AI არის ტექნოლოგია, რომელზეც დღეს ყველაზე მეტს მუშაობენ და ეს არც უსაფუძვლოა — ეხმარება ექიმებს, დაადგინონ დაავადებები ადრეულ ეტაპზე, საშუალებას აძლევს ადამიანებს, ჰქონდეთ წვდომა ინფორმაციებზე მათთვის სასურველ ენაზე, ეხმარება ბიზნესებსა და საზოგადოებას დაინახონ თავიანთი პოტენციალი… სწორედ ამიტომ გახდა Google 6 წლის წინ AI-ზე ორიენტირებული კომპანია, ფიქრობენ, რომ ეს საუკეთესო გზაა მათივე მისიის მისაღწევად: შეაგროვონ მსოფლიოში არსებული ინფორმაციები და უნივერსალურად ხელმისაწვდომი თუ გამოსადეგი გახადონ იგი. ამას მოჰყვა Google AI და DeepMind, ახლა კი წარმოგიდგენთ Bard-ს.
რა არის Bard?
ამ ტექნოლოგიებზე მუშაობა საკმაოდ საინტერესოა, რადგან სიღრმისეული კვლევები და მიგნებები რეალურ პროდუქტებად გარდაიქმნება, რომლებიც ნამდვილად ეხმარება ადამიანებს. ასე, მაგალითად, 2 წლის წინ ენობრივი მოდელი LaMDA-ც წარმოგვიდგინეს. შემდგომ კი ექსპერიმენტულ სასაუბრო AI მომსახურებაზე დაიწყეს მუშაობა, რომელიც სწორედ LaMDA-ს ეფუძნება, ჩვენ კი Bard-ის სახელით გვაცნობენ. ხოლო ახლა, დიდ ნაბიჯს დგამენ იმისათვის, რომ იგი ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი მომდევნო კვირებში გახდეს.
Bard მსოფლიოში არსებული ცოდნის ენობრივი მოდელების ძალასთან, ინტელექტთან და კრეატიულობასთან გაერთიანებას გეგმავს. ინფორმაციებს ვებიდან იღებს, რათა მაღალი ხარისხის პასუხები უზრუნველყოს. ეს შეიძლება იყოს სივრცე კრეატიულობისა და ცნობისმოყვარეობისთვის, რაც დაგეხმარებათ, თუნდაც, აუხსნათ ჯეიმს ვების მიღწევები 9 წლის ბავშვს.
თავდაპირველად მას LaMDA-ს მსუბუქი ვერსიით გამოუშვებენ, რომელიც ბევრად ნაკლებ გამოთვლით ძალას მოითხოვს. იგი საშუალებას აძლევს მის მფლობელებს, რაც შეიძლება მეტ მომხმარებელზე გავიდნენ და უკუკავშირიც მიიღონ. ასე Bard-ის ხარისხის გაუმჯობესებასაც აპირებენ.
რაში გვეხმარება AI ყოველდღიურად?
Google-ის AI-ის გამოყენების ხანგრძლივი ისტორიაც აქვს, სადაც მუდმივად ცდილობდა მილიარდობით ადამიანისთვის ძიების გამოცდილება გაეუმჯობესებინა. მაგალითად, BERT მათი პირველი ტრანსფორმაციული მოდელია და იგი რევოლუციურიც კი იყო ადამიანთა ენის გაგებაში. 2 წლის წინ MUM-იც გაგვაცნეს, რომელიც BERT-ზე 1000-ჯერ ძლიერია და ინფორმაციის გააზრების სულ სხვა დონეზე გადავყავართ, ვიდეოებიც კი შეუძლია გააანალიზოს და კრიტიკული ინფორმაცია მოგვაწოდოს, კრიზისის დროს მხარდაჭერის ჩათვლით, მრავალ ენაზე.
ახლა კი უახლესი AI ტექნოლოგიები, როგორებიცაა LaMDA, PalM, Imagen და MusicLM სწორედ ამას ეფუძნება და ინფორმაციების მიღების სრულიად ახალ გზებს ქმნის — დაწყებული ენიდან, დამთავრებული სურათებით, ვიდეოებითა და აუდიოთი.
ერთ-ერთ ყველაზე ამაღელვებელ შესაძლებლობად კი შეგვიძლია ჩავთვალოთ ის, თუ როგორ აუმჯობესებს AI ინფორმაციების გაანალიზების პროცესს და აქცევს მას უფრო გამოსადეგ ცოდნად. როცა ადამიანები Google-ზე ფიქრობენ, სწრაფ ფაქტობრივ პასუხებს მოიაზრებენ, მაგალითად, კითხვაზე: „რამდენი კლავიში აქვს ფორტეპიანოს?“ მაგრამ უფრო მეტად მომხმარებლები გუგლში სიღრმისეულ ინფორმაციებს ეძებენ – „პიანინოზე ან გიტარაზე დაკვრის სწავლა მარტივია? და რა პრაქტიკა სჭირდება თითოეულს?“ ამ საკითხის გარკვევას, შესაძლოა, ბევრი ძალისხმევა დასჭირდეს, ადამიანებს კი სურთ, არსებული აზრები და პერსპექტივები გამოიკვლიონ.
AI აქ ძალიან გვეხმარება, გვაწვდის ინფორმაციებს იმ კითხვებზე, რომლებზეც სწორი პასუხი არ არსებობს. მალე ძებნისას AI ფუნქციებსაც კი ნახავთ, რომლებიც კომპლექსურ ინფორმაციებს ბევრად მარტივ ფორმებში გვაჩვენებს, რითაც დიდი სურათის სწრაფად გააზრებას მარტივად შეძლებთ და მეტსაც შეიტყობთ ვებიდან: იქნება ეს იმ ადამიანთა ბლოგები, რომლებმაც პიანინოსა და გიტარაზე დაკვრა იციან, უფრო სიღრმისეულად სწავლობენ ამ საკითხს თუ გეხმარებათ საწყისი ნაბიჯები გადადგათ… როგორც ამბობენ, Google Search-ში ამას მალე ვიხილავთ.
საინტერესოა ისიც, რომ Google მხოლოდ ხელოვნური ინტელექტის მოდელებს კი არ გვთავაზობს, არამედ სრულ პასუხისმგებლობასაც იღებს მის სამართლიანად მუშაობაზე. ამგვარად, 2018 წელს გუგლი ერთ-ერთი პირველი კომპანია იყო მათ შორის, ვინც AI Principles გამოაქვეყნა. ისინი მუდმივად ცდილობენ, განავითარონ არსებული სტანდარტები და ხელოვნური ინტელექტი რაც შეიძლება უსაფრთხო და გამოსადეგი გახადონ.