კარგი ლიდერების ერთ-ერთ დაუფასებელ და ხშირად შეუმჩნეველ თვისებას „მიმდევრობის“ (Followership) უნარი წარმოადგენს. სამყაროს ცვალებადობისა და სირთულის გათვალისწინებით, ლიდერებისთვის მოსმენისა და სწავლის საჭიროება უზარმაზარია. თუმცა, გავრცელებული და მცდარი შეხედულება, რომ ლიდერობა მხოლოდ ბრძანებასა და შთაგონებას გულისხმობს, ხელს უშლის ნამდვილი ლიდერული უნარების განვითარებას. სინამდვილეში, ლიდერობა და მიმდევრობა არა ფიქსირებული იერარქია, არამედ თხევადი, როლების მონაცვლეობის პროცესია.
რატომ არის „მიმდევრობა“ ლიდერობის აუცილებელი ნაწილი?
ხშირად ლიდერობას გმირულ აქტად წარმოაჩენენ – თითქოს ისტორიას მხოლოდ ქარიზმატული, ვიზიონერი ინდივიდები ქმნიან, რომლებიც მარტო ცვლიან მომავალს. თუმცა, როცა ლიდერობას სწორად ვიაზრებთ, ვხედავთ, რომ უკეთესი ხელმძღვანელი ხდები არა ავტორიტეტის მტკიცებით, არამედ იმის სწავლით, თუ როგორ უნდა იყო კარგი „მიმდევარი“ – თუნდაც ძალაუფლების პოზიციიდან.
ეფექტური მიმდევრობა ნიშნავს სწავლის, მოსმენის, თანამშრომლობისა და საკუთარ თავზე მაღლა დგომის უნარს. სამწუხაროდ, სწორედ ეს უნარები უჭირთ ლიდერებს ყველაზე მეტად. კვლევები აჩვენებს, რომ ბევრი ხელმძღვანელი იმდენად არის ფოკუსირებული საკუთარი კომპეტენციის წარმოჩენაზე, რომ ავიწყდება მოსმენა. როგორც სოკრატე ამბობდა: „ჭკვიანი სწავლობს ყველაფრისგან და ყველასგან, საშუალო ადამიანი – თავისი გამოცდილებიდან, სულელს კი ყველა პასუხი უკვე აქვს“.
ლიდერების მარცხი იშვიათადაა იმის ბრალი, რომ ბრძანების გაცემა არ შეუძლიათ. პირიქით, ისინი მარცხდებიან, რადგან ვერ იაზრებენ ფუნდამენტურ ჭეშმარიტებას: ლიდერობის არსი იმაშია, რომ სხვებს უნდოდეთ შენს კვალზე სიარული. ამისთვის კი თავმდაბლობა, ცნობისმოყვარეობა და საკუთარ ეგოზე უარის თქმაა საჭირო.
ხუთი უნარი, რომელიც კარგ მიმდევარს და შესაბამისად, კარგ ლიდერს ახასიათებს
დღეს, როცა AI ტრადიციულ ექსპერტიზას ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდის, ლიდერებს ემოციური ინტელექტი უფრო მეტად სჭირდებათ. ორგანიზაციებმა ყურადღება უნდა მიაქციონ ხუთ ძირითად თვისებას:
აქტიური მოსმენა. ეფექტური მიმდევრები უსმენენ გასაგებად და არა მხოლოდ დასადასტურებლად. ისინი ინფორმაფციას ეგოს ფილტრის გარეშე იღებენ. როცა ლიდერი ნამდვილად უსმენს, ის ამცირებს „ბრმა ზონებს“, ადრეულ ეტაპზე ამჩნევს სუსტ სიგნალებს და ქმნის ფსიქოლოგიურ უსაფრთხოებას.
მიზნის პრიორიტეტად ქცევა. საუკეთესო მიმდევრებს უფრო მეტად აინტერესებთ გუნდური შედეგი, ვიდრე აპლოდისმენტები. როცა ლიდერი ასე იქცევა, ის ქმნის კულტურას, სადაც ადამიანები „მუშაობის იმიტაციის“ ნაცვლად რეალურ საქმეს აკეთებენ და თავს დიდი მიზნის ნაწილად გრძნობენ.
საიმედო შესრულება. ლიდერებმა, რომლებმაც იციან, როგორ იქცევა გეგმები რეალობად, ფეხი მყარად აქვთ მიწაზე. მათ იციან, რა არის შესაძლებელი და რა შეზღუდვები აქვს გუნდს. ამიტომაცაა მნიშვნელოვანი დამწყები პოზიციების დაცვა AI-ს ეპოქაში – რათა მომავალმა ლიდერებმა ისწავლონ, როგორ კეთდება საქმე რეალურად.
კრიტიკული აზროვნება და კონსტრუქციული წინააღმდეგობა. კომპეტენტური მიმდევრები სვამენ კითხვებს და საუბრობენ რისკებზე. ლიდერები, რომლებიც განსხვავებულ აზრს მიესალმებიან, თავს არიდებენ „ჯგუფური აზროვნების“ (groupthink) მახეს. კონფლიქტისთვის თავის არიდება გრძელვადიან პერსპექტივაში გაცილებით დიდ კონფლიქტს იწვევს.
ქოუჩინგისადმი მოქნილობა. ეს ნიშნავს მუდმივ სწავლას და უკუკავშირის ძიებას თავდაცვის გარეშე. ასეთი ლიდერები არ იზღუდებიან წარსულით; ისინი ეგუებიან ახალ გამოწვევებს და მუდმივად იგონებენ საკუთარ თავს თავიდან.
მოკლედ რომ ვთქვათ, საუკეთესო ლიდერები არიან არა „გმირი-მეთაურები“, არამედ სამაგალითო მიმდევრები: ადამიანები, რომლებიც ღრმად უსმენენ, მუდმივად სწავლობენ და გაბედულად სვამენ კითხვებს. და რადგან ისინი ასე კარგად „მიჰყვებიან“, სხვებსაც სურთ, რომ მათ გაჰყვნენ.
წყარო: HBR










