პატარა გოგონები რომ ყოველთვის დიდი მონდომებით, ინტერესით ირგებენ უფროსი ქალბატონების ტანისამოსსა და კოსმეტიკას, ეს ბუნებრივი ფაქტია. თუმცა, ის, რაც ერთი გოგონას შემთხვევაში მოხდა, ნამდვილად განსაკუთრებული შემთხვევაა. ამბის მთავარ გმირს სკაუტი ჰქვია და მისი უჩვეულო ისტორია მას შემდეგ დაიწყო, რაც საყვარელ ბებიას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. სკაუტის დედამ გადაწყვიტა შვილისთვის პატარობიდანვე ესწავლებინა საკუთარი შესაძლებლობების, ძალებისა და უფლებების დაფასება, ამისთვის მასთან ერთად ძალიან საინტერესო ფოტოპროექტი შექმნა. გოგონამ თანამედროვე დროის ყველა ძლიერი, ცნობილი და გავლენიანი ქალბატონის როლი მოირგო. სკაუტმა დედასთან ერთად შეადგინა ამ ქალბატონების ჩამონათვალი, ჯერ მათ შესახებ ბევრი რამ გაიგო, შემდეგ ყველაზე საინტერესო ფოტოები აარჩია და თავად განასახიერა ისინი. პროექტზე მუშაობა თითქმის ერთ წელიწადს გაგრძელდა, ამ დროის განმავლობაში კი შვილიშვილის საოცარი შემართებით შთაგონებულმა ბებიამ სიმსივნის დაძლევაც კი შეძლო. გარდა ამისა, პატარა სკაუტმა არაერთი ცნობილი ქალბატონის ყურადღების მიპყრობაც მოახერხა.