როგორც ჩანს, Google-მა იმის დამტკიცება გადაწყვიტა, რომ მას AI ეპოქაშიც კი შეუძლია საძიებო სისტემების ლიდერობა. ამას კი უკვე არა მხოლოდ ერთი მარტივი საძიებო ველით, არამედ ორი დამოუკიდებელი AI გამოცდილებით აპირებენ…
პირველი კლასიკური საძიებო ველი იქნება, სადაც მომხმარებლებს ლინკზე გადასვლა აღარ მოუწევთ, რადგან ხელოვნური ინტელექტი პასუხებს არსებული წყაროებიდან შეაჯამებს და ისე წარუდგენს მათ. მეტიც, უახლეს AI მოდელებს პროდუქტების შედარება და შოპინგის გვერდების ჩვენებაც შეუძლია. თუმცა უსაფრთხოების საკითხების გამო ეს არ ეხება ახალ ამბებს, რადგან Google ყოველ პასუხს, რომელსაც AI შემოგთავაზებთ, ორჯერ ამოწმებს.
მეორე გამოცდილება კი, რაღა თქმა უნდა, Bard-ია, რომელიც სისტემასთან უფრო მეტი საუბრის საშუალებას გაძლევთ. იგი თქვენთვის სკრიპტებს დააგენერირებს, სახელებს დაარქმევს ატვირთულ სურათებს და მათ ინტეგრირებასაც კი მოახერხებს არჩეულ მესამე მხარის AI ხელსაწყოებში.
მოკლედ რომ ვთქვათ, ისინი გვპირდებიან, რომ Google AI ძიებას ზუსტად იმ გზით მიუახლოვდება, რა გზითაც „დაგუგლვა“ გამორჩეულად აქციეს… მათ არ სურთ, რომ ძიების პასუხები დამაჯერებელი, მაგრამ არასწორი იყოს. ამ მიზეზით იმპროვიზაციაზეც უარს ამბობენ, რის გამოც ტექსტის სახით მიღებული პასუხები Google-ში უფრო მშრალი და ფაქტობრივი სტილის იქნება.
ამ გამოცდილებაში ჩართვა კი Google Labs-ის მეშვეობით ამერიკელებს უკვე ამ თვიდან შეეძლებათ, თუმცა კომპანიაში ჯერ არ აცხადებენ, როდის იქნება იგი სხვა ქვეყნებისთვისაც ხელმისაწვდომი…












