„ოქროს საწმისი“ – Golden Fleece Token ახალი ქართული კრიპტოვალუტაა*, რომელიც მიზნად ისახავს ელექტრონული ვალუტის გამომუშავების (მაინინგის) მონაცემთა ცენტრის მშენებლობას საქართველოში, კოლხეთის მიწაზე, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. რატომ შეიქმნა ქართული კრიპტოვალუტა, ვაჭრობის რა სპეციფიკა აქვს „ოქროს საწმისს“, რა განაპირობებს Golden Fleece Token კრიპტოვალუტის კონკურენტუნარიანობას, რა მიზანი აქვს მონაცემთა ცენტრის შენებას, ამ და სხვა კითხვებზე, მარკეტერის კითხვებს ქართული ვირტუალური ვალუტის შემქმნელმა, ვახტანგ გოგოხიამ უპასუხა.
ტერმინების განმარტება:
კრიპტოვალუტა – არის ელექტრონული, დეცენტრალიზირებული ვალუტა. რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია სწრაფი და ანონიმური გადარიცხვები, ძალიან დაბალი გადარიცხვის ტარიფებით. ის მიმოქცევაში 2009 წლიდან არის და ამჟამად, დაახლოებით, 150 მილიარდი დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტაა მიმოქცევაში. ყველაზე დიდი მოცულობის არის ბიტკოინი (Bitcoin, BTC 8.5 მილიარდი USD) და ლაითკოინი (Litecoin, LTC – 220 მილიონი USD). ბიტკოინის მეშვეობით უკვე შესაძლებელია ზოგიერთ ინტერნეტ მაღაზიაში ვაჭრობა, თამაშების და სერვერების ყიდვა, დოლარში გადაცვლა.
ეთერიუმი – თავისი არსით ეს დეცენტრალიზებული კომპიუტერია საკუთარი გამშვები გარემოთი და პროგრამირების ენით. მასში ბიტკოინის მსგავსად არის ვალუტა (ether), რომელიც ოპერაციების შესრულების საფასურის გადახდას ითვალისწინებს. შესაძლებელია საკუთარი აქტივების გამოშვება და მათზე კონტრაქტების შესრულება.
მაინინგი – კრიპტოვალუტის დამზადება (მაინინგი). ტერმინი ინგლისური სიტყვიდან Mining მომდინარეობს, რომელიც თარგმანში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებას ნიშნავს.
დივიდენდი – მოგების ნაწილი, რომელსაც იღებენ აქციონერები მათ მიერ დაბანდებული კაპიტალის შესაბამისად.
M: რა არის „ოქროს საწმისი“ და რამდენად საჭირო იყო, ჩვენს რეალობაში, ქართული კრიპტოვალუტის არსებობა?
მსოფლიოში ინოვაციური ტექნოლოგიების ბაზარზე კრიპტოვალუტა წარმოადგენს აქტუალურ ტენდენციას. პირველი ქართული კრიპტოვალუტის შექმნით საქართველო გახდება ამ პროცესების მონაწილე. ხოლო შექმნის მიზანს წარმოადგენს მასშტაბური მაინინგის* დატაცენტრის მშენებლობა საქართველოში. ანუ ვალუტის მფლობელი ავტომატურად გახდება დიდი მონაცემთა ბაზის თანამფლობელი, რომლის განვითარებაც პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს. M: რომელ პლატფორმაზეა ვალუტა განთავსებული და როგორია ვაჭრობის სპეციფიკა?
ვალუტა განთავსებულია ეთერიუმის* პლატფორმაზე, სადაც ვაჭრობა მაქსიმალურად გამარტივებულია ამ სფეროში ჩახედული ადამიანებისთვის. ოქროს საწმისი გამოშვებულია შეზღუდული რაოდენობით, ხოლო ფასი მოთხოვნის დინამიკიდან გამომდინარე ყალიბდება. ნებისმიერი მომხმარებელი პოტენციური ინვესტორია, არ აქვს მნიშვნელობა, 10 დოლარს ჩადებს, თუ 10 მილიონ დოლარს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ თვითონ მომხმარებელი იყოს გათვითცნობიერებული და იცოდეს, თუ რაში აბანდებს ფულს, რა ბიზნესმოდელი აქვს კომპანიას და რა მოლოდინები უნდა ჰქონდეს ამ ინვესტიციასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ჩვენი ვართ ღია, რომ მაქსიმალური ინფორმაცია მივაწოდოთ პოტენციურ ინვესტორებს.
M: რით არის „ოქროს საწმისი“ სხვა კრიპტოვალუტებთან მიმართებაში უკეთესი?
ოქროს საწმისის კონკურენტუნარიანობას განაპირობებს კვალიფიციური გუნდი და ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო. მაგალითად, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ჩვენ მიერ გამოყენებული ელექტროენერგიის ფასი დაბალია, რომელიც ძირითადად, განახლებად ენერგიას ეფუძნება. ხელსაყრელია საკანონმდებლო და საგადასახადო გარემო. ამ სფეროში განხორციელდა რამდენიმე ძალიან წარმატებული პროექტი, თავად სახელმწიფო ინსტიტუტები არიან ჩართული ბლოკჩეინ სერვისში და ეტაპობრივად იზრდება დაინტერესება.
M: მაინინგი რას გულისხმობს და ბენეფიტს საიდან იღებს კრიპტოვალუტით მოვაჭრე?
მაინინგი ეს არის პროცესი, რომლის შედეგადაც ხდება კრიპტოვალუტის გამომუშავება. ჩვენი დატა ცენტრი მოიპოვებს როგორც ეთერიუმს, ასევე ბიტკოინსა და სხვა კრიპტუვალუტებს. ცხადია, ამ კრიპტოვალუტებს თავისი ღირებულება გააჩნია ბაზარზე და ჩვენი მომხმარებელი სწორედ ამ გამომუშავებული კრიპტოვალუტით მიიღებს სარგებელს.M: მომხმარებლის აქტიურობის სტატისტიკა თუ გაქვთ და რომელი ქვეყნიდან უფრო მაღალია კრიპტოვალუტებით ვაჭრობის აქტიურობა?
კრიპტოვალუტით ვაჭრობა სრულიად ანონიმური პროცესია. ნაწილობრივ, სწორედ ეს განსაზღვრავს კრიპტოვალუტის მიმზიდველობას. თუმცა დაგვიკავშირდნენ პრაქტიკულად მთელი მსოფლიოდან ადამიანები და კომპანიები, რომლებსაც სურდათ, გაეგოთ მეტი, უშუალოდ, ჩვენგან. ნაწილი ჩვენი გუნდის წევრიც გახდა. მაგალითად, პარტნიორები გვყავს სინგაპურში, ინდოეთში, გერმანიაში. ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორი გვყავს დიდი ბრიტანეთიდან. საერთაშორისო პარტნიორები, ასევე, გვეხმარებიან სხვადასხვა ნიუანსის დახვეწაში.
M: მონაცემთა ცენტრის (დატა ცენტრის) მიზანი რას წარმოადგენს?
მაინინგის დატა ცენტრის მიზანია, წინასწარ განსაზღვრული კრიპტოვალუტების გამომუშავება, რომლის მოგების 50% ნაწილდება დივიდენდების* სახით „ოქროს საწმისი“ კრიპტოვალუტის მფლობელბს შორის. დატაცენტრის განვითარების პარალელურად, ჩვენ ველოდებით პირველი ქართული კრიპტოვალუტის ფასის გამყარებას, ვინაიდან მასზე მოთხოვნა ეტაპობრივად მატულობს.M: რა რისკების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეთ კრიპტოვალუტით ვაჭრობის პროცესში?
როგორც ნებისმიერი ბიზნესი, არც ჩვენ ვართ დაზღვეული რისკებისგან, თუმცა ჩვენ ვხედავთ პოზიტიურ დინამიკას და ვაგრძელებთ განვითარებას. პრაქტიკულად, ყოველდღიურად რაღაც ახალი ხდება. გავხსენით შოურუმი, სადაც ეტაპობრივად ვზრდით მაინინგის მოცულობას და ვაძლევთ შესაძლებლობას ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს, მოვიდეს და უშუალოდ დააკვირდეს, თუ რას მოიცავს პროექტი.
M: რას მიიჩნევთ, ამ ეტაპზე, მთავარ დაბრკოლებად და რა იქნება თქვენი სამომავლო გამოწვევა?
მოგეხსენებათ, ეს სფერო თავისუფალია რეგულაციებისგან და ცვლილებები ძალიან დინამიკურია, ამიტომ მსხვილი ინვესტორები ფრთხილობენ გადაწყვილების მიღებისას. ზოგი სიახლეს სკეპტიკურად უყურებს, თუმცა მას შემდეგ, რაც ჩვენ ვაცნობთ, თუ რა სტადიზე ვართ, როგორ ვვითარდებით, ყველა რწმუნდება, რომ ჩვენ ძალიან სარფიან წინადადებას ვთავაზობთ. ამიტომ მთავარ დაბრკოლებად ინფორმაციის დეფიციტს მივიჩნევ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ნდობის მოსაპოვებლად.ჩვენ შევხვდით და ვესაუბრეთ არაერთ დაინტერესებულ პირსა თუ კომპანიას საქართველოში და საზღვარგარეთ და ვაგრძელებთ აქტიურ კამპანიას, რათა გავაცნოთ ყველას ჩვენი პროექტი, მიმდინარე საკითხები და სამომავლო პერსპექტივები. მიწვეულები ვართ რამდენიმე საერთაშორისო ფორუმსა თუ ღონისძიებაზე, რომლებიც უახლოეს მომავალში გაიმართება და შესაძლებლობა გვექნება წარვსდგეთ ფართო აუდიტორიის წინაშე.
[R]