Google-ის თქმით, ის, რასაც „დაგუგლვას“ ვუწოდებთ, თითქმის წარსულს ჩაბარდა… ეს ამბავი კი მას შემდეგ დაიწყო, რაც AI-ის მიერ გენერირებული პასუხები პოპულარული გახდა. ამგვარად, ახლა გუგლი ყველაზე მწვავე კონკურენციაშია ჩაბმული. ChatGPT და Perplexity ინფორმაციის მოძიების ალტერნატიულ რესურსს წარმოადგენს. დეველოპერთა კონფერენციაზე გამოცხადებული ხელსაწყოებით კი გუგლს სურს დაამტკიცოს, რომ მისი 30 წლის საძიებო ძრავა არც AI ეპოქაში დაკარგავს რელევანტურობას.
Google I/O-ზე ტექნოლოგიურმა გიგანტმა საკუთარი ხედვა წარადგინა ძიების მომავლის შესახებ, რომელშიც, როგორც ჩანს, მალე სულ ე. წ. ციფრულ აგენტებს შევხვდებით — მათ ინტერნეტში ძიება და კითხვებზე პასუხების გაცემა ადამიანების ირგვლივ არსებული გარემოს, მათი გემოვნებისა და პრეფერენციების შესაბამისად შეუძლიათ.
„მთელი ეს პროგრესი მანიშნებს, რომ AI პლატფორმად ჩამოყალიბების ახალ ფაზაში ვაბიჯებთ, სადაც ათწლეულების კვლევა ახლა ადამიანების, ბიზნესებისა და საზოგადოებების რეალობა ხდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით“, — განაცხადა სუნდარ პიჩაიმ, Google-ისა და Alphabet-ის CEO-მ კონფერენციაზე.
რით განსხვავდება AI Mode ტრადიციული საძიებო სისტემისგან?
ძირითადი განსხვავება AI Mode-სა და სტანდარტულ „დაგუგლვას“ შორის სწორედ ის გზაა, რომლითაც მიღებული მოთხოვნა მუშავდება. იმის ნაცვლად, რომ მთლიან კითხვას დააკვირდეს, AI Mode მოთხოვნას ქვეთემებად ყოფს და მათზე დაფუძნებით დამატებით ძიებებს ახორციელებს — მიზანი უფრო კონკრეტული პასუხის მიწოდებაა მომხმარებლისთვის. მეტად პერსონალიზებული პასუხებისთვის კი, გუგლის AI Mode ინდივიდის ძიების ისტორიას დაიმახსოვრებს და მომხმარებლებს მისი დაკავშირება გუგლის სხვა აპლიკაციებთან, მათ შორის Gmail-თანაც, შეეძლებათ.
გარდა კითხვების დამუშავებისა, AI Mode ძიების ორ სრულიად განსხვავებულ გზას შემოგვთავაზებს — ერთი მომხმარებელთა მაგივრად გაუმკლავდება ამოცანებს და მეორე ტელეფონის კამერით ირგვლივ არსებული გარემოს დაგუგლვის საშუალებას მისცემს.
აღსანიშნავია, რომ აქამდე AI Mode სატესტო რეჟიმში იყო გაშვებული, ახლა კი იგი ამერიკელი მომხმარებლებისთვის ხდება ხელმისაწვდომი. ამბობენ, რომ ეს AI Overviews-ისკენ გადადგმული ნაბიჯია, AI-ის მიერ გენერირებული პასუხებისკენ, რომელთაც მალე ყველა მომხმარებელი მიღებული შედეგების თავში იხილავს…
დაბოლოს, Google-ის სერვისების უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა ედი ქიუმ განაცხადა, რომ 2002 წლის შემდეგ პირველად აპრილში Safari-ით გუგლში ძიების მაჩვენებელი დავარდა. მიუხედავად იმისა, რომ გუგლმა აღნიშნული მოსაზრება უარყო და, პირიქით, ზრდაზე დაიწყო საუბარი, Gartner-ის ბაზრის კვლევის კომპანიაც გვეუბნება, რომ 2026 წლისთვის საძიებო ძრავებში ძიება 25%-ით დაიკლებს, რადგან ადამიანებს უკვე AI ხელსაწყოები იზიდავთ. ამგვარად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ AI Mode-ით გუგლი სწორედ აღნიშნულ სტატისტიკას პასუხობს და სურს, კონკურენტული უპირატესობაც შეინარჩუნოს.