დღესდღეობით პროდუქტების თანამედროვე შეფუთვა უმეტესად გარემოსდაცვით პრობლემებსაც ითვალისწინებს. სწორედ ამ პრინციპს ეფუძნება Goneshells-ის ბოთლიც, რომელიც ინოვაციური ბიოდეგრადირებადი მასალისგანაა დაფუძნებული — მისი კომპოსტირება სამრეწველო პროცესების გარეშე შეიძლება.
ცხადია, ბიოდეგრადირებადი მასალები უკვე დიდი ხანია არსებობს, უბრალოდ, Goneshells-ის უნიკალურობა მისი დეგრადაციის სიჩქარესა და მრავალჯერად ალტერნატივაში მდგომარეობს. კერძოდ, წვენის დალევის შემდეგ შესაძლებელია როგორც ბოთლის ჭამა, ისე წყლის ჭავლის ქვეშ დაშლა.
აღნიშნულ კონცეფციაზე Tomorrow Machine-მა იმუშავა. მისი დამფუძნებელი ანნა გლანსენი კი განმარტავს: „ბოთლის შთაგონება ხილის, კერძოდ კი, მისი კანისგან მივიღეთ. მას ხომ უმეტესად კანიანად მივირთმევთ. ამ შეფუთვის შემთხვევაშიც ასეა, ან ჭამა შეგვიძლია, ანდაც წყალთან ბუნებრივ რეაქციაში შევა და დაიშლება“.
საგულისხმოა, რომ Goneshells–ის ბოთლის შესაქმნელად ძირითად მასალად კარტოფილს იყენებენ. სტრუქტურულად კი ფორთოხლის ნაფცქვენს წააგავს — „კონცეფციის ნაწილად ვაქციეთ მისი გათლის ჩვევა. როგორც კი ე. წ. ბარიერს დაარღვევ, ერთგვარი სპირალისებრი პროცესი იწყება, რაც ვიზუალურადაც ძალიან ლამაზია“.
ცხადია, ვიდრე იდეის სრულყოფამდე მივიდოდნენ, გუნდმა საფუძვლიანი კვლევაც ჩაატარა, რათა მდგრადობისა და უსაფრთხოების სრული გარანტია ჰქონოდათ. ამის გათვალისწინებით, ინოვაცია მეცნიერული თვალსაზრისითაც საინტერესოა.