ბოლოდროინდელი ინფორმაციით, Google ხელოვნური ინტელექტის მიერ დაგენერირებულ კამპანიებზე მუშაობს. რა თქმა უნდა, მსგავსი ნაბიჯი სულაც არ არის გასაკვირი ტექნოლოგიური გიგანტისგან, რომელიც მუდამ ინოვაციების გზას მიჰყვება.
როგორც ჩანს, გუგლს მხოლოდ სასაუბრო ან საძიებო სისტემისთვის გამოსადეგი ჩეტბოტის განვითარება კი არ სურს, არამედ მას კოდის წერის უნარიც მიანიჭა და ახლა ციფრული კამპანიების შექმნაშიც იყენებს. უფრო კონკრეტულად, კომპანიის პრეზენტაციაში ნათქვამია, რომ კონტენტ კრეატორებს შეუძლიათ, რეკლამებისთვის საჭირო ვიზუალი და ნარატივი ჩეტბოტს მიაწოდონ, ის კი რამდენიმე წამში შესთავაზებთ „სრულყოფილ კამპანიას“.
ალბათ, დამწყები პირებისთვის საინტერესოა, მაგრამ საინტერესოა, რამდენად გამოიყენებენ BardAI-ის სხვა ბრენდები მარკეტინგული კუთხით. მაგალითად, Financial Times ორ სათუო საკითხს განიხილავს:
- ჩეტბოტი ოპტიმიზებულია იმისთვის, რომ რაღაც ახალი დააგენერიროს და წარმოდგენა არ აქვს, რა არის სიმართლე. თუმცა, ამის საპასუხოდ, გუგლმა განაცხადა, რომ შესაბამის მექანიზმებს შეიმუშავებს, რათა რეალურ მოთხოვნასა და საბოლოო შედეგს შორის სერიოზული აცდენები არ იყოს;
- გასულ კვირას Bloomberg-ში გამოქვეყნებულ ანგარიშში გამოთქმულია ვარაუდი, რომ თავად გუგლის თანამშრომლებს არ აქვთ დიდი რწმენა პროდუქტის მიმართ — როგორც ეთიკურად, ისე ფუნქციურად… მაგალითად, ვიდრე Bard ჩაეშვებოდა, ერთ-ერთმა მათგანმა გამოაქვეყნა პოსტი: „ბარდი უარესია, ვიდრე უბრალოდ უსარგებლო. გთხოვთ, არ გაუშვათ“.
რეალურად, ასეთ ცვალებად დროს ძალიან რთულია იმის გადაწყვეტა, საითკენ მივმართავთ ჩვენს რწმენას — მივანდობთ თუ არა საქმეს ჩეტბოტებს. უბრალოდ, ბიზნესმენები თუ ტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენლები მილიარდობით დოლარს ხარჯავენ ინდუსტრიის განვითარებაში და მოსალოდნელია, რომ რაღაც მასშტაბურად დადებით შედეგებს მიიღებს მსოფლიო.











