in

„მადლობა 25-წლიანი ცნობისმოყვარეობისთვის“ — Google იუბილეს აღნიშნავს!

M2

როგორ დავჭრათ ანანასი? ასეთ მარტივ კითხვაზე პასუხის პოვნა დღეს კი ძალიან მარტივია, მაგრამ დიდი ხნის წინ ასე ნამდვილად არ ყოფილა. მეგობრისთვის ან ოჯახის წევრისთვის უნდა გეკითხათ, იმის იმედიც უნდა გქონოდათ, რომ მათ სახლში მსგავსი ინსტრუქციების მქონე რეცეპტების წიგნი ექნებოდათ ან სულაც, თავად აგეღოთ დანა და ამ გამოწვევას მარტო გამკლავებოდით… 

ზუსტად 25 წლის წინ შეიქმნა Google Search-იც, რათა დიდ თუ პატარა კითხვებზე პასუხების პოვნა ჩვენთვის მარტივი გამხდარიყო. ამის შემდგომ კი მილიარდობით ადამიანი მიმართავს გუგლის პროდუქტებს, რათა უბრალოდ თავიანთი ცნობისმოყვარეობა დაიკმაყოფილონ, წამოიწყონ საქმე, დაიწყონ მოგზაურობა ან თუნდაც, დაჭრან ანანასი.

ამ შედეგისთვის მარტო არ მიგვიღწევია, თანამშრომლები, პარტნიორები, მომხმარებლები… სწორედ ის ადამიანები არიან, რომლებმაც Google-ის დღევანდელ წარმატებაში შეიტანეს წვლილი. შესაბამისად, 25 წლის იუბილეს აღნიშვნა, ცნობისმოყვარეობის 25 წლის აღნიშვნასაც ნიშნავს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სწორედ ცნობისმოყვარეობა იყო ის, რამაც გუგლის პროგრესი მოგვცა შედეგად, — ვკითხულობთ Google-ის ბლოგზე. 

მაგალითისთვის 2000 წელს დავუბრუნდეთ, როცა გუგლში ადამიანები იმ კაბას ეძებდნენ, რომელიც ჯენიფერ ლოპესს გრემის დაჯილდოებაზე ეცვა. ეს ყველაზე პოპულარული ძიებაც გახდა და სწორედ ამან განაპირობა Google Images-ის შექმნაც, რომელიც უკვე საშუალებას გაძლევთ, თქვენთვის სასურველი ფოტო ძალიან სწრაფად იპოვოთ. მსგავსი ციკლი კი, როგორც აცხადებენ, კომპანიაში მრავალჯერ განმეორდა…

Google კონკრეტული მოვლენების შესაბამისად მთავარი ლოგოს ახალ დუდლს რომ გვთავაზობს, ეს ჩვენთვის კარგად ცნობილი ამბავია და ამგვარად, გამონაკლისს არც დაბადების დღე წარმოადგენს. თუ დღეს უკვე მიმართეთ მას, ეჭვგარეშეა, რომ G25GLE-ს უკვე ნახავდით… თუმცა როგორც ამბობენ, დაბადების დღესთან დაკავშირებულ თემებსაც თუ მოძებნით, ყველგან პატარა სიურპრიზი დაგხვდებათ…

25 წლის იუბილეზე არც თანამედროვე ტექნოლოგიები დავიწყებიათ და ხელოვნური ინტელექტის პოტენციალზე საუბრობენ, რომ იგი Google-ს მისიის მიღწევასა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით ადამიანთა ცხოვრების გაუმჯობესებაში დაეხმარება.

ჩვენ მიერ მოძიებული პასუხები არაჩვეულებრივ ტექნოლოგიურ პროგრესს გამოიწვევს მომდევნო 25 წლის განმავლობაში, ბედნიერები ვართ, რომ მომავალს თქვენთან ერთად ვაშენებთ. მადლობა გასაოცარი 25 წლისთვის, წინ ჯერ კიდევ მრავალი ცნობისმოყვარეობის წელი გვაქვს, — აცხადებს სუნდარ პიჩაი, Google-ის ხელმძღვანელი. 

გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის

აგრარულ უნივერსიტეტში აგროპროექტის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა