in

Google-ის ანგარიშზე წვდომის აღდგენა სელფი ვიდეოთი შეგეძლებათ

Google ანგარიშებზე ავტორიზაციის ახალ, ალტერნატიულ გზას ნერგავს, რომელიც სელფი ვიდეოს გამოყენებას ითვალისწინებს. ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიები ონლაინ იდენტიფიკაციის მომავალს პაროლების ნაცვლად ბიომეტრიულ მონაცემებში ხედავენ. Google-ის განმარტებით, ეს ფუნქცია მომხმარებლებს დაეხმარება, მარტივად დაიბრუნონ წვდომა საკუთარ ანგარიშებზე იმ შემთხვევაში, თუ პაროლი დაავიწყდებათ ან ჩვეულებრივ მოწყობილობებზე ხელი არ მიუწვდებათ.

სელფი ვიდეოს გასააქტიურებლად მომხმარებელმა კამერაში ყურებისას თავის რამდენიმე მარტივი მოძრაობა უნდა შეასრულოს, მაგალითად, თავი გვერდზე გადახაროს ან დაუქნიოს, რათა სისტემამ სახის სხვადასხვა კუთხე დააფიქსიროს. მოგვიანებით, ანგარიშზე წვდომის პრობლემის გაჩენისას, მომხმარებელი იღებს ახალ სელფი ვიდეოს, რომელსაც Google თავდაპირველად შენახულ ჩანაწერთან ადარებს და პიროვნების იდენტობას ასე ადასტურებს.

მთავარი გამოწვევა, რომლის გადაჭრასაც Google ცდილობს, იმის დადასტურებაა, რომ კამერის მიღმა რეალური ადამიანი დგას და არა ბოტი ან გაყალბებული ვიდეო. ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად კომპანია უსაფრთხოების მრავალშრიან სისტემას იყენებს. ვიდეოს შენახულ ფაილთან შედარებასთან ერთად, სისტემა ითხოვს ცოცხალ რეჟიმში მოძრაობების შესრულებას, რათა გამოირიცხოს ფოტოებით, ვიდეოებით თუ დიფფეიკებით თაღლითობის მცდელობები. ამასთან, პროცესს ემატება სტანდარტული უსაფრთხოების პროტოკოლებიც, რომლებიც საეჭვო აქტივობებს ამოიცნობს.

ეს სიახლე მხოლოდ კერძო ანგარიშების დაცვას არ ეხება. იმ ფონზე, როდესაც ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ვიდეოები სულ უფრო რეალისტური ხდება, რეალური ადამიანის იდენტიფიცირება აუცილებელი სტანდარტი ხდება ნებისმიერი კომპანიისთვის, რომელიც ავტორიზაციას, გადახდებსა თუ სენსიტიურ მონაცემებს მართავს.

მიუხედავად იმისა, რომ ახალი ფუნქცია ანგარიშების დაცვასა და წვდომის აღდგენას ამარტივებს, მან გააჩინა კითხვები პერსონალური მონაცემებისა და ბიომეტრიის უსაფრთხოების შესახებ – სფერო, რომელსაც რეგულატორები სულ უფრო მკაცრად აკონტროლებენ.

Google-ში აცხადებენ, რომ სელფი ვიდეოები ინახება უსაფრთხოდ, დაშიფრული სახით და დაცულია მაშინაც კი, როდესაც მათ არ იყენებენ. ამასთან, მომხმარებლებს სრული უფლება აქვთ, სურვილისამებრ ნებისმიერ დროს წაშალონ ეს ჩანაწერები საკუთარი Google ანგარიშიდან.

წყარო: Techcrunch

ექსკლუზიური შეთავაზება BMW-ს ყველაზე მოთხოვნადი მოდელების შეძენისას – თიბისი ლიზინგი x GT Motors

იმედი L ავტოდაზღვევის საზაფხულო აქციას იწყებს