მოდისადმი სიყვარული ბავშვობიდან დაჰყვა. სულ იცოდა, რომ ტანსაცმლის დიზაინის სფეროში იმუშავებდა. პირველი პროფესიაც სწორედ ტანსაცმლის დიზაინს დაუკავშირა და მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიურ სფეროში 18-წლიანი გამოცდილება დააგროვა, მაიკო გორგილაძეს მოდისადმი ბავშვობის დროინდელი ინტერესი არ განელებია და გადაწყვიტა ოცნება და პროფესია კიდევ ერთხელ დაეკავშირებინა ერთმანეთთან. სულ ცოტა ხნის წინ, ქართული სამოსის ახალი ბრენდ GOGUTSA-ს ჩაუყარა საფუძველი და მალევე, ტოკიოში აღმოჩნდა გამოფენაზე. ბრენდი, რომელიც დამფუძნებლის ბებიის – მკერავ გოგუცას სახელს ატარებს, აერთიანებს წარსულის ოსტატობას და მომავლის ხედვას, იაპონურ ესთეტიკას და ქართულ გემოვნებას.
„ჩემი პირველი პროფესია სწორედ ტანსაცმლის დიზაინია, რომლის მიმართაც სულ მქონდა ინტერესი. სამწუხაროდ, იმ დროისთვის ეს სფერო საქართველოში ჯერ კიდევ ნაკლებად განვითარებული იყო. ამიტომ გადავწყვიტე სრულიად განსხვავებული მიმართულებით წავსულიყავი და MBA-ზე ჩაბარება გადავწყვიტე, რამაც საბანკო სფეროში მიმიყვანა“, – გვიამბობს მაიკო გორგილაძე.
M: როგორ წარმოგედგინა საკუთარი ბრენდი და მისი განვითარება?
ჩემი ბრენდი ყოველთვის წარმომედგინა სივრცედ, სადაც თავისუფლად შემეძლებოდა ჩემი გემოვნების, ხედვის და განწყობის გამოხატვა – ინდივიდუალური ტონით, სიჩუმის სიძლიერით და წესების გარეშე შექმნილი სტილით. სწორედ ამ ღირებულებებით შეიქმნა GOGUTSA-ს ბრენდი და ვფიქრობ, რომ ის ადამიანები, რომლებიც GOGUTSA-ს ჩაიცვამენ, იგრძნობენ ამ გულწრფელობას და პირად დამოკიდებულებას.
უკვე 18 წელია საბანკო სექტორში ვმუშაობ, თუმცა დიზაინი ყოველთვის ახლოს იყო ჩემთან. მუდამ ვცდილობდი მეპოვა კავშირი ამ ორ, ერთი შეხედვით განსხვავებულ სფეროებს შორის. სხვათაშორის, 2023 წლის Spotlight Tech-ზე სწორედ ამ თემაზე ვისაუბრე – როგორ იკვეთება ჩემი ოცნება და პროფესია ყოველდღიურ საქმიანობაში.
ბრენდის განვითარებას ვხედავ როგორც პროცესს, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ ვითარდება და არ ცდილობს ვინმეს დაემსგავსოს.
შორს არ ვიხედები გეგმებში – ჩემს წარმოდგენაში GOGUTSA მიდის იქამდე, სადაც ბუნებრივად უნდა აღმოჩნდეს და ამ გზაზე ჩემთვის მთავარი რჩება ერთგულება საკუთარი თავის, გემოვნების და იმ ემოციის მიმართ, რისთვისაც ეს ყველაფერი დავიწყე.
M: ტოკიოში როგორ აღმოჩნდა GOGUTSA-ს სამოსი?
დაახლოებით ორი თვის წინ მე და ჩემი მეგობარი ვსაუბრობდით GOGUTSA-ს შექმნის იდეაზე. ჯერ კიდევ ეჭვი მეპარებოდა სწორი დრო იყო თუ არა ამის დასაწყებად. სწორედ მაშინ შემომთავაზა თანამშრომლობა „სააგენტო ვიტრინთან”, რომლის ერთ-ერთი მიმართულებაა ადგილობრივი ბრენდების გლობალურ ბაზარზე გაყვანა.
ჩვენი პირველი კოლექციის წარდგენა ტოკიოთი იწყება. ქალაქში, რომელშიც მოძრაობა, მრავალფეროვნება და ტრადიციებისადმი ღრმა პატივისცემა თითქოს თავადვე ეხმიანება ჩვენი ბრენდის იდეოლოგიას. ტოკიოში ტანსაცმელი არა მხოლოდ ლამაზი უნდა იყოს, არამედ შინაარსიც უნდა ქონდეს. სწორედ ესაა ჩვენი ბრენდის ფილოსოფიაც: ფორმაში გადმოცემული სიძლიერე და ქალურობით შთაგონებული მამაკაცური სიზუსტე.
ტოკიოსთვის შექმნილი პირველი კაფსულა კოლექცია, რომელიც იაპონური ფილოსოფიით, wabi-sabi-ით შეიქმნა, ტოკიოში, Parco Shibuya-ში 17 მაისიდან 1 ივნისამდე იქნება წარმოდგენილი.
ჩვენთვის ეს მხოლოდ დასაწყისია, იმ დიდ გზაზე, რომელიც დაიწყო ორი თაობით ადრე და გაგრძელდა მემკვიდრეობად.
M: როგორია GOGUTSA, როგორც ბრენდი?
GOGUTSA, მემკვიდრეობით შთაგონებული მამაკაცის ტანსაცმლის ბრენდია და ატარებს ჩემი ბებიის სახელს – გოგუცას, რომელიც იყო მკერავი.
მთელი ბავშვობა ვუყურებდი, როგორ ქმნიდა ტანსაცმელს სიყვარულით, სიზუსტით და დაუღალავი შრომით. ის სულ ოცნებობდა შეექმნა მამაკაცის ტანსაცმელი და საკუთარი ხელწერით დაემკვიდრებინა თავი დიზაინის სამყაროში. ოცნების ახდენა სიცოცხლეში ვერ მოახდინა, თუმცა გოგუცას ოცნებები არასდროს გამქრალა – მისი საკერავი მანქანის ხმა წლების განმავლობაში იყო ჩვენი სახლის რიტმი. ეს ხმა ჩემთვის სიმბოლო გახდა – სიჩუმეში გაჟღერებული ძალის, შრომის და ზრუნვის.
GOGUTSA ამ ხმას აგრძელებს – ქმნის ტანსაცმელს, სადაც დეტალებშია თავმოყრილი მემკვიდრეობა, ინდივიდუალიზმი და თავდაჯერებული სიმშვიდე.
დღეს ეს ოცნება რეალობად ვაქციეთ, მე და ჩემმა დეიდაშვილმა – მარიამ მიდელაშვილმა. ჩვენი ბებიის, გოგუცას დაწყებული გზა გავაცოცხლეთ და გადავწყვიტეთ მისი სახელით შეგვექმნა ბრენდი, რომელიც იქნება არა უბრალოდ ტანსაცმელი, არამედ მემკვიდრეობა და ისტორია, რომელიც ხელით იქმნება, შინაარსით იტვირთება და ერთ ძაფად იკვრება.
ჩვენი პირველი კოლექციის წარდგენაც მოხდება სიმბოლურად ტოკიოში – იქ, სადაც ტრადიცია და მოძრაობა ერთმანეთის თანმხლებია.
M: რატომ სწორედ მამაკაცის სამოსი?
როგორც ვახსენე, GOGUTSA ბრენდია რომელიც მთლიანად მემკვიდრობით შთაგონებულ შინაარსს ატარებს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ მის აუხდენელ ოცნებას გავყოლოდით და შეგვექმნა მამაკაცის ხაზი და გავყოლოდით ამ გზას.
GOGUTSA-ს პირველი კაფსულა კოლექცია შთაგონებულია იაპონური ესთეტიკის ერთ-ერთი ყველაზე ღრმა ფილოსოფიით – Wabi-sabi, რომელიც გვასწავლის სილამაზის დანახვას მაშინაც კი როდესაც რაღაც შეიძლება იყოს არასრულფოსავანი, არაიდეალური და მოკრძალებული. ეს არის სილამაზე რომელიც დროსთან ერთად იძენს ღირებულებას და წარსულიდან მოდის.
ჩვენი კოლექციაც სწორედ ამ ფილოსოფიის გამოძახილია – მარტივი ფომრები, მიწის ფერები, დეტალებში ჩადებული ისტორია და სიღრმე.
თითოეულ მოდელში იგრძნობა ისტორია. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო კოლექცია დაგვეტვირთა მოულოდნელი დეტალებით – სწორედ ამიტომ შეფუთვა, მოვლის ინსტრუქცია, იარლიყი და თანდართული წერილი ქმნის მოულოდნელ დეტალებს და ამ მოგზაურობას კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის. ეს არის კოლექცია, რომელიც ჩუმად ანათებს და მათთვისაა, ვინც დეტალებში ხედავს მთლიანობას.
M: რას გამოხატავს სამოსის სტილი?
რაც შეეხება სამოსის სტილს, ძირითადად შეხვდებით მამაკაცის პიჯაკებს, ჟილეტებს, შარვლებსა და პერანგებს.
იმის გათვალისწინებით, რომ ყველა ნივთი ხელით იკერება და არ არის ქარხნული წარმოება, საფასო კატეგორია საშუალოზე მაღალია. ტანსაცმელი არ იკერება სტანდარტული თარგით – რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეულ მოდელს თავისი ხასიათი და მოქნილობა აქვს.
ჩვენ არ გვსურს, რომ GOGUTSA მასობრივი პროდუქტი გახდეს – ვფიქრობთ, ეს ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა, რომელსაც ჩვენი მომხმარებლები დააფასებენ. ჩვენთვის ინდივიდუალობის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ჩვენს მომხმარებლებს ექნებათ შესაძლებლობა, ტანსაცმელი საკუთარი ზომის მიხედვით შეიკერონ.
რადგან GOGUTSA-ს პირველი კაფსულა კოლექციის წარდგენა ტოკიოს ბაზარზე მაისში იგეგმება, აღნიშნული კოლექციის შეძენა ჩვენს ვებგვერდზე – www.gogutsa.com – ივნისიდან იქნება შესაძლებელი.
M: პარალელურად, ტექ სფეროში ხარ – როგორ უთავსებ ამ ორ საქმეს?
ორ სრულიად განსხვავებულ სფეროს შორის ბალანსის დაჭერა მარტივი არ არის, თუმცა სწორად სტრუქტურირებული დროისა და პრიორიტეტების მართვის პირობებში შესაძლებელი ხდება. ტექნოლოგიური სფერო მაძლევს შესაძლებლობას, ვიმუშაო სტრატეგიულად, მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებით, რომელმაც პირდაპირ გადმოინაცვლა ჩემი მოდის ბრენდის განვითარებაშიც.
GOGUTSA-ს ვუდგები როგორც გრძელვადიან პროექტს, სადაც ხარისხი და ფოკუსი დროის ეკონომიაზე მნიშვნელოვანია. ამასობაში, ტექ გამოცდილება მეხმარება პროცესების ოპტიმიზაციაში – იქნება ეს ციფრული არხების მართვა, მომხმარებლის გამოცდილების დიზაინი თუ გლობალურ ბაზარზე პოზიციონირების სტრატეგია.
ორივე მიმართულება ავსებს ერთმანეთს – ტექნოლოგიამ მომცა სტრუქტურა, დიზაინმა კი – თავისუფლება. სწორედ ამ ბალანსით ვახერხებ, რომ ორივე სფეროში დავრჩე ინოვაციური და მაქსიმალურად ჩართული.
M: რას ნიშნავს შენთვის გქონდეს საკუთარი სტარტაპ ბრენდი?
საკუთარი სტარტაპ ბრენდი ჩემთვის ნიშნავს შესაძლებლობას, რეალური ღირებულება შექმნა ნულიდან – იდეიდან პროდუქტამდე, ემოციიდან გამოცდილებამდე. ეს არის სივრცე, სადაც ხვდებიან ხედვა, სითამამე და სისტემური აზროვნება.
სტარტაპი, განსაკუთრებით მოდის სფეროში, მოითხოვს გრძელვადიან სტრატეგიულ ფიქრს, თუმცა ამავდროულად სწრაფ ადაპტაციას, ექსპერიმენტებს და უნარს, არაკონვენციურ გზებზე წახვიდე. ჩემთვის ეს პროცესია, სადაც ყოველდღიურად სწავლობ – საკუთარ პროდუქტზე, მომხმარებელზე, ბაზარზე და საკუთარ თავზეც.
ავტორი: თამარ მეფარიშვილი