ხშირად წარმატება განისაზღვრება ადამიანის უნარით, გადაჭრას პრობლემები და ახალი კრეატიული იდეები „დააგენერიროს“. ამიტომაც, გამუდმებით ვეძებთ გონებრივი შესაძლებლობების გაუმჯობესების გზებს და ხშირად მივმართავთ შესაბამის, თემატურ სავარჯიშოებს. თითქოს, ერთგვარ პარალელს ვავლებთ ფიზიკურ აქტივობასთან — ფიტნესით ხომ სხეულის ჯანმრთელობასა და ფორმებზე წარმატებით ვზრუნავთ…
სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ტვინის შემთხვევაში ეს არ ამართლებს. უბრალოდ, არ არსებობს ზოგადი გონებრივი შესაძლებლობების გაწვრთნის გზები, რაც სხვადასხვა დავალების შესრულებისთვის გაავარჯიშებს თქვენს ტვინს. ხშირად ესა თუ ის თამაში ლოგიკურ აქტივობებს თუ ამოცანებს გთავაზობთ, რომლებიც კონცენტრაციას საჭიროებს. მათი თამაშით მხოლოდ ერთ კონკრეტულ სარგებელს მიიღებთ — რაღაცებს უკეთ მიხვდებით, მეტად დახელოვნდებით თამაშში, მაგრამ ზოგად აზროვნებაში უკეთესი ვერ გახდებით (ამ გზით).
რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გონებრივი შესაძლებლობების გაუმჯობესება არ შეგიძლიათ. უბრალოდ, გონებრივი თამაშები არ არის გამოსავალი.
ფსიქოლოგები ინტელექტის ორ ტიპს განასხვავებენ: თხევადი და კრისტალიზებული. თხევადი ინტელექტი ასახავს ძირითად ფსიქოლოგიურ მექანიზმებს, რომლებსაც თქვენს შესრულებაზე აქვს გავლენა. მაგალითად, მუშა მეხსიერება არის ინფორმაციის რაოდენობა, რომელიც შეგიძლიათ, ერთდროულად დაიტიოთ. მაღალი მუშა მეხსიერების მქონე ადამიანები, როგორც წესი, უკეთ წყვეტენ კომპლექსურ პრობლემებს, ვიდრე მუშა მეხსიერების.
ეს ძირითადი მექანიზმები კოგნიტიური არქიტექტურის მნიშვნელოვანი ასპექტებია, რომლებიც სწორ აზროვნებას უჭერს მხარს. სამწუხაროდ, არ არსებობს მათ გაუმჯობესებაზე მორგებული რაიმე სავარჯიშო.ამრიგად, გონებრივ თამაშებს, რომლებიც შექმნილია სამუშაო მეხსიერების შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად, არანაირი გავლენა არ აქვს სამუშაო მეხსიერების შესაძლებლობებზე.
კრისტალიზებული ინტელექტი ასახავს თქვენი ცხოვრებისეული გამოცდილების შედეგებს. მაგალითად, ამ სტატიის წაკითხვით, გაეცნობით სამუშაო მეხსიერების კონცეფციას. ეს ცოდნა ხდება თქვენი კრისტალიზებული გონების ნაწილი. ანალოგიურად, პრობლემების გადაჭრის უნარები, რომლებიც ისწავლეთ სკოლაში ან სამსახურში, ხდება თქვენი შემეცნებითი რეპერტუარის ნაწილი.
თქვენი კრისტალიზებული ინტელექტი მთელი ცხოვრების განმავლობაში იზრდება. მიღებული ცოდნა და უნარები დაგეხმარებათ, უკეთ გაუმკლავდეთ ახალ სიტუაციებს. კრეატიულ ადამიანებს ცოდნის ფართო ბაზა აქვთ, რაც მათ საშუალებას აძლევს, იპოვონ ანალოგიები წარსულ და ახალ სიტუაციებს შორის. ეს კი ახალი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას ზრდის.
ამრიგად, შეგიძლიათ, გახდეთ უფრო ჭკვიანი, მაგრამ „მიზნობრივი“ თამაშების გარეშე. ამის ნაცვლად, წაიკითხეთ წიგნები, მოუსმინეთ თქვენთვის საინტერესო პოდკასტებს, დაესწარით ლექციებს, რომლებიც ცოდნისა და უნარების გაფართოებაში დაგეხმარებათ. რაც უფრო მეტი იცით და მეტის გაკეთება შეგიძლიათ, მით უკეთესად შეძლებთ სხვადასხვა სიტუაციასთან, ან უბრალოდ, ცხოვრებასთან გამკლავებას.