28
Dec
2018

„მე, შშმ პირმა გავხსენი ეს კომპანია“, რომელშიც 30 სმენადაქვეითებული მუშაობს

28 Dec 2018

Startauperi
Startauperi


პაატა კაპანაძე შშმ პირია, რომელიც 14 წელია დასუფთავების სფეროში მუშაობს. 2018 წლის მაისში, გადაწყვიტა საკუთარი კომპანია – Golden Cleaning შეექმნა. შვიდთვიანი ფუნქციონირების შედეგად, დღეს მის კომპანიაში 40 თანამშრომელი მუშაობს, მათ შორის, 30 შშმ პირია. პაატას მიზანი მხოლოდ ბიზნესის წარმოება და სმენადაქვეითებულების დასაქმება როდია. მას უნდა, მისი კომპანიის სახით, შექმნას ინკლუზიური, მრავალფეროვანი სამუშაო გარემო. კომპანიის კოლექტივი არ მოიცავდეს მხოლოდ შშმ პირებს, რათა არ შეუწყოს ხელი ამ ჯგუფის საზოგადოებისგან დისტანცირებას. პაატა, თანამშრომლებთან ერთად, აქტიურადაა ჩართული დასუფთავების სამუშაოებში.

14 წლის ვიყავი, როცა დავიწყე ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობა. აქ 10 წელი ვიმუშავე, ხოლო მეორე კომპანიაში – 4. ჩემთან ერთად ძალიან ბევრი შშმ პირი მუშაობდა და უფროსებთან თუ დამკვეთებთან კომუნიკაცია გვიჭირდა. ამიტომ, გადავწყვიტე გამეხსნა ეს კომპანია და ამეყვანა სმენაშეზღუდული ადამიანები სამსახურში. სმენაშეზღუდულების ხასიათი რადგან ვიცი, უფრო ადვილად ვამყარებ კომუნიკაციას და ვუხსნი ყველაფერს, ვიდრე სხვა უფროსი აუხსნიდა. თუმცა, ჩემთან მხოლოდ შშმ პირები არ მუშაობენ. მინდა მრავალფეროვანი სამუშაო გარემო მქონდეს“, – გვიყვება პაატა კაპანაძე.

ხშირად პაატას კომპანია დამკვეთებთან კომუნიკაციის პრობლემას აწყდება. ეს პრობლემა შედარებით მოგვარდა მას შემდეგ, რაც Golden Cleaning სოციალურ ქსელში გამოჩნდა. Golden Cleaning-ისთვის შეკვეთების წერილობით მიღება უფრო კომფოტრტულია, თუმცა, მიუხედავად ამისა, ამჟამად, პაატას კომპანია სამუშაოს სიმცირეს უჩივის:

ჩვენ ყოველთვის ხარისხიანად ვასრულებთ ჩვენს სამუშაოს, უბრალოდ, ახალი გახსნილები ვართ და ძალიან ნელა მივდივართ წინ. ბევრმა არ იცის ჩვენ შესახებ, ჩვენი შრომისუნარიანობის შესახებ, ამიტომ, მოტივირებული ვარ დავანახო ადამიანებს, რომ ჩვენ ხარისხიანად შეგვიძლია საქმის გაკეთება“.

M: თანამშრომლებზე რას გვეტყვით… რა გამოცდილება აქვთ მათ?
გვყავს თანამშრომლები, რომლებიც პროფესიონალები არიან თავიანთ საქმეში, ზოგ მათგანს 20 წლიანი გამოცდილება აქვს. მეტსაც გეტყვით, ჩემი დაკვირვებით სმენაშეზღუდულები უფრო შრომისმოყვარედ და გულმოდგინედ მუშაობენ. ჯერჯერობით, ბევრი ობიექტი არ გვაქვს, თუმცა, გვაქვს სურვილი, რომ განვავითაროთ ჩვენი სერვისი. ვიმედოვნებ, რომ ჩემი პარტნიორებისა და პროფესიონალი თანამშრომლების დახმარებით, მივაღწევთ მიზანს.

M: ამჟამად, ვის მოიაზრებთ Golden Cleaning-ის ძირითად მომხმარებლად და კონკრეტულად, რა სერვისს სთავაზობთ მათ?
მომხმარებლის ტიპი განსაზღვრული არ გვაქვს, უბრალოდ, ვიცით რომ ნებისმიერ კომპანიასა თუ კერძო პირს შეუძლია ჩვენი სერვისის მიღება. რაც შეეხება იმას, თუ რა ტიპის მომსახურება გვაქვს, ვწმენდთ ყველაფერს, რაც ჭუჭყიანია.

 

M: გარდა იმისა, რომ ბევრი ადამიანის დასაქმება გინდათ, როგორ გეგმავთ Golden Cleaning-ის განვითარებას?
ვიმედოვნებ, რომ დავასაქმებ როგორც სმენადაქვეითებულ, ასევე, სხვა სახის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ასევე, ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც უნდა ჩვენ გვერდით მუშაობა. რაც უფრო მეტი შეკვეთა მექნება, მით უფრო განვავითარებ კომპანიას. ცოტა ვშიშობ, რომ რადგან მე, შშმ პირმა გავხსენი ეს კომპანია, ინფორმაციის გავრცელება მჭირდება, რომ საზოგადოებამდე მივიდეს ჩემი ინიციატივა და სერვისი.

M: რას ეტყოდით ადამიანებს, რომლებსაც ბიზნესის დაწყების სურვილი აქვთ, თუმცა ამისთვის გამბედაობა არ  ჰყოფნით?
დაიწყე და არ დანებდე. მე გავბედე, დავიწყე და არ დავნებდები, ჩემს მიზანს მივაღწევ. მინდა, რომ საზოგადოებას ვუთხრა – შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს.

საინტერესოა, რა ადგილს დაიკავებს ქართულ დასუფთავების ბაზარზე ახალბედა Golden Cleaning. მანამდე კი, პაატა კაპანაძის მეგობარი და პარტნიორი, ბექა ჯანჯალაშვილი გვიყვება, თუ რა გამოარჩევს კომპანიას:

„პატარა კომპანია ვართ, თუმცა მაღალი ხარისხი გვაქვს. შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი თანამშრომლები პუნქტუალურებით გამოირჩევიან, არიან ძალიან საქმიანები და მოწესრიგებულები. ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როცა მომხმარებელი ეუბნებოდა პაატას, რომ „აღარ გვინდა, დაანებე თავი, სუფთაა უკვე, არ ჩამოვარდე“. სერტიფიცირებული ალპინისტები გვყავს. იმ კონკურენციის პირობებში, რაც ქართულ ბაზარზეა, ერთადერთი, რაც ჩვენს კომპანიას გამოარჩევს არის ხარისხი და გულმოდგინე შრომა“.

განხილვა