in

კომპანიები „გონების წამკითხველ“ ტექნოლოგიას ავითარებენ

საიდუმლო არ არის, რომ ბევრ უფროსს მოსწონს თანამშრომლების გონებაში „შეღწევა“, რათა გაიგონ, რას ფიქრობენ, რას გეგმავენ და ა. შ. ახლა კი ეს იდეა განხორციელების გზას დაადგა — ბოლო წლების განმავლობაში, რამდენიმე კომპანია გაჩნდა, რომლებიც დამსაქმებლებს გონების წასაკითხ მოწყობილობებს სთავაზობენ.

ასეთია, მაგალითად, InnerEye — ისრაელში დაფუძნებული კომპანია, რომელიც ამტკიცებს, რომ მისი ჰედსეტები მანქანურ სწავლებას ადამიანის გონების თანდაყოლილ ძალასთან აერთიანებს, რაც საბოლოოდ ეხმარება დასაქმებულებს გაურკვევლობის აღმოფხვრასა და უფრო სწრაფად მუშაობაში. ხოლო სტარტაპ Emotiv-ის განცხადებით, მას შეუძლია, თანამშრომლების კეთილდღეობა აკონტროლოს, რისთვისაც უსადენო EEG ჰედსეტებს გამოიყენებს.

დისტოპიურია? რა თქმა უნდა, მაგრამ ეს კომპანიები გამონაკლისი არ არის. როგორც IEEE-ს Spectrum იუწყება, ეს მზარდი ბაზარია და მასში დამსაქმებლებიც იწყებენ ინვესტირებას.

ამ კლასის მოწყობილობების ზოგადი მნიშვნელობა კი ნაცნობია — ეს არის ინსტრუმენტი არა მხოლოდ პროდუქტიულობის გაზრდის, არამედ თანამშრომლების კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. ტექნიკურად, მათ შეუძლიათ, დასაქმებულები აკონტროლონ. უბრალოდ, ამას ისე აღწერენ, როგორც თავად თანამშრომლებისთვის სასიკეთო ქმედებას — სწრაფი, თითქმის დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების მიღებაში დახმარებით, InnerEye-ის AI ჩვეულებრივ მუშახელს სუპერ ადამიანებად აქცევს. ხოლო Emotiv „ადამიანთა ბედნიერებაზეა ფოკუსირებული“.

„ჩვენ არ უარვყოფთ ამ ტექნოლოგიის დისტოპიურ პოტენციალს. ამიტომაც, ძალიან ფრთხილად ვირჩევთ პარტნიორებს, რომლებსაც ამ ტექნოლოგიის გამოყენება სურთ — მათ თანამშრომლების დახმარების და გაძლიერების გულწრფელი სურვილი უნდა ჰქონდეთ“, — აცხადებს ტან ლე, Emotiv-ის აღმასრულებელი დირექტორი.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მარკეტინგის ამგვარი მიდგომა ამ მოწყობილობებს “bossware”-ისგან განასხვავებს — სამომხმარებლო ტექნოლოგიების მზარდი სფეროსგან, რომელიც დასაქმებულების სამეთვალყურეო სისტემას აყალიბებს. თუმცა მარკეტინგი მხოლოდ მარკეტინგია და მონაცემთა გავრცელებისა თუ bossware-ის მუდმივი ზრდის გათვალისწინებით, ხალხს საკმაოდ ლოგიკური ეჭვები უჩნდებათ.

„აირიდე თავგადასავალი, რომელიც არ გჭირდება“ — „თეგეტა მოტორსის“ ახალი კამპანია

მეცნიერებმა ერთ-ერთი ყველაზე მასიური ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს