Google ახალ ფუნქციას ნერგავს, რომელიც მომხმარებლებს აჩვენებს, შეიქმნა თუ არა რეკლამა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით.
AI ბიზნესებს რეკლამების შექმნას მნიშვნელოვნად უმარტივებს. კომპანიებს შეუძლიათ პროდუქცია სხვადასხვა გარემოში განათავსონ, შექმნან რეალისტური ვიზუალები და შეამცირონ პროფესიონალური ფოტოსესიების ხარჯები. თუმცა მომხმარებლისთვის ყოველთვის არ არის მარტივი იმის გარჩევა, ნამდვილ ფოტოს უყურებს თუ AI-ს მიერ გენერირებულ გამოსახულებას.
ზოგადად, Google-ის პოლიტიკა შეცდომაში შემყვან და ყალბ რეკლამებს კრძალავს, მაგრამ აქამდე AI-ს გამოყენების ნიშანი მხოლოდ საარჩევნო რეკლამებისთვის იყო სავალდებულო.
ახლა კომპანია ამ პრაქტიკას აფართოებს. ახალი ფუნქცია დაემატება My Ad Center-ს, პანელს, რომელზე წვდომაც მომხმარებლებს Google Search-ში, YouTube-სა და Google Discover-ში ნაჩვენებ რეკლამებზე, სამწერტილიანი მენიუს ან ინფორმაციის ღილაკის საშუალებით ექნებათ.
My Ad Center უკვე საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, დაბლოკონ ან დაარეპორტონ რეკლამები, გაიგონ მეტი რეკლამის განმთავსებლის შესახებ და ნახონ, რატომ გამოუჩნდათ კონკრეტული რეკლამა. განახლების შემდეგ აქ გამოჩნდება დამატებითი განყოფილება “How this ad was made” (როგორ შეიქმნა ეს რეკლამა), სადაც მითითებული იქნება, შეიქმნა თუ დამუშავდა რეკლამა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით.
Google-ის განცხადებით, თუ რეკლამის შესაქმნელად მისი გენერაციული AI-ინსტრუმენტები გამოიყენება, შესაბამისი აღნიშვნა ავტომატურად დაემატება.
თუმცა, თუ რეკლამა სხვა პლატფორმაზე ან სხვა AI-ინსტრუმენტით შეიქმნა, ინფორმაციის მითითება თავად რეკლამის განმთავსებელს მოუწევს. Google დამოუკიდებლად არ შეამოწმებს, იყო თუ არა რეკლამის შექმნის პროცესში გამოყენებული ხელოვნური ინტელექტი.












