შვილის დაბადება ადამიანის მსოფლმხედველობას საგრძნობლად ცვლის. ეს გარემოება განსაკუთრებით თვალსაჩინოა იმ მამაკაცების შემთხვევაში, რომლებიც გოგონებს ზრდიან. ეკონომიკური კვლევების მიმოხილვაში გამოქვეყნებული ახალი ნაშრომი აჩვენებს, რომ მენეჯერულ პოზიციებზე მყოფი მამაკაცები ქალიშვილის შეძენის შემდეგ სამუშაო გარემოში ქალების მიმართ დამოკიდებულებას საგრძნობლად იცვლიან.
დანიის ადმინისტრაციულ მონაცემებზე დაყრდნობით ჩატარებულ კვლევაში დამსაქმებელთა ბაზები მენეჯერების ოჯახურ ინფორმაციასთან შეჯერდა. ანალიზი ფოკუსირებული იყო იმ კომპანიებზე, სადაც მენეჯერულ პოზიციას კონკრეტულ წელს მხოლოდ ერთი პირი იკავებდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ აყვანისა და დაწინაურების გადაწყვეტილებებს სწორედ ის იღებდა. შედეგებმა აჩვენა, რომ პირველი ქალიშვილის შეძენა მამაკაცი ხელმძღვანელების გენდერულ აღქმაზე პირდაპირ აისახება და ისინი ქალ თანამშრომლებს გაცილებით ხშირად ასაქმებენ.
ეს ტენდენცია განსაკუთრებით გამოიკვეთა იმ ქალების შემთხვევაში, რომლებიც სამ ძირითად კრიტერიუმს აკმაყოფილებდნენ – ჰქონდათ უმაღლესი განათლება, მუშაობდნენ სრულ განაკვეთზე და კომპანიაში მაღალი ანაზღაურება ერიცხებოდათ. საერთო ჯამში, პირველი ქალიშვილის დაბადების შემდეგ მამაკაცი მენეჯერების მიერ ქალების დასაქმების მაჩვენებელი 2.9%-ით გაიზარდა.
დაწინაურება და ანაზღაურების ზრდა
ცვლილებები მხოლოდ ახალი თანამშრომლების შერჩევით არ შემოფარგლულა. მონაცემები მოწმობს, რომ ქალიშვილის შეძენის შემდეგ მენეჯერები ქალ თანამშრომლებს უფრო ხშირად აწინაურებენ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გუნდში არსებობენ ქალები, რომლებიც საპასუხისმგებლო პოზიციებისთვის საუკეთესოდ არიან მომზადებულნი. ამასთან, ასეთი ხელმძღვანელების დაქვემდებარებაში მყოფი ქალების ანაზღაურება საშუალოდ 4.4%-ით გაიზარდა.
მომდევნო ქალიშვილების დაბადებასაც ჰქონდა გარკვეული გავლენა, თუმცა შედარებით მცირე. ყველაზე გადამწყვეტი როლი სწორედ პირველი ქალიშვილის დაბადებამ ითამაშა.
სოციალურ ქსელებში გოგონების მამებს ხშირად საუკეთესო ხელმძღვანელებსაც უწოდებენ. ეკონომისტების შეფასებით, ეს კვლევა გაუცნობიერებელი მიკერძოებებისა და გენდერული სტერეოტიპების არსებობას ადასტურებს. სტერეოტიპები, რომლებიც ჩვეულებრივ ხელს უშლის ქალების კარიერულ წინსვლას, იმდენად ფართოდ არის გავრცელებული, რომ პირადი გამოცდილებით გამოწვეული ცვლილება სტატისტიკურ მონაცემბში საგრძნობლად აისახა.
გაცნობიერებული ინტერესი
მკვლევრები აღნიშნავენ, რომ ეს ცვლილება მამების მხრიდან საკუთარი შვილისთვის გზის გაკაფვის გათვლა ვერ იქნება. ახალშობილი გოგონა მამის საკადრო გადაწყვეტილებებით კიდევ ორი ათწლეული ვერ ისარგებლებს, ამიტომ პირადი გამორჩენის მოტივი აქ გამორიცხულია. ცვლილება დაბადებისთანავე იჩენს თავს.
ქალიშვილის ყოლის გამოცდილება მამაკაცს ეხმარება, უფრო ფართოდ დაინახოს ქალების რეალობა და უკეთ გაიაზროს ის გამოწვევები, რასაც ისინი სამუშაო გარემოში აწყდებიან. გენდერული უთანასწორობა მამაკაცისთვის მოულოდნელად ხილვადი და ხელშესახები ხდება, რაც ქალების მიმართ ემპათიასა და მეტ იდენტიფიკაციას აჩენს.
კვლევამ ისიც დაადასტურა, რომ იმ კომპანიებში, სადაც მეტი ქალი დასაქმდა, საერთო პროდუქტიულობა არ შემცირებულა. სამართლიანობასა და ეფექტიანობას შორის კომპრომისი არ გამოვლენილა. მენეჯერებმა შეარჩიეს ისეთივე მაღალკვალიფიციური ქალები, როგორი მამაკაცებიც შეიძლებოდა აეყვანათ, და ორგანიზაციის შედეგები არ დაზარალებულა. ეს ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ ქალების დაწინაურება კომპანიის წარმატებაზე უარყოფითად არ აისახება.
ხედვის შეცვლა
ადამიანური რესურსების ექსპერტები ხაზს უსვამენ, რომ პირადი შეხება პირდაპირ განაპირობებს გაგებას. რაც უფრო მეტად ხედავენ ლიდერები სამუშაო გარემოს საკუთარ ცხოვრებაში არსებული ქალების თვალით, მით უკეთ აცნობიერებენ, რომ თანასწორობა ფავორიტიზმი არ გახლავთ. საქმე თითოეული ნიჭიერი ადამიანისთვის თანაბარი შესაძლებლობის მიცემას ეხება, რათა მან საკუთარი წვლილი შეიტანოს, განვთარდეს და გუნდს გაუძღვეს.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ოცი წლის განმავლობაში ანაზღაურების სხვაობა ოდნავ შემცირდა, კვლევითი ცენტრების მონაცემებით, ქალები მამაკაცების შემოსავლის დაახლოებით 85%-ს გამოიმუშავებენ. მხოლოდ მეტი ქალის დაქირავება ამ ნაპრალს სრულად ვერ ამოავსებს. საჭიროა პოლიტიკა, რომელიც მენეჯერებს უთანასწორობის სოციალურ ფასს დაანახებს. თუმცა, როდესაც მამაკაც მენეჯერებს ქალიშვილები უჩნდებათ, ხედვის ეს ტრანსფორმაცია ბუნებრივად და შეუმჩნევლად ხდება.
წყარო: Fastcompany












