in

Google რეკლამის დამკვეთების იდენტიფიცირებას იწყებს

Google რეკლამის ყველა დამკვეთისგან იდენტობის დადასტურებას მოითხოვს. ამით, კომპანია, საკუთარ სარეკლამო ქსელში „სპამის“ გავრცელებასა და ფასების ხელოვნურად ზრდას ებრძვის.

ყველამ, ვისაც Google-ში რეკლამის განთავსება მოუნდება, უნდა დაადასტუროს, რომ რეალურად ის კომპანია/პიროვნებაა, რა სახელითაც პოზიციონირდება. ვერიფიკაციის ახალი წესი „გუგლის“ ყველა პლატფორმას, მათ შორის Search-სა და YouTube-ს ეხება.

ნებისმიერმა დამკვეთმა, უნდა წარმოადგინოს პერსონალური ინფორმაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები. ასევე – კომპანიის რეგისტრაციის დოკუმენტი ან რაიმე სხვა ფორმა და დაადასტუროს, რომ ნამდვილად იმ ქვეყანაში ოპერირებენ, რომელიც მითითებული აქვთ.

Google-ში, სარეკლამო სივრცეში, უსაფრთხოების ზომების გამკაცრება, 2018 წლიდან დაიწყეს – ნებისმიერი პოლიტიკური რეკლამის განთავსებისთვის, აუცილებელი გახდა დამკვეთის იდენტიფიცირება. ახალი რეგულაციები კი, ერთგვარად, 2 წლის წინ მიღებული, ამ წესის გაგრძელებაა.

„ამ ცვლილებით ხალხს ეცოდინება, რეალურად ვინ დგას Google-ში განთავსებული რეკლამის უკან, რაც საშუალებას მისცემს მათ, ჩვენი რეკლამის მართვის ელემენტების გამოყენებისას, გააზრებულად მიიღონ გადაწყვეტილება. გარდა ამისა, უფრო ჯანსაღი გახდება ციფრული რეკლამის ეკოსისტემა – ახალი წესი პირდაპირ გამოავლენს ბაზრის არაკეთილსინდისიერ მოთამაშეებს“, – ამბობს ჯონ კენფილდი, Google-ს სარეკლამო პროდუქტის ინტეგრაციის მიმართულების დირექტორი.

რეკლამის დამკვეთების ვინაობის შემოწმებას, კომპანიაში, ეტაპობრივად, აშშ-დან დაიწყებენ და ნელ-ნელა მოიცავენ მთელს მსოფლიოს. ამისთვის, როგორც ამბობენ, „რამდენიმე წელი“ დასჭირდებათ. მათ კი, ვისაც Google-ს პლატფორმებზე უკვე განთავსებული აქვს რეკლამა, ვერიფიკაციის პროცესისთვის, 30 დღეს მისცემენ.

2020 წლის ზაფხულიდან კი, მომხმარებელი შეძლებს „დაკლიკოს“ ღილაკზე „რატომ ეს რეკლამა?“ და გაიგოს დამკვეთის ვინაობა და ის ქვეყანა, საიდანაც რეკლამა განთავსდა.

Google-ში ამბობენ, რომ ამით დეზინფორმაციის გავრცელებას შეუშლიან ხელს, რაც განსაკუთრებით პრობლემატური აღმოჩნდა COVID-19 თან დაკავშირებით – კომპანიები ცდილობდნენ, პანდემიის საშუალებით სხვადასხვა სარგებელი ენახათ.

ირაკლი ბასკი ასათიანი

ბასკი ასათიანის Miami Ad School-ის ნამუშევარი Webby Awards-ზე პირველობისთვის იბრძვის!

„5 წელიწადში პერსონალური ბრენდი თუ არ გექნება, შენთან აღარავინ ითანამშრომლებს!“ – ნიკოლას კოული