრ რამეზე დამაფიქრა. ცურვა, რომელიც „ქალებთან დაკავშირებულ საქმედ“ არ ითვლება, სინამდვილეში ფიზიკური გადარჩენის უმნიშვნელოვანესი უნარია. და ჩვენ, გოგოებს, ხშირად ბავშვობიდანვე არ გვაძლევენ მსგავსი უნარების განვითარების საშუალებას.

M: როგორ ხედავ ე.წ. ქალურ და კაცურ საქმეებს საზოგადოებაში?

საინტერესოა, როგორ ფასდება „კაცური“ და „ქალური“ საქმეები საზოგადოებაში. მაგალითად, ერთხელ მითხრეს, რომ როცა ფიზიკურ საქმეს ვაკეთებ – რაღაცებს ვამაგრებ, ვაშენებ, ვამონტაჟებ – ავტომატურად ვიმსახურებ პატივისცემას, რადგან ეს „კაცური საქმეა“. მაგრამ ჩემი აზრით, ოჯახის მოვლა, დალაგება, საჭმლის მომზადება ბევრად უფრო რთული და კომპლექსურია, ვიდრე ფიზიკური საქმეები.

ამას დაგეგმვა, ორგანიზება და კოორდინაცია სჭირდება, მაგრამ ხშირად ეს საქმიანობა დაუფასებელი რჩება – ვერავინ ხედავს და არ ფასდება. მაშინ, როცა კაცურ საქმეებს“ ყველა ამჩნევს და აფასებს, „ქალურ საქმეებს“ ისე უყურებენ, თითქოს ეს თავისთავად ხდება.

M: ვინ გახსენდება გოგოებიდან/ქალებიდან, რომლებსაც ყველაფერი შეუძლიათ და რა გამოარჩევთ მათ?

ძირითადად მახსენდებიან ქალები, რომლებმაც განათლება მიიღეს, მიუხედავად დიდი წინააღმდეგობებისა. მაგალითად, მახსენდება ისტორია, როდესაც ნიკო ნიკოლაძემ ბიჭურად ჩააცვა საკუთარ დებს, დეიდაშვილებსა და მომავალ მეუღლეს და საზღვარგარეთ გააპარა, რადგან ქალებს სწავლის უფლება არ ჰქონდათ. ისინი გახდნენ ერთ-ერთი პირველი ქართველი ქალები, რომლებმაც განათლება საზღვარგარეთ მიიღეს.

წარმოიდგინეთ, რამდენად რთულია დღესაც კი, როდესაც ქალი მარტო აკეთებს რაიმეს – იქნება ეს მარტო მოგზაურობა, მარტო დარჩენა, თუნდაც კარვით მარტო წასვლა. რომ არაფერი ვთქვათ, რამდენი წინააღმდეგობის გადალახვა მოუწევდათ იმ ქალებს, რომლებიც შორს, სასწავლებლად მიდიოდნენ, რამდენი სტერეოტიპის წინააღმდეგ უწევდათ ბრძოლა მხოლოდ იმისთვის, რომ განათლება მიეღოთ. სწორედ ეს ქალები მახსენდებიან პირველ რიგში, რომლებმაც გაბედეს და გადალახეს წინააღმდეგობები.

დღეს კი, ყველაზე მნიშვნელოვანი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია გოგოებს, არის ის, რომ ჩვენი ტრავმები და გამოცდილება ბრძოლის იარაღად ვაქციოთ და არა იმად, რომ იგივე ტკივილი შემდეგ თაობას გადავცეთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვები, როგორც გოგოები, ისე ბიჭები, ბაღის ასაკიდანვე იზრდებოდნენ იმ ცოდნით, რომ გოგოებსაც ყველაფერი შეუძლიათ.


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

მარიამ გუჯაბიძე – გოგოს ყველაფერი შეუძლია

,,ბიოგრაფი ლივინგ”-მა გერმანულ კომპანია „Schüco”-სთან ექსკლუზიურ პირობებზე თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა