in

მარიამ გუჯაბიძე – გოგოს ყველაფერი შეუძლია

ხშირად, გამოწვევები, რომლებზეც გოგოები/ქალები საუბრობენ, შეუმჩნეველი მხოლოდ იმიტომ რჩება ხოლმე, რომ თვალი შეეჩვია არსებულ მოცემულობას. ამიტომაც უწოდებენ ამ ბარიერს „შუშის ჭერს“ – ისინი რთულად შესამჩნევია, თუმცა აშკარა დამაბრკოლებელ ფაქტორს წარმოადგენს უამრავი გოგოსთვის. წლები გადის საკუთარი თავისა და თავდაჯერებულობის ძიებაში, გაცნობიერებასა და ძალების მოკრებაში, რომ დიახ – შეგიძლია ყველაფერი, რასაც გადაწყვეტ. მარიამ გუჯაბიძე 13 წლის იყო, როდესაც ამ პრობლემებთან საბრძოლველად და ადამიანთა უფლებების დასაცავად იურისტობა გადაწყვიტა. წინააღმდეგობას პროფესიის არჩევის დროსაც წააწყდა – უთხრეს, ეს გოგოს საქმე არ არისო. შეცდნენ. მარიამმა არამხოლოდ იურიდიულ სფეროში გაიკვალა გზა, არამედ ტურიზმშიც – ის პროექტის Spend 4 Seasons In Georgia თანადამფუძნებელია და სხვებსაც ეხმარება ამ მიმართულებით განათლებაში.

„გოგოებს შეგვიძლია ვიყოთ ის, ვინც ვართ – თითქოს, ხომ არაფერია ამაში რთული და განსაკუთრებული, მაგრამ განსაკუთრებულია ჩვენს რეალობაში, როდესაც ხმამაღლა და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რასაც ვფიქრობთ, ვიდგეთ იქ, სადაც დგომა მიგვაჩნია სწორად, მოურიდებლად გამოვხატოთ ემოციები და არაფრის შეგვეშინდეს. როდესაც ამ გამბედაობას და თავისუფლებას საკუთარ თავში აღმოაჩენ, მერე ხვდები, რომ მართლა ყველაფერი შეგიძლია, შეგიძლია საშიშად მიუღწეველი მიზნები და ოცნებები გქონდეს, მაგრამ ყველაზე თავდაჯერებულად და ლაღად იარო ამ გზაზე,“ – გვიამბო მარიამ გუჯაბიძემ.

M: როგორ ჩამოგიყალიბდა ეს გაცნობიერება? 

ბავშვობიდან ბევრი აკრძალვა და სტერეოტიპი იყო, განსაკუთრებით გოგოებისთვის. ბევრი თავს მოხვეული აზრი და ფიქრი, რომ უნდა ვყოფილიყავით ნაზები, მორიდებულები და შეზღუდულები, მაგრამ ვერასდროს და ვერაფრით მივიღე და მოვიწონე სხვათა თვალით დანახული საკუთარი თავი თუ მომავალი. არ მახსოვს, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, მაგრამ ფაქტია, რომ პატარა ასაკიდან დიდად არ მაღელვებდა ეს შეზღუდვები, რადგან ბედნიერებას და სიხარულს სწორედ იმის კეთება მანიჭებდა, რაც „არ შემეფერებოდა“. კალათბურთის თუ ფეხბურთის თამაშით დალურჯებული კიდურები, „ბიჭებისთვის მიკუთვნებული“ სპორტული აქტივობებითა და საგნებით სიამოვნების მიღება, სწორედ ეს სიყვარული მაძლევდა თავისუფლებასა და დღესაც მარწმუნებს, რომ ყველაფერი შემიძლია. უზომოდ მადლიერი ვარ პატარა მარიამის, ვისაც წარმოდგენა არ მაქვს, საიდან ჰქონდა იმდენი ძალა და გამბედაობა, რომ ყოველთვის ებრძოლა საკუთარი თავისა და პრინციპებისთვის. 

M: შენ შემთხვევაში როგორ ვლინდება ის, რომ გოგოებს ყველაფერი შეგვიძლია?

13 წლის ვიყავი, იურისტობა რომ გადავწყვიტე და ყველაზე მეტად, სწორედ ამ საქმის კეთება და სხვების უფლებების დაცვა მინდოდა. ამავდროულად, არაერთი ადამიანი გამუდმებით მიმეორებდა, რომ იურიდიულ ფაკულტეტზე მოხვედრა იმ პერიოდში მხოლოდ ცოდნით შეუძლებელი იყო და ათას სხვა მარტივ გამოსავალს და ალტერნატივას მთავაზობდნენ. მიუხედავად ამ ხელოვნური ბარიერებისა, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი გავხდი და წარმატებული კარიერაც გამომივიდა. ეს მოცემულობა თითქმის უცვლელი იყო მას შემდეგაც – ჩემს ყველა ახალ წამოწყებასა თუ გადაწყვეტილებას, იგივე მონდომებით აფერხებდნენ ხოლმე, თუმცა, არცერთი წამით არ განმიხილავს განსხვავებული რეალობა, მარტივი გზა ან დანებება – არც პროფესიის ცვლილებისას, არც საკუთარი ბიზნესის დაწყებისას და არც თავისუფლებისთვის ბრძოლისას. ასეთ დროს ყოველთვის მახსენდება 13 წლის მარიამი, რომელმაც დარწმუნებით იცოდა რა უნდოდა და იცოდა, რომ აუცილებლად შეძლებდა, ამიტომ არანაირი კომპრომისი – ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია.

M: ვინ გახსენდება გოგოებზე/ქალებზე, რომლებსაც ყველაფერი შეუძლიათ?

მე ასე ვიტყოდი პასუხად, რომ ზოგადად, თავისუფლების მოყვარული ქართველი ქალები და გოგოები მახსენდება. იმდენ საოცარ ქალს ვხედავ ჩემ გვერდით ყოველდღიურად, ვერ ვმალავ მათ მიმართ აღფრთოვანებას, რადგან საოცარი სილაღით იბრძვიან თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის, იბრძვიან – მარტოც, დედებთან თუ შვილებთან ერთად. ასევე ყოველთვის მახსენდება დედები და ქალები, ვინც წლობით მოწყვეტილები არიან ოჯახებს და მათი უკეთესი მომავლისთვის დაუღალავად შრომობენ. მახსენდება ყველა ქალი, რომლიც ყოველდღიურად არწმუნებს საზოგადოებას, რომ ჩვენი საქმეა ბიზნესიც, სპორტიც, პოლიტიკაც, მეცნიერებაც, ხელოვნებაც… შეხედეთ თქვენ გვერდით მყოფ ქალებსა და გოგოებს – ძლიერებს, ლამაზებს, ჭკვიანებსა და თავისუფლებს, შეუძლებელია არ აღფრთოვანდეთ, რადგან თითოეულმა მათგანმა ზუსტად იცის, რომ მათ ყველაფერი შეუძლიათ.


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

არაბული საპნის ოპერა Apple-ის კამპანიაში

ლილი ფულარიანი – გოგოებს ყველაფერი შეგვიძლია