in

„გოგოს შეუძლია იყოს ყველაფერი“ – როგორ შთააგონა ერთმა ფრაზამ TikTok-ის უამრავი კრეატორი

რამდენჯერ მოგვისმენია სხვებისგან – ქალთა დღეს რად უნდა სპეციალური თარიღი, ყოველი დღე თქვენი/ჩვენი არ არისო? ალბათ, 8 მარტი იქამდე იარსებებს, ვიდრე ყველა გოგო არ ვისწავლით, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ყველაფერი… თუ ბავშვობიდან გაჯერებდნენ, რომ საკმარისი არ ხარ, რომ უნდა იყო ისეთი, როგორიც სხვებს მოეწონებოდი, შენთვისაა ეს შეხსენება – „გოგოს შეუძლია იყოს ყველაფერი“. ნინი გოგიჩაიშვილის ცნობილი ვიდეო, ამ ფრაზით, TikTok-ტრენდად იქცა და მისი გახმოვანება უამრავმა მომხმარებელმა გამოიყენა საკუთარ ვიდეოებში. ჩვენ დავინტერესდით, როგორ დაიწყო ეს ამბავი და თავად ვიდეოს ავტორისთვის როგორია იმის გააზრება, რომ გოგოს შეუძლია იყოს ყველაფერი…

BOG
BOG

„ეს არის ამონარიდი ერთ-ერთი ინტერვიუდან, რომელიც გადაიღეს ჩემზე, როგორც მოტოციკლისტზე. მოგეხსენებათ, მოტოსპორტი ბევრისთვის ჯერ კიდევ უფრო მასკულინურ სპორტად მიიჩნევა, ამიტომაც იმ ინტერვიუში ბაიკერი გოგოების შესაძლებლობებს გავუსვი ხაზი. ეს ტიკტოკ ვიდეოც იმ ვიდეოდან ამოვჭერი და შემდეგ ტრენდად იქცა. იდეა იყო, მოტივაცია მიმეცა გოგოებისთვის, რომ გოგოს შეუძლია ყველაფერი, რასაც მოისურვებს. ალბათ, ჩემი ვიდეო გარკვეულწილად პატარა ბიძგად იქცა ადამიანებისთვის. ამის გააზრება იმედისმომცემია – თითქოს, საკუთარ თავში იმდენ ძალას პოულობ, რომ შემდეგ, ნაკლებად საჭიროებ ვალიდაციას გარემოდან. ხვდები, რომ ყველაფერი შენი თავიდან იწყება. არ არსებობს დაბრკოლება, რასაც ვერ მოუძებნი გამოსავალს და ვერ გადალახავ“, – გვიამბო ნინი გოგიჩაიშვილმა.

M: სამწუხაროდ, არაერთი გოგო იზრდება საპირისპირო სტერეოტიპის ჩაგონებით. შენს გონებაში როგორ მომწიფდა ეს იდეა?

ძალიან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ ჩემი ოჯახიდან, რისი ფუფუნებაც, სამწუხაროდ, ბევრს არ აქვს ამ ქვეყანაში. ჩემს ნებისმიერ გამოხატულებას ყოველთვის ღიად ხვდებოდნენ ოჯახში და ეს დიდ ძალას მაძლევდა. იდეალურ სამყაროში, ვისურვებდი, რომ ყველა ოჯახი ასეთი მხარდამჭერი ყოფილიყოს და აღზრდისას თავიდანვე არ უნერგავდნენ იმ აზრს, თითქოს გოგოს სჭირდება, რომ ვინმესთვის იყოს მოსაწონი.

M: როგორ ფიქრობ, რამ განაპირობა შენი ტრენდის ასეთი მასშტაბურობა?

ბევრ გოგოს არ ეუბნებიან, რომ მათ ყველაფერი შეუძლიათ და ვფიქრობ, სწორედ ამიტომაც გახდა პოპულარული – მათ სჭირდებოდათ ამის მოსმენა. ეს არ არის მხოლოდ სიტყვები, არამედ რეალური გამოცდილების ჩვენება.

საკმაოდ ბევრი კომენტარი იყო ამ ვიდეოზე და ერთ-ერთი ძალიან დამამახსოვრდა. გოგო წერდა, ჩემმა სამი წლის შვილმა ნახა ეს ვიდეო და თქვა, რომ – დე, მეც შემიძლია ყველაფერიო. ზუსტად ამისთვის შეიქმნა ეს ვიდეოც, რომ ასე პატარა ბავშვებსაც კი ენახათ და ეთქვათ, რომ – მე შემიძლია ყველაფერი.

M: როგორი ხარ შენ, როგორც გოგო, რომელსაც შეუძლია ყველაფერი?

ბავშვობიდან სტერეოტიპების გარეშე ვიზრდებოდი, რაც დამეხმარა თავად დამეწესებინა საკუთარი საზღვრები და განმესაზღვრა ჩემივე შესაძლებლობები. სწორედ ამან განაპირობა, დამენახა საკუთარი თავი საზოგადოებაში და მაგრძნობინა ძალა, რომ შემიძლია ვიყო თვითკმარი. მე ვარ საკმარისი ამ საზოგადოებაში ცხოვრებისთვის, ნებისმიერი ახირების შესასრულებლად.

ჩემი ცხოვრების სტილით, ხშირად გამოვდივარ ხოლმე სტერეოტიპული ჩარჩოებიდან, თუნდაც ჩემი ვიზუალური გამოვლინებით, ჩემი სხვადასხვა ჰობიც არასტანდარტული იყო ხოლმე – დავდიოდი ფეხბურთზე, კალათბურთზე, მაგიდის ჩოგბურთს ვთამაშობდი, მაინტერესებდა ისეთი აქტივობები, სადაც ფიზიკურად ვიქნებოდი ჩართული. ძირითადად, ყველაფერი მასკულინურ გამძლეობასთან ან ფიზიკურ შესაძლებლობასთან ასოცირდება ხოლმე. თუნდაც ჩემი და მოტოციკლის ისტორია. ხშირად ყოფილა, როცა გარემოცვას არ მოსწონებია ჩემი ვიზუალური გამოვლინება ან მიდგომები. არცთუ იშვიათად, ჩემი გამომწერებიც ამახვილებენ ამაზე ყურადღებას – „კარგი, გაიზარდე ახლა (თმა) და განაზდი“. არ ვფიქრობ, რომ გოგო რაიმე ჩარჩოში უნდა იყოს მოქცეული. ყველაფერში უნდა ისმოდეს ჩემი ხმა, როგორც გოგოსი და როგორც ნინის.

M: საინტერესო რამ ახსენე – არცთუ იშვიათად, გამომწერების აზრი ინფლუენსერისთვის ერთგვარ წნეხად იქცევა ხოლმე, რაც კონფორმიზმისკენ უბიძგებთ. როგორც ახსენე, შენგანაც აქვს აუდიტორიას მოლოდინი, რომ რაღაც მათი სურვილისამებრ გააკეთო. როგორ ხდება ეს შენ შემთხვევაში და რა მიგაჩნია სწორ მიდგომად?

ვცდილობ, მქონდეს მიმღებლობა ადამიანების აზრის მიმართ და მხოლოდ შემდეგ ვესაუბრო ჩემი გადმოსახედიდან. თუ სხვისი აზრის მიმღებლობა არ გაქვს, არც შენსას გაიგებს ვინმე. ნებისმიერი ადამიანის ადგილას, ჩვენც ზუსტად ისევე ვიფიქრებდით (ან მოვიქცეოდით), როგორც ისინი. ეს ბიძგს გაძლევს, მოუსმინო, გაიაზრო, საიდან მოდის ეს აზრი თუ რჩევა, რომელიც კეთილსინდისიერად სურს მოგარგოს და რეალურად, კარგი უნდა შენთვის და მხოლოდ შემდეგ აუხსნა – მესმის, რომ შენი თვალთახედვიდან ასე ჩანს, მაგრამ ჩემი სამყარო ამ ისტორიას უკავშირდება და სხვანაირად არის მოწყობილი. ასეთი კომენტარები ხშირად მახსოვს ბავშვობიდანაც, როცა დრედები ალბათ ძალიან ცოტას თუ ჰქონდა გარშემო. მაშინ, ძალიან ხშირად, ავტობუსში აკეთებდნენ ხოლმე კომენტარს, რომ „გოგოს არ შეშვენის ასეთი ვარცხნილობა“. ესეც გამოცდილებით ვისწავლე, როგორ არ შემრცხვენოდა. ჩემთვის, მთავარია, ბოროტი არ იყოს ადამიანი ჩემ მიმართ, სხვა შემთხვევაში, უარყოფით შეფასებას ჩემთვის არ აქვს არანაირი მნიშვნელობა. ამიტომ, ასეთი კომენტარები ჩემზე გავლენას არ ახდენს. პირიქით, მიხარია, რომ რაღაცაში სურთ თავადაც შეიტანონ წვლილი და ამით გამოხატონ ჩემთან სიახლოვე.

ამ ყველაფერზე, ძირითადად, იუმორით ვესაუბრები და ვუხსნი, რადგან იუმორი ყველაზე კარგი გზაა შენი სათქმელის მარტივად და გასაგებად მისაწოდებლად.

M: შენ ვინ გახსენდება, როცა ფიქრობ გოგოებზე, რომლებსაც ყველაფერი შეუძლიათ?

დღეს, ძალიან შთამაგონებლები არიან ქართველი ქალები. ვფიქრობ, მე არ მაქვს ამხელა სიმამაცე და თავდადება, როგორიც დღევანდელ შეუპოვარ ქართველ ქალებს, რომლებსაც წარმოუდგენელი ბრძოლით გააქვთ სიმართლე. თუნდაც, მზია ამაღლობელი, რომლის შესახებაც შიმშილობის დაწყების შემდეგ გავიგე. თუნდაც, ის გოგო, რომელმაც რობოკოპების კორდონი ფეხით შეანგრია. ჩემთვის, სამაგალითოები არიან დედები, რომლებიც ურყევად დგანან, მიუხედავად იმისა, რომ მათი შვილები უსამართლოდ ისჯებიან. ყველა ქალი, ვინც დღეს, ხმას იმაღლებს, ჩემთვის შთამაგონებელია. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ძლიერად მიმაჩნია საკუთარი თავი, მაინც ვფიქრობ, რამ უნდა მომცეს ამხელა ძალა, რომ მეც იგივე მოვიმოქმედო.


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მარტის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია იწყება

მშობლობა ტვინს აახალგაზრდავებს — უახლესი კვლევა