in

Google-ის ახალი AI ხელსაწყო ზარებს თქვენ მაგივრად განახორციელებს

სოციალური შფოთვის მქონე თაობა ზეტის წარმომადგენლებს შეუძლიათ, ამოისუნთქონ — Google-ის ახალი AI საძიებო ფუნქცია სატელეფონო ზარებს მათ მაგივრად განახორციელებს! ახლად გამოშვებული ხელსაწყო იმისთვისაა, რომ მომხმარებლებს მომსახურების მიმდინარე ფასებისა და ადგილობრივი ბიზნესების სერვისების გაგებაში დაეხმაროს. ასე კი გუგლს სურს, AI აგენტების როლიც დაგვანახვოს ყოველდღიური საქმეების გამარტივებაში.

მართალია, გვეუბნებიან, რომ ხელსაწყო ყველა მომხმარებლისთვის ჩაეშვა, მაგრამ გუგლში ფიქრობენ, რომ განსაკუთრებით სასარგებლო თაობა ზეტის წარმომადგენლებისთვის იქნება. სწორედ იმიტომ, რომ მათ, სხვა თაობებთან შედარებით, ყველაზე მეტად უჭირთ მსგავსი ზარების განხორციელება — გასული წლის კვლევის თანახმად, 18-დან 34 წლამდე მქონე პირების მეოთხედი არასდროს პასუხობს ზარებს, ამ ფენომენს კი ტელეფობია ეწოდება. 

ახალ ხელსაწყოზე წვდომის მისაღებად, მომხმარებლებს შემდეგი საძიებო მოთხოვნის მსგავსი ფრაზები დასჭირდებათ: მითხარი ჩემ ირგვლივ არსებული სალონები ან ძაღლების გრუმერები. ამ ტიპის მოთხოვნების ქვევით გამოჩნდება შეტყობინება: Have AI check pricing. თუ დააკლიკებთ, მოკლე კითხვარის შევსება მოგიწევთ, რომელიც თქვენს საჭიროებებთან იქნება დაკავშირებული. მაგალითად თუ ძაღლის გრუმერი გჭირდებათ, დამატებითი კითხვები თქვენი შინაური ცხოველის ჯიშს, მომსახურების ტიპსა და სხვა მსგავს დეტალებს შეიძლება, შეეხებოდეს. 

მიღებული პასუხების მიხედვით კი AI რამდენიმე ყველაზე ხშირად შემოთავაზებულ ბიზნესთან ზარებს განახორციელებს და მომხმარებელს პასუხებს ელ.წერილის ან ტექსტური შეტყობინების საფუძველზე დაუბრუნებს. მართალია, კითხვარი გარკვეულ დროს მოითხოვს მომხმარებლისგან, მაგრამ, სამაგიეროდ, ისინი ზარების დამოუკიდებლად განხორციელების აუცილებლობისგან თავისუფლდებიან. მთლიან პროცესს კი 30 წუთი ან უფრო ნაკლები შეიძლება, დასჭირდეს, რაც სოციალური შფოთვის მქონე თაობისთვის მაინც იდეალური ვარიანტია. 

რაც შეეხება ბიზნესებს, მათთვის დღიური ლიმიტი დაწესდება იმისა, თუ რამდენჯერ შეიძლება დაუკავშირდნენ ერთ ბიზნესს დღის მანძილზე, ამასთან, თითოეულს ექნება შესაძლებლობა, უარი თქვას AI ზარებზე.

ამ ეტაპისთვის გუგლის AI დარეკვის ფუნქცია ადგილობრივი ბიზნესჯგუფების შეზღუდული რაოდენობისთვისაა ხელმისაწვდომი, რაც მოიცავს სილამაზისა და კეთილდღეობის, ავტომანქანის, შინაური ცხოველების მომსახურებისა და პროფესიონალურ სერვისებს. მომავალში კი აღნიშნული ჩამონათვალი გაიზრდება.

სოციალური დიზაინის დღეები – ახალი პლატფორმა ცვლილებაზე ორიენტირებული დიზაინისთვის

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა