მოდის სამყაროში აღიარება ხშირად წლების სამუშაოს მოითხოვს, მაგრამ ზოგჯერ ავთენტურობა და მკაფიო იდენტობა გზას ამოკლებს. მამაკაცის ტანსაცმლის ქართულმა ბრენდმა GOGUTSA-მ Tranoï Tokyo-ს 250 მონაწილე ბრენდს შორის, გლობალური მედია პლატფორმა Hypebeast-ის ყურადღება მიიპყრო და ტოპ-5-ში მოხვდა. ბებიის შთაგონებით შექმნილი GOGUTSA კლასიკურ მინიმალიზმსა და თანამედროვე „სტრიტვეარს“ აერთიანებს ავთენტურად შექმნილ სტილში. ის ერთდროულად ეხმიანება როგორც კლასიკური მოდის მიმდევრებს, ისე ახალგაზრდული კულტურის ენთუზიასტებს.
2025 წლის მაისში GOGUTSA-მ პირველი ნაბიჯი გადადგა ტოკიოში – ქალაქში, სადაც ტრადიციებისადმი პატივისცემა თანამედროვე ურბანულ კულტურასთან ერთად თანაარსებობს. ახლა კი ბრენდი Tranoï Tokyo-სა და Tranoï Paris-ის პრესტიჟულ შოურუმებში მონაწილეობისთვის ემზადება. GOGUTSA-ს შემქმნელებისთვის ეს მოვლენა მხოლოდ კომერციული შესაძლებლობა არ არის, არამედ გზა, რომ ბრენდმა მსოფლიოს მიაწვდინოს საკუთარი ხმა.
როგორ გაიკვლია ახალგაზრდა ქართულმა ბრენდმა გზა საერთაშორისო მოდის სცენაზე? დეტალებზე ბრენდის დამფუძნებლები – მაიკო გორგილაძე და მარიამ მიდელაშვილი გვესაუბრნენ.
M: რას ნიშნავს ეს აღიარება თქვენი ბრენდისთვის და რა გახდა მთავარი ფაქტორი, რის გამოც Hypebeast-ის რედაქციამ ყურადღება სწორედ თქვენზე შეაჩერა?
Hypebeast არის გლობალური მედია პლატფორმა, რომელიც დღესდღეობით, ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ონლაინ გამოცემად ითვლება მოდისა და კულტურის სამყაროში. როცა ასეთი პლატფორმა ამდენ ბრენდს შორის გამოგარჩევს, ეს გვაძლევს მოტივაციას კიდევ მეტი ვიმუშაოთ, შევქმნათ და ჩვენი ისტორია გავუზიაროთ მსოფლიოს. ეს არის როგორც პასუხისმგებლობა, ასევე შთაგონება – ნაბიჯი, რომელიც გვიმტკიცებს, რომ სწორ გზაზე ვართ.
ჩვენთვის მამაკაცის ტანსაცმელი მხოლოდ ფორმა და ფუნქცია არ არის, GOGUTSA არის ბრენდი რომელიც ყვება ისტორიას და ცდილობს კლასიკური მინიმალიზმისა და თანამედროვე სტილის ერთმანეთთან თანაკვეთას. ეს გახლავთ წესების გარეშე შექმნილი სტილი. ვფიქრობთ, სწორედ ეს გამორჩეული ნარატივი გახდა მიზეზი, რის გამოც Hypebeast-მა ყურადღება ჩვენს ბრენდზე შეაჩერა. ჩვენი მიზანია ვაჩვენოთ, რომ მამაკაცის სამოსი შეიძლება იყოს ერთდროულად უბრალო, დროული და ექსპრესიული.
M: რამდენად განსხვავებულ მიდგომებს მოითხოვს იაპონიისა და ევროპის ბაზრები და რა როლს ასრულებს თქვენი ბრენდის საერთაშორისო განვითარების სტრატეგიაში Tranoï Tokyo-სა და Tranoï Paris-ის შოურუმებში მონაწილეობა?
იაპონიისა და ევროპის ბაზრები ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავდება, თუმცა ეს ჩვენთვის საკმაოდ სასიამოვნო გამოწვევაა. იაპონელი მომხმარებელი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ისტორიის არსებობას ბრენდის უკან, ხელნაკეთ ნამუშევარს და ხარისხს. იქ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ტანსაცმლის ესთეტიკა, არამედ ფილოსოფია, რომელიც მას თან ახლავს.
ევროპაში კი საჭიროა ჩვენი კლასიკური მინიმალიზმისა და თანამედროვე სტილის ერთმანეთთან კვეთის ბალანსი, რომელიც შეინარჩუნებს ავთენტურობას, მაგრამ ამავდროულად კონკურენტულიც იქნება.
ჩვენი სტრატეგიაა ორივე ბაზარს შევთავაზოთ ის, რაც ხდის GOGUTSA-ს უნიკალურს: ბრენდის ისტორია, მოულოდნელი დეტალები, ხარისხი და ტანსაცმელი, რომელიც რომელიც დროსთან ერთად იძენს ღირებულებას და წარსულიდან მოდის.
ჩვენი პირველი კოლექციის წარდგენა ტოკიოთი დაიწყო, 2025 წლის მაისში. ეს იყო პირველი ნაბიჯი ქალაქში, რომელშიც მოძრაობა, მრავალფეროვნება და ტრადიციებისადმი ღრმა პატივისცემა უპირველესია. შემდეგი ნაბიჯი უკვე არის Tranoï Tokyo-სა (3-4 სექტემბერი) და Tranoï Paris-ის (2-5 ოქტომბერი) შოურუმებში მონაწილეობაა, „სააგენტო ვიტრინთან“ კოლაბორაციით. მსგავს შოურუმებში მონაწილეობა GOGUTSA-სთვის საერთაშორისო განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ასეთი პროექტები გვაძლევს საშუალებას, ჩვენი ხედვა წარვუდგინოთ მოდის სამყაროს. შოურუმებში მონაწილეობით ვამყარებთ არა მხოლოდ ახალ ბიზნეს შესაძლებლობებს, არამედ ვქმნით ისტორიას, სადაც გოგუცას ოცნება რეალობად იქცევა.
M: რა არის GOGUTSA-ს მთავარი სტრატეგია, როგორ ხედავთ ბრენდის გლობალურ განვითარებას მდგრადი გზით?
GOGUTSA ინარჩუნებს უნიკალურობას მინიმალიზმისა და თანამედროვე სტრიტვეარ ენერგიის გადაკვეთით, რაც საშუალებას გვაძლევს მოვიზიდოთ ერთდროულად მოდის კლასიკური აუდიტორია და ახალგაზრდული კულტურის მიმდევრები.
ჩვენთვის მთავარი სტრატეგია თავიდანვე იყო ავთენტურობა და მკაფიო იდენტობა. ჩვენ არ ვცდილობთ ვილაპარაკოთ ყველა ენაზე, მაგრამ ვცდილობთ ვიყოთ საკუთარი თავი, და სწორედ ეს უნიკალურობა გვიხსნის გზას გლობალურ სცენაზე. ვცდილობთ ვიყოთ ბრენდი, რომელიც ჰყვება ისტორიებს ტანსაცმლის საშუალებით და ამით ქმნის სიღრმისეულ კავშირს იმ ადამიანთან, ვინც მას ატარებს. სწორედ ესაა ჩვენი გზა გლობალური სცენისკენ – არა სწრაფი ტრენდებით, არამედ საკუთარი ავთენტური ხმით.
როგორ დიდ მასშტაბზეც არ უნდა გავიდეთ, GOGUTSA როგორც ბრენდი, თავის იდენტობას შეინარჩუნებს. როგორი დიდი მასშტაბიც არ უნდა მიიღოს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არ წავალთ დათმობებზე და მას წარმოების ხარჯზე არ დავკარგავთ ბრენდის იდენტობას. გვინდა, რომ GOGUTSA-ს განვითარება იყოს პირადი ისტორიის, თანდათანობით გლობალურ ისტორიად იქცევა – გულწრფელი და ძლიერი.
M: რას შეცვლის ეს საერთაშორისო აღიარება თქვენს გუნდში და როგორ აპირებთ მიღწეულის ბიზნეს-პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებას?
ჩვენთვის ეს აღიარება არის სტიმული და მოტივაცია, რომ ყოველი შემდეგი ნაბიჯი უფრო ძლიერი და გააზრებული იყოს. ბიზნეს-პოტენციალის გამოყენება ჩვენთვის ნიშნავს არა უბრალოდ მეტ გაყიდვებს, არამედ შესაძლებლობას რომ უფრო ფართო აუდიტორიამდე მივიტანოთ ის ისტორია და სათქმელი, რომელსაც GOGUTSA ჰყვება. გვინდა, რომ ეს აღიარება იქცეს არა „ერთჯერად წარმატებად“, არამედ გრძელვადიანი სტრატეგიის საწყის წერტილად.
ავტორი: თამარ მეფარიშვილი















